"ბარსელონას" პრეზიდენტმა ჟოზეპ ბარტომეუმ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "ბაიერნთან" სამარცხვინოდ წაგების (2:8) შემდეგ განაცხადა, რომ ზოგიერთი გადაწყვეტილება მიღებულია, ზოგიერთს მიიღებენ და ყველაფერს მალე გამოაცხადებენ.
მან მწვრთნელის, კიკე სეტიენის გადაყენება დაადასტურა და შეიძლება სამუშაოდან სპორტული დირექტორი ერიკ აბიდალი და გენერალური დირექტორი ოსკარ გრაუც დაითხოვოს.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბარსა" 17 ფეხბურთელს და მათ შორის, ჟორდი ალბას, სერხიო ბუსკეტსსა და ლუისს სუარესს დაემშვიდობება და გუნდიდან ანსუ ფატისა
და რიკი პუჩის გაშვებაც არ არის გამორიცხული, ხელშეუხებელნი კი მხოლოდ ლეო მესი, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, კლემან ლანგლე და ფრენკი დე იონგი არიან.
მესის მიერ გუნდიდან შესაძლო წასვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ დადასტურდა.
"ბარსელონა" მოლაპარაკებას აწარმოებდა დროებით უმუშევარ მწვრთნელ მაურისიო პოჩეტინოსთან, მაგრამ მან ძალიან მაღალი ხელფასი მოითხოვა და მხარეები ვერ შეთანხმდნენ.
სამაგიეროდ, დადასტურდა ცნობა, რომ ნიდერლანდების ნაკრების თავკაცი რონალდ კუმანი თანახმაა "ბარსელონა" ჩაიბაროს და "მარკას" ჟურნალისტმა მას სურათი კატალონიის დედაქალაქის აეროპორტში გადაუღო.
ის "ბარსას" ღირსებას 1989-95 წლებში იცავდა, მის რიგებში 191 მატჩში 67 გოლი გაიტანა, 1998-2000 წლებში ამავე გუნდში მწვრთნელის თანაშემწედ მუშაობდა, ამჟამად კი ნიდერლანდების ნაკრებს უდგას სათავეში.
2019 წელს ნიდერლანდების ფეხბურთის კავშირთან კონტრაქტის გაფორმებისას მან სპეციალურად შეატანინა პუნქტი, რომლის მიხედვით, თუ "ბარსელონა" მიიწვევს, შეუძლია პოსტი ევროპირველობის შემდეგ დატოვოს.
თუმცა ევროპის ჩემპიონატი ერთი წლით გადაიდო და ალბათ, დღეს "ბარსას" ხელმძღვანელობასთან შეხვედრისას ყველა დეტალს განიხილავენ. მოკლედ, კუმანი თავისი დიდი ხნის ოცნების ასრულებასთან ძალიან ახლოსაა. დრო არ ითმენს, გუნდი ახალი სეზონისთვის სამზადისს 2 კვირაში უნდა შეუდგეს და იქამდე მწვრთნელის საკითხი მოსაგვარებელია.