30 ოქტომბერს სერხიო აგუეროს გულთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა, რის გამოც გამოაცხადა, რომ კარიერას დაასრულებდა...
33 წლის ფეხბურთელმა ევროპაში მადრიდის "ატლეტიკოს", "მანჩესტერ სიტისა" და "ბარსელონას" მაისური მოირგო, ჯამში კი კარიერაში 666 საკლუბო შეხვედრა გამართა, თავი 379 გოლითა და 146 ასისტით გამოიჩინა. რაც შეეხება "ალბისელესტეს" ნაკრებს, "კუნმა" მეტოქის კარი 41-ჯერ აიღო, 19 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა.
"მინდა გაცნობოთ, რომ დიდი ფეხბურთიდან მივდივარ. ეს ძალიან, ძალიან მძიმე გადაწყვეტილებაა" - განაცხადა თვალცრემლიანმა სერხიომ.
"პირველ რიგში, ეს გადაწყვეტილება ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობას უკავშირდება. ალბათ, გახსოვთ ის პრობლემა,
რომელიც რამდენიმე თვის წინ შემექმნა. კარგი ექიმების ხელში ვიყავი, პირდაპირ მითხრეს, რომ ვეღარ შევძლებდი სპორტში აქტიურად ყოფნას... უკან დასაბრუნებლად ყველაფერი გავაკეთე, თუმცა იმედსაც კი არ მაძლევდნენ. ჩემი კარიერით უბედნიერესი ვარ.
5 წლის ასაკში ვოცნებობდი, რომ დიდი ფეხბურთი მეთამაშა, ევროპაში წარმატებულ ასპარეზობას კი ყველაზე ტკბილ სიზმარშიც კი ვერ წარმოვიდგენდი. მინდა მადლობა გადავუხადო გუნდებს, სადაც გამოვდიოდი. თქვენ იცით, მე საუკეთესო გავიღე.
"ინდეპენდიენტე", "ატლეტიკო" და "სიტი"... დაბოლოს, "ბარსელონა". ვიცოდი, როდესაც ესპანეთში გადასვლის გადაწყვეტილება მივიღე, რომ მოვდიოდი მსოფლიოს საუკეთესო გუნდში, თუმცა ყველაფერი გარკვეული მიზეზებისდა გამო მოხდა. რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებს, ის ყველაზე მეტად მიყვარს" - განაცხადა "კამპ ნოუზე" გამართულ პრესკონფერენციაზე სერხიომ.
მომზადებულია Marca-ს მიხედვით