ევროპალიგა. ფინალი: პირველად ფრანგული თუ მესამედ "ატლეტიკო"?

AutoSharing Option
ევროთასების წლის პირველი ფინალი კარს მოგვადგა. დღეს ლიონში ევროპალიგის გამარჯვებულის ვინაობას გავიგებთ. ლიონის "პარკ ოლიმპიკზე" მარსელის "ოლიმპიკი" შეეცდება საფრანგეთისთვის ევროტიტულის მოგებას. მეტოქე მადრიდის "ატლეტიკოა".

25 წელიწადი გავიდა მას მერე, რაც "მარსელმა" ევროტიტული მოიგო და ახლა რუდი გარსიას გუნდს შეუძლია გახდეს პირველი ფრანგული კლუბი, რომელიც ამ ტურნირს მოიგებს. არადა, შეჯიბრება უკვე 47-ედ იმართება და მასში "მარსელის" მეტოქე "ატლეტიკოს" ორჯერ გაუმარჯვია - 2010 და 2012 წლებში.

ნომინალურ მასპინძლებს ცენტრალური მცველი როლანდო, დიდი ალბათობით, ფინალში ვერ დაეხმარება. ასე რომ, "მარსელის" დაცვის ცენტრში ლუის
გუსტავო ადილ რამის შეუწყვილდება. კოსტას მიტროღლუს თამაშიც ეჭვქვეშაა, მას ვალერი ჟერმენი შეცვლის.

"ატლეტიკოს" დისკვალიფიკაციამოხდილი სიმე ვრსალკო უბრუნდება, მაგრამ სიმეონე აქცენტს, ალბათ, გამოცდილ ხუანფრანზე გააკეთებს. ისევე, როგორც მარცხენა ფლანგზე ფილიპე ლუიშს დააყენებს და არა ლუკა ერნანდესს. ხოსე ხიმენესი და ვიტოლო განაცხადში მოხვდნენ, მაგრამ მათი თამაში საეჭვოა.

რუდი გარსია ("მარსელის" მწვრთნელი): "ჩვენ საკმაოდ მცირე შანსი გვაქვს, მაგრამ მოგებისთვის ყველაფერს გავიღებთ. "ატლეტიკოს" წინააღმდეგ თამაში ჩვენთვის უდიდესი გამოცდაა. ეს ის კლუბია, რომელმაც ბოლო 4 სეზონში ორჯერ ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ფინალში; კლუბი, რომელმაც ართუ დიდი ხნის წინათ მოიგო ევროპალიგა.

მაგრამ ფინალი შინ, საფრანგეთშია. ეს ფანტასტიკური შესაძლებლობაა ტიტულის მოგებისთვის. ბრწყინვალე იქნება, თუ ჩვენ გავხდებით პირველი ფრანგული კლუბი, რომელიც ამ ევროთასს მოიგებს".

დიეგო სიმეონე ("ატლეტიკოს" მწვრთნელი): "ყველაფერი მზად არის და ჩვენ დიდი ფინალი გველის. მეტოქე პროგრესირებს. მათ ისეთი მწვრთნელი ჰყავთ, რომელსაც მუდამ ახალი იდეები შემოაქვს ფეხბურთში. მარსელი ძალიან სახიფათოა, ის ძლიერია ნახევარდაცვასა და შეტევაში. ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ, დაძაბული მატჩი იქნება. როცა ლიგიდან გამოვვარდით, ყველა მიიჩნევდა, რომ ფინალამდე უნდა მიგვეღწია. და აი, ჩვენც აქ ვართ".

წინა უქმეებზე
ბოლო უქმეებზე "მარსელს" დიდი ბრძოლა გადახდა "გენგამთან", რომელიც მისთვის არასახარბიელო შედეგით დასრულდა, ლიგის საგზურისთვის მებრძოლი გუნდი 3:3 დაუზავდა მეტოქეს. გოლები ვალერი ჟერმენმა და ფლორიან ტოვენმა (2) გაიტანეს.

სიმეონეს გუნდს მადრიდული დერბი ჰქონდა "ხეტაფესთან". კოკეს გოლით დაწინაურებულ გუნდს იან ობლაკმა უშველა, რომელმაც პენალტი მოიგერია - 1:0.

ფაქტები
  • ურთიერთშეხვედრები: 2 მატჩი: 1 ფრე, 1 მოიგო "ატლეტიკომ", ბურთები 1:2.
  • ევროპალიგა (უეფას თასი) ფრანგულ კლუბს არასოდეს მოუგია.
  • 25 წელია მას მერე, რაც "მარსელმა" ევროთასი მოიგო.
  • "ატლეტიკომ" 2010 და 2012 წლებში მოიგო ევროპალიგა.
  • ანტუან გრიზმანი ლიონიდან 65 კილომეტრში, მაკონშია დაბადებული, მაგრამ მას პროფესიული ფეხბურთი საფრანგეთში არასოდეს უთამაშია.
  • "ატლეტიკო" ევროთასების ფინალს ისტორიაში მეორედ თამაშობს ლიონში. პირველი იყო 1986 წლის ევროპის თასების მფლობელთა თასის ფინალი - 0:3 კიევის "დინამოსთან".
  • "მარსელმა" ამ სეზონში ევროთასზე შინ 9-დან 8 მატჩი მოიგო, მაგრამ "ველოდრომის" გარეთ ძალიან უჭირს - 9-დან 1 მოგება.

ოთხშაბათი, 16 მაისი
მარსელი-ატლეტიკო 22:45

სავარაუდო შემადგენლობები

მარსელი (4-2-3-1): პელე - სარი, რამი, ლუის გუსტავო, ამავი - მ. ლოპესი, სანსონი - ტოვენი, პაიე, ოკამპოსი - ჟერმენი

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ხუანფრანი, სავიჩი, გოდინი, ფილიპე ლუიში - ანხელ კორეა, გაბი, საულ ნიგესი, კოკე - დიეგო კოშტა, გრიზმანი

საეჭვოა: როლანდო, მიტროღლუ - ხ. ხიმენესი, ვიტოლო
მსაჯი: ბ. კუიპერსი (ჰოლანდია)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 1 /
ფრანგებისტვის დიდი მიღწევა იყო ფინალში ხელოვნურად რო გაიყვანეს, შედეგმაც არ დააყოვნა
pele
11:54 17-05-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული