ევროპა ლიგა. 1/2-ფინალები. I მატჩების წინ: ემერი ნაცნობ გზაზე და ბრძოლა ფრანკფურტში

AutoSharing Option
დღეს, 2 მაისს უეფას ევროპა ლიგის 2 ნახევარფინალი გაიმართება. ერთი მატჩი ლონდონში იქნება, სადაც "არსენალი" "ვალენსიას" უმასპინძლებს, მეორე კი - ფრანკფურტში, სადაც "ჩელსი" ადგილობრივ "აინტრახტთან" სათამაშოდ ჩავა.

"აინტრახტი" - "ჩელსი"

  • "აინტრახტს" ევროპა ლიგაზე სახლში 11 თამაშია არ წაუგია;
  • "ჩელსიმ" ევროპა ლიგის მიმდინარე სეზონში 12 მატჩიდან 11 მოიგო და ერთხელ ითამაშა ფრედ;
  • "აინტრახტს" ინგლისურ კლუბებთან პლეი-ოფის შეხვედრებში სამიდან სამი მარცხი აქვს.

ფრანკფურტის "აინტრახტი" 1980 წლის შემდეგ პირველად გავიდა ევროპა ლიგის ნახევარფინალში. ფრანკფურტელებს აქვთ შანსი, რომ შარშანდელის მსგავსად, არც წელს დარჩნენ უტიტულოდ.

გასულ სეზონში მათ
გერმანიის თასი მოიგეს და ამ გამარჯვებამ მათ ევროპა ლიგაზე თამაშის უფლება მისცა. "არწივებმა" უკანასკნელ 5 მატჩში მხოლოდ 1 გამარჯვება მოიპოვა. სებასტიან ალერს ტრავმა აქვს, ანტე რებიჩის თამაში კითხვის ნიშნის ქვეშაა. ასე რომ, ალი ჰიუტერის გუნდს ორი მნიშვნელოვანი შემტევი ფეხბურთელი დააკლდება. თუმცა, მაინც შესაძლებელია, რომ თუ თავიანთი ფეხბურთის თამაშს შეძლებენ, "ჩელსის" ბევრი პრობლემა შეუქმნან.

მატჩის წინ კომენტარები გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა გააკეთეს. ფრნაკფურტელთა მწვრთნელი ალი ჰიუტერი მოტივირებული ჩანდა:

"დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ამ თამაშიდან სიამოვნება მივიღოთ. ჩვენ ნახევარფინალში დიდი კლუბის წინააღმდეგ გვიწევს თამაში. ეს რაღაც განსაკუთრებულია. ფანები ყოველთვის მე-12 მოთამაშე იყვნენ ჩვენთვის. მნიშვნელოვანია, რომ ნაპერწკალი მათგან მივიღოთ.

ჩვენ დიდი და რთული გზა გამოვიარეთ ნახევარფინალამდე და გულშემატკივრების მხარდაჭერა გასაოცარი იყო. ჩვენ ვიცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანი თამაშია კლუბისთვის და ამიტომაც ვართ ასეთი ბედნიერები".

მაურისიო სარი თავშეკავებული იყო და "აინტრახტის" მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა:

"მე დიდ პატივს ვცემ "ფრანკფურტს". ისინი დიდ გუნდებს ეთამაშნენ და ძალიან დინამიკურ, ინტენსიურ ფეხბურთს თამაშობენ. ფიზიკურადაც კარგად არიან მომზადებულები. ამით ჩვენს წინა მეტოქეს - პრაღის "სლავიას" ჰგვანან, თუმცა უფრო მაღალი კლასის მოთამაშეები ჰყავთ. განსაკუთრებით კარგები შეტევაში არიან. ჩვენთვის რთული იქნება ფინალში გასვლა".

"არსენალი" - "ვალენსია"

  • უნაი ემერი დაუპირისპირდება გუნდს, რომელსაც 4 წლის (2008-12) განმავლობაში წვრთნიდა;
  • "არსენალი" ზედიზედ გავიდა ევროპა ლიგის ნახევარფინალში;
  • "არსენალს" "ვალენსიას" წინააღმდეგ 5 მატჩიდან მხოლოდ 1 მოგება აქვს (1 ფრე, 3 წაგება);
  • შკოდრან მუსტაფი, ფრანსის კოკელინი და გაბრიელი თავიანთი ყოფილი კლუბის წინააღმდეგ ითამაშებენ;
  • აარონ რემზის ბარძაყის კუნთი დაუზიანდა და მისთვის სეზონი დასრულდა.

პრემიერლიგაში ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "არსენალისთვის" კარგი უნდა იყოს იმ სივრცეში დაბრუნება, სადაც თავს კარგად გრძნობს და შესანიშნავად ითამაშა "ნაპოლის" წინააღმდეგ.

მიუხედავად იმისა, რომ რემზიმ ტრავმა მიიღო, შემტევი პოტენციალი "არსენალს" არ დაუკარგავს. "ნაპოლისთან" გამართული შეხვედრების მსგავსად, უნაი ემერი თავდასხმაში ლაკაზეტი-ობამეიანგის წყვილის დაყენებას აპირებს და ვნახოთ, თუ გაამართლებს ეს ტაქტიკა ისე, როგორც ამან იტალიური კლუბის წინააღმდეგ იმუშავა.

უნაი ემერის, რომლის სახელსაც ხშირად ეძახიან ევროპა ლიგას მეტსახელად (უნაი ემერის ლიგა), წინასამატჩო პრესკონფერენციისას არ ეტყობოდა, რომ ეს ტურნირი სამჯერ აქვს მოგებული:

"ამ შეჯიბრში დიდი მოტივაცია და ამბიცია მაქვს. ეს ნახევარფინალია და წინ რთული თამაში იქნება. სეზონის წინ ვიცოდით, რომ საკმაოდ ძნელი იქნებოდა პრემიერლიგის ოთხეულში მოხვედრა. განვაგრძობთ ცდას ისე, რომ არ ვუყურებთ ცხრილს, რადგან ევროპა ლიგა დიდ მოტივაციას გვაძლევს".

"ვალენსიას" მთავარი მწვრთნელი მარსელინიო მეტად ფრთხილი გახლდათ ამ მატჩის წინ:

"ჩვენი განხილვის საგანი იყო "არსენალის" მატჩები "ნაპოლის" წინააღმდეგ. მათ არ დაუშვიათ შეცდომები. ჩვენ დიდ გუნდს ვეთამაშებით, ძალიან ძლიერს და მათსავე მოედანზე. ძალიან, ძალიან რთული იქნება... და იმედია, მათთვისაც. ველოდები ძალიან რთულ თამაშს იმ გუნდთან, რომელსაც არც სისწრაფე, არც ნიჭი და არც სხვა სათამაშო კომპონენტი არ აკლია. თავი უნდა ავარიდოთ საკუთარ ნახევარზე ბურთის დაკარგვას".

ორივე მატჩი დღეს, 2 მაისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული