2 დღის წინ, 29 მაისს ბაქოში ევროპა ლიგის ფინალი გაიმართა, სადაც "ჩელსიმ" "არსენალი" 4:1 დაამარცხა.
გამარჯვებას ფეხბურთელები, როგორც მოედანზე, ისე გასახდელში აღნიშნავდნენ. აღნიშვნა ლუდისა და სიმღერის თანხლებით მიმდინარეობდა.
სწორედ გასახდელში "ჩელსის" ფეხბურთელებმა გადაწყვიტეს, ემღერათ "გამარჯვებულთა სიმღერა". როგორც წესი, გამარჯვებულები ბრიტანული როკ-ჯგუფის, QUEEN-ის ცნობილ სიმღერას, We are the champions-ს მღერიან. "ჩელსის" ფეხბურთელებმაც იგივე კომპოზიციის შესრულება გადაწყვიტეს.
"ლურჯების" არგენტინელმა ფორვარდმა გონსალო იგუაინმა გადაწყვიტა, აღნიშვნისა და სიმღერის პროცესი თავისი "ინსტაგრამფოლოუერებისთვის" გაეზიარებინა და პირდაპირ გასახდელიდან ჩაერთო.
"პიპიტამ" ეს არ იკმარა და თანაგუნდელებს სიმღერაში აჰყვა, რაც საკმაოდ სახალისოდ გამოუვიდა. როგორც ჩანს, არგენტინელმა აღნიშნული სიმღერის ტექსტი კარგად არ იცის, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მისთვის.
ესპანურმა გამოცემა "მარკამ" ამ შესრულებას ისტორიაში ყველაზე ცუდი უწოდა.