უნდა წაიკითხოთ - პეტკოვიჩმა შვეიცარიელებს იტალიასთან მატჩის შემდეგ ღია წერილით მიმართა...

AutoSharing Option
შვეიცარიის ნაკრებმა სასწაული მოახდინა: მე-80 წუთისთვის ევროპის ჩემპიონატის 1/8-ფინალში საფრანგეთთან 1:3-ს აგებდა, თუმცა მეტოქე პენალტების სერიაში დაამარცხა. ამ ზღაპრის ერთ-ერთი მთავარი გმირი ვლადიმირ პეტკოვიჩი გახლავთ. მან მსოფლიო ჩემპიონების წინააღმდეგ სათამაშოდ გუნდი ღირსეულად მოამზადა, გუნდი შეცვლებით გააძლიერა (გავრანოვიჩმა გაიტანა, მბაბუმ საგოლე გადაცემა გააკეთა) და ახლა კი უდიდეს გამარჯვებას ზეიმობს.

Sportall.Ge

არადა, 12 დღით ადრე შვეიცარიელი ფანები პეტკოვიჩს მიწასთან ასწორებდნენ, რისი მიზეზიც უელსთან ფრე (1:1) და იტალიასთან უიმედო წაგება (0:3) იყო. მწვრთნელი არ დადუმებულა და საზოგადოებას გაზეთ CH Media-ს საშუალებით ღია წერილი გაუგზავნა.

აი, თარგმანიც:

"გვინდოდა თქვენთვის დიდებული საღამო გვეჩუქებინა, რათა ჩვენითა და ჩვენი შვეიცარიით გეამაყათ. პანდემიით გამოწვეული გრძელვადიანი გაურკვევლობების შემდეგ იტალიის წინააღმდეგ გამარჯვებით გვინდოდა თქვენი გახარება. ამ შეხვედრისთვის ძალიან დიდი ხანი ვემზადებოდით; შესაძლოა, ზედმეტადაც...

შედეგად კი მხოლოდ იმედგაცრუება დაგვრჩა... იმედგაცრუება თქვენთვის, ჩვენთვის და იმ 4000 შვეიცარიელისთვის, რომლებიც მხარს რომში გვიჭერდნენ...

ამის გამო ძალიან ვწუხვართ...

გუნდი 26 მაისის შემდეგ ერთად ცხოვრობს: საფეხბურთო მოედანი-სასტუმრო-სასაუზმე-საძინებელი. ყველა მოთამაშე ერთი მიზნის გარშემოა გაერთიანებული - თქვენთვის, ქვეყნისთვის გაიმარჯვოს; მოუგოს სხვა ნაკრებ გუნდებს; იბრძოლოს საუკეთესოებთან, ყოველი წუთისა და წამის დროს...

ჩვენს ნაკრებზე ბევრს ფიქრობთ, მისი პრობლემების შესახებ კითხულობთ და განგვიხილავთ. როგორც მწვრთნელი, მოთამაშეებთან ერთად დაკვირვების ობიექტი ვარ. ყოველთვის იმას ვერ ვაკეთებთ, რასაც ჩვენგან ელოდებით, თუმცა თქვენს მოთხოვნებთან შესაბამისობას ყოველთვის ვცდილობთ. სამწუხაროდ, ეს ყოველთვის არ გამოგვდის...

Sportall.Ge

ჩვენ დიდ ოჯახს ვგავართ... არის კონფლიქტები, ვიღაც შეიძლება განაწყენდეს, თუმცა პრობლემებს ერთად ვწყვეტთ, ერთმანეთს ვეხვევით და მომავლისკენ სვლას განვაგრძობთ.

მინდა დაგარწმუნოთ, ყოველ მატჩისთვის ზედმიწევნით, გულმოდგინეთ და მიზანმიმართულად ვემზადებით. ხვალ ახალი დღე იქნება.

იტალიასთან შეხვედრაში არ გამომივიდა გუნდისთვის ისეთი განწყობის შექმნა, რომ გამარჯვება მოგვეპოვებინა. თურქეთთან მატჩში კი პლეი-ოფში გასასვლელად კიდევ ერთი შანსი გვაქვს. გადამწყვეტ შეხვედრაში არა მხოლოდ ტაქტიკურად გამართულად უნდა ვითამაშოთ, არამედ ჩვენს ღირებულებებსა და მრწამსს უნდა მივყვეთ: სოლიდარობას, თვითიდენტიფიკაციას, სიხარულსა და პატივისცემას. ჩვენ ამას გავაკეთებთ.

იან ზომერი ჩვენთან გუშინ დაბრუნდა - ის გოგონას, სახელად ნაილის მამა გახდა. ეს მთელი გუნდისთვის ჯადოსნური მომენტია.

გახსოვდეთ: ფეხბურთელებსა და მწვრთნელებსაც აქვთ გრძნობები, შიშები და სიხარულის განცდები. თქვენსავით, ჩვენც უამრავი ნაკლი გვაქვს.

აი, სწორედ ამიტომ გვჭირდება თქვენი მხარდაჭერა გადამწყვეტი შეხვედრის წინ. გვჭირდება თქვენი სოლიდარობა. თქვენი პოზიტივი.

Sportall.Ge

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა კვირა საღამოს ყველა ბედნიერი ვიყოთ. რათა ერთად ვიამაყოთ ჩვენი ნაკრებითა და ჩვენი შვეიცარიით.

პატივისცემით,

თქვენი ვლადიმირ პეტკოვიჩი".

მკითხველის კომენტარები / 5 /
დათოს და დათოს მამას !!!
...ნეტავ არ ბოდიალებდეთ ან ერთი და ან მეორე!!!...
buba
17:41 30-06-2021
1
დათოს მამას-მამა შენ წარმოდგენა არ გაქ ფეხბურთის, მაგრამ როგორც მამა მიყვარხარ.
დათო
09:41 30-06-2021
1

სიახლეები პოპულარული