გერმანიის სუპერთასი: "რეკორდმაისტერის" მორიგი რეკორდი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გერმანიის სუპერთასის წინ ფავორიტად არა "ბაიერნი", არამედ "დორტმუნდი" მიიჩნეოდა. კარლო ანჩელოტის გუნდიდან განაცხადს მიღმა მანუელ ნოიერი, ჟერომ ბოატენგი, ტიაგო ალკანტარა, არიენ რობენი, ხუან ბერნატი და ხამეს როდრიგესი დარჩნენ. გარდა ამისა, კარიერა დაასრულეს ფილიპ ლამმა და ჩაბი ალონსომ, ხოლო დუგლას კოშტა "იუვენტუსში" გადავიდა. ასე რომ, სრულიად უჩვეულო "ბაიერნი" ვიხილეთ.

გარდა ამისა, ამ ზაფხულს გერმანიის ჩემპიონი ვერ ბრწყინავდა - საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე "ბაიერნმა" დიდი ანგარიშით წააგო "მილანთან" და "ინტერთან", "აუდის" თასზე კი ორივე მატჩში ისე დამარცხდა, რომ გოლი ვერ გაიტანა.

ამიტომაც დორტმუნდელები
ფავორიტები იყვნენ, მით უმეტეს, შინ თამაშობდნენ. "ბორუსია" პირველ მატჩს ატარებდა ახალი მთავარი მწვრთნელის, პეტერ ბოსის ხელმძღვანელობით, რომელმაც კლასიკური ჰოლანდიური სქემა აირჩია - 4-3-3. თავიდანვე გამოჩნდა, რომ ახალ "დორტმუნდთან" არ მოვიწყენთ.

მასპინძლები ორჯერ იგებდნენ პულიშიჩისა (მე-12 წუთი) და ობამეიანგის (71-ე წუთი) გოლების წყალობით, მაგრამ "ბაიერნმა" ორჯერვე გაათანაბრა. მე-18 წუთზე ლევანდოვსკიმ კიმიხის პასით გამოიჩინა თავი, 88-ე წუთზე კი მიუნხენელებმა გაიტანეს მეორე საპასუხო გოლი, რომლის ავტორობაზე სამი ვარიანტი იყო - კიმიხი, პიშჩეკი (ავტოგოლი) და ბიურკი (ავტოგოლი). საბოლოოდ, გოლი ბიურკის ჩაუთვალეს - 2:2.

აღსანიშნავია, რომ მიუნხენელთა ორივე გოლი ვიდეორეფერის დახმარებით ჩაითვალა.

"დორტმუნდი" პენალტების სერიაშიც იგებდა, მაგრამ, როდესაც მეოთხე დარტყმა ულრაიხმა მოიგერია, შემდეგ კი მეექვსე დარტყმა ბარტრამ გააფუჭა, "ბაიერნმა" სერია 5:4 მოიგო. ეს გუნდი მეექვსედ გახდა გერმანიის სუპერთასის მფლობელი, რაც აბსოლუტური რეკორდია. "რეკორდმაისტერი" აქამდე რეკორდს სწორედ დორტმუნდელებთან იყოფდა.

დორტმუნდი-ბაიერნი 2:2 პენ. 4:5
დორტმუნდი
: ბიურკი, პიშჩეკი, პაპასტატოპულოსი, ბარტრა, ზაგადუ (77. პასლაკი), კასტრო, შაჰინი, დაუდი (46. როდე), დემბელე, ობამეიანგი, პულიშიჩი (90. ფილიპი).
ბაიერნი: ულრაიხი, კიმიხი, ხავი მარტინესი (60. ზიულე), ჰუმელსი, რაფინია, ტოლისო (84. რენატო სანჩესი), რუდი, ვიდალი, მიულერი (67. კომანი), ლევანდოვსკი, რიბერი.
გოლები: 1:0 პულიშიჩი (12), 1:1 ლევანდოვსკი (18), 2:1 ობამეიანგი (71), 2:2 ბიურკი (88-საკ. კარში).
პენალტების სერია: 0:1 ლევანდოვსკი, 1:1 დემბელე, 1:2 რიბერი, 2:2 ფილიპი, 2:2 კიმიხი (მეკარე), 3:2 ობამეიანგი, 3:3 რუდი, 3:3 როდე (მეკარე), 3:4 ვიდალი, 4:4 კასტრო, 4:5 ზიულე, 4:5 ბარტრა (მეკარე).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული