ბუნდესლიგა. XIII ტურის წინ: რურის დერბის სურნელი

AutoSharing Option
რურის დერბი გერმანიაში განსაკუთრებული მოვლენაა. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ადგილი უჭირავთ სატურნირო ცხრილში მოწინააღმდეგეებს. ასე რომ, შაბათ საღამოს გვარიანი გერმანული გემრიელობა გველის - "შალკე" თავის მთავარ მტერს, "დორტმუნდს" ესტუმრება.

თუ ეს უკანასკნელი ცუდ ფორმაშია და ხშირად კოჭლობს, "შალკე" შესანიშნავად თამაშობს ბუნდესლიგაში და აგერ, მეორე ადგილზეც წამოსკუპდა. "დორტმუნდს" იმდენივე ქულა აქვს, რამდენიც მის "მოსისხლე" მტერს, მაგრამ ბურთების უკეთესი სხვაობის გამო ამჟამად მეორე ადგილი "ხუმარებს" უჭირავთ.

"დორტმუნდის" მთავარი მწვრთნელის, პიტერ ბოშის თავზე კი შავი ღრუბლები გროვდება.

ამბობენ, რომ თუ "შალკესთანაც" დაუცდა ფეხი,
არ არის გამორიცხული, მოხსნან კიდეც. თავად გუნდშიც არ არის იდეალური სიტუაცია. მაგალითად, ყველა ხედავს, რომ პიერ-ემერიკ ობამეიანგს აღარ უნდა "დორტმუნდში" თამაში. კლუბის ხელმძღვანელობამ უკვე დაიწყო მისი სავარაუდო შემცვლელების მოძიება. მათ შორის ერთ-ერთია არგენტინული "ბოკა ხუნიორსის" შემტევი დარიო ბენედეტო.

რაც შეეხება ლაზარეთს, ამ მხრივ "ტრადიცია" არ ირღვევა და "დორტმუნდს" კვლავ დიდი პრობლემები აქვს. წესით, ვერ უნდა ითამაშონ როისმა, დურმმა, პიშჩეკმა და როდემ. რაც შეეხება "შალკეს", აქ საეჭვოა გუნდის უდავო ლიდერის, ლეონ გორეტცკას მინდორზე გასვლა. იმედი დავიტოვოთ, რომ ის ითამაშებს. ამ შესანიშნავი ახალგაზრდა ფეხბურთელის გარეშე რურის დერბის ხიბლი მოაკლდება.

"ბაიერნი" "გლადბახს" რობენის, ალკანტარას, მიულერის, ნოიერისა და რიბერის გარეშე ესტუმრება. "რეკორდმაისტერი" უკვე გაიჭრა წინ საჩემპიონო მარულაში და ძნელად წარმოსადგენია, ეს უპირატესობა გაფლანგოს. რა თქმა უნდა, იუპ ჰაინკესის გუნდი ამ გასვლით შეხვედრაშიც აშკარა ფავორიტია.

მიუნხენელები კარგ ხასიათზე არიან. ჩემპიონთა ლიგაში გვარიანად კი გაუჭირდათ სტუმრად "ანდერლეხტის" ძლევა, მაგრამ საბოლოო ჯამში, ამის გაკეთება მაინც მოახერხეს. უნდა ითქვას ისიც, რომ ამ შეხვედრაში "ბაიერნმა" მისთვის უჩვეულოდ ბევრი შეცდომა დაუშვა.

ფაქტები
  • ბოლო 3 მატჩია, "ჰანოვერი" უგებს "შტუტგარტს".
  • "შალკესა" და "დორტმუნდს" შორის ბოლო 3 მატჩი ფრედ დასრულდა.
  • "აინტრახტსა" და "ლევერკუზენს" შორის ბოლო 5 შეხვედრაში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.
  • "ლაიპციგი" და "ვერდერი" სულ ოთხჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ოთხივე მატჩი უხვგოლიანი იყო.
  • 5 მატჩია, "გლადბახს" "ბაიერნი" არ დაუმარცხებია.
  • "ჰამბურგისა" და "ჰოფენჰაიმის" ბოლო 3 ურთიერთშეხვედრაში ორივემ გაიტანა.
გერმანია. ბუნდესლიგა. XIII ტური
პარასკევი, 24 ნოემბერი
ჰანოვერი-შტუტგარტი 23:30

შაბათი, 25 ნოემბერი
დორტმუნდი-შალკე 18:30
ლაიპციგი-ვერდერი 18:30
ფრაიბურგი-მაინცი 18:30
აინტრახტი-ლევერკუზენი 18:30
აუგსბურგი-ვოლფსბურგი 18:30
გლადბახი-ბაიერნი 21:30

კვირა, 26 ნოემბერი
ჰამბურგი-ჰოფენჰაიმი 18:30
კიოლნი-ჰერტა 21:00

ბომბარდირები: 13 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 10 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 7 - კევინ ფოლანდი (ლევერკუზენი), ტიმო ვერნერი (ლაიპციგი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული