ბუნდესლიგა. XV ტურის წინ: ხომ არ მოვიდა დრო?

AutoSharing Option
ლიდერი "ბაიერნი" რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის გარეშე ჩადის ფრანკფურტში, სადაც აშკარა ფავორიტია. ამის მიუხედავად, "რეკორდმაისტერს" მოდუნება არ გამოადგება. საქმე ისაა, რომ ფრანკფურტელები ბოლომდე ებრძვიან მეტოქეს და ისეც ხდება, რომ ფრეს გამოჰკრავენ ხოლმე ხელს. "ბაიერნს" ბერნატი, რობენი, ალკანტარა და ნოიერი არ ეყოლება.

"დორტმუნდის" ლაზარეთში, ტრადიციულად, იმდენი ფეხბურთელია, რომ მათ ჩამოთვლას აზრიც არ აქვს. უბრალოდ, ვთქვათ, რომ პეტერ ბოშის გუნდის ტრავმირებულებს ფილიპიც შეემატა. ალბათ, სწორედ ტრავმირებულთა სიმრავლეა დორტმუნდელთა ბოლოდროინდელი წარუმატებლობის ერთ-ერთი და არა ერთადერთი მიზეზი.

"ვერდერი" მრისხანე მეტოქე ვერ არის, მაგრამ ამ ფორმაციის
"დორტმუნდს" პრობლემები შეიძლება ნებისმიერმა გუნდმა შეუქმნას, მით უმეტეს, ბრემენელები თითქმის ოპტიმალური შემადგენლობით ითამაშებენ.

მეორე ადგილზე მყოფი "ლაიპციგი" საშინაო ასპარეზზე მიიღებს "მაინცს". ეს გუნდი გერმანიაში ბევრს არ უყვარს, მაგრამ ის მხოლოდ და მხოლოდ ქებას იმსახურებს. არცთუ ამოუწურავი რესურსის ფონზე, "ლაიპციგი" ორ ფრონტზე თამაშობდა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე.

რა თქმა უნდა, ამ მატჩში მასპინძელთა შანსები უფრო ძვირად ფასობს, რადგან მათ მხოლოდ ზაბიტცერი დააკლდებათ. დანარჩენები კი ჯანმრთელად არიან და გამარჯვებისათვის ემზადებიან.

კარგ ფეხბურთს ველოდებით "გლადბახისა" და "შალკეს" შეხვედრაში. ორივე გუნდი შეტევაზეა ორიენტირებული და გემრიელ ფეხბურთს თამაშობს. დანაკლისი მასპინძლებს უფრო აქვთ, ვიდრე სტუმრებს. "გლადბახს" ფეხბურთელთა მთელი ჯგუფი ჰყავს ტრავმირებული. წესით, ვერ უნდა ითამაშონ კრამერმა და შტორბლმა. საეჭვოა მინდორზე დუკურის, ჰერმანისა და ტრაორეს გასვლა. "შალკემ" კი უკვე იცის, როგორ ითამაშოს ალჟირელი საყრდენის, ნაბილ ბენტალების გარეშე.

პასუხგაუცემელი რჩება ბუნდესლიგის ლამის მთავარი კითხვა. საინტერესოა, როდის მოახერხებს "კიოლნი" მიმდინარე სეზონში პირველი შეხვედრის მოგებას. მართალია, გუნდი ევროპალიგაზე თამაშობდა და ორ ფრონტზე უწევდა ბრძოლა, მაგრამ ეს "თხებს" ნამდვილად არ ამართლებთ. "კიოლნს" არ ჰყავს ისეთი შემადგენლობა, ერთი კინკილა გამარჯვებაც კი სანატრელი რომ ჰქონდეს. ამ ტურში ეს გუნდი "ფრაიბურგს" მასპინძლობს.

ფაქტები

  • 12 მატჩია, "შტუტგარტს" "ლევერკუზენისთვის" არ მოუგია.
  • "დორტმუნდის" მონაწილეობით ბოლო 7 მატჩიდან 6-ში 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა.
  • "ლაიპციგმა" წინა სეზონში "მაინცს" ორივე მატჩი მოუგო.
  • "გლადბახსა" და "შალკეს" შორის ბოლო ოთხ ბუნდესლიგურ მატჩში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.

ბუნდესლიგა. XV ტური
პარასკევი, 8 დეკემბერი
შტუტგარტი-ლევერკუზენი 23:30

შაბათი, 9 დეკემბერი
დორტმუნდი-ვერდერი 18:30
აინტრახტი-ბაიერნი 18:30
ჰამბურგი-ვოლფსბურგი 18:30
ლაიპციგი-მაინცი 18:30
გლადბახი-შალკე 21:30

კვირა, 10 დეკემბერი
კიოლნი-ფრაიბურგი 16:30
ჰანოვერი-ჰოფენჰაიმი 18:30
აუგსბურგი-ჰერტა 21:00

ბომბარდირები: 14 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 11 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 9 - კევინ ფოლანდი (ლევერკუზენი); 8 - ალფრედ ფინბოგასონი (აუგსბურგი); 7 - მიხაელ გრეგორიჩი (აუგსბურგი), მარკ უტი (ჰოფენჰაიმი), ტიმო ვერნერი (ლაიპციგი).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული