ბუნდესლიგა. XXII ტურის წინ: სათავეში სიტუაცია დაიძაბა

AutoSharing Option
წინა ტურმა ბუნდესლიგის სათავეში სიტუაცია დაძაბა. "ბაიერნი" ახლა მხოლოდ 5 ქულით ჩამორჩება "დორტმუნდს", რომელმაც "ჰოფენჰაიმთან" ფაქტობრივად მოგებულ თამაშში (3:0) "მოახერხა" ქულების განიავება (3:3), ოთხშაბათს კი ჩემპიონთა ლიგაში 0:3 წააგო "ტოტენჰემთან".

აშკარაა, რომ ბუნდესლიგის ლიდერს დაცვაში ვერ აქვს საქმე კარგად, "ნიურნბერგი" კი, რომელსაც ლუსიენ ფავრის გუნდი ორშაბათს ესტუმრება, ძალიან გაჭირვებულია და თითოეული ქულისთვის გააფთრებით იბრძვის. არაფერზე მივანიშნებთ, თუმცა შეიძლება იმაზე ლაპარაკიც, რომ "დორტმუნდს" მცირე ჩავარდნა აქვს.

დავამატოთ ამას ისიც, რომ ტრავმირებულები არიან და ვერ ითამაშებენ მარკო როისი და მანუელ აკანჯი, ხოლო
პაკო ალკასერის, იულიან ვაიგლისა და ლუკაშ პიშჩეკის ჯანმრთელობა ეჭვქვეშაა.

"დორტმუნდი" (სავარაუდო): ბიურკი - პიშჩეკი, ვაიგლი, დიალო, ჰაკიმი - ვიტსელი, დელენი - სანჩო, ფილიპი, გერეირო - გიოტცე.

გასვლითი მატჩი აქვს "ბაიერნსაც" - "რეკორდმაისტერი" ბავარიულ დერბიში გერმანიის ერთ-ერთ უძველეს ქალაქ აუგსბურგს სტუმრობს. როგორც ჩანს, კვლავ არ იქნება კარში მანუელ ნოიერი, რომელმაც ცოტათი მაინც დაამშვიდა ფანები, რომ "ლივერპულისთვის" მზად იქნება, მანამდე კი როგორმე იან ულრაიხიც მიხედავს კარს.

გარდა ნოიერისა, ტრავმების გამო არ იქნებიან არიენ რობენი და კორენტენ ტოლისოც.

დაშავებულები ჰყავს "აუგსბურგსაც". გუნდის მწვრთნელი მანუელ ბაუმი განსაკუთრებით წუხს ალფერდ ფინბოგასონის გამო. ჯერაც არ არის გადაწყვეტილი, ითამაშებს თუ არა ისლანდიელი ბომბარდირი, რომელიც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა.

"ბაიერნი" (სავარაუდო): ულრაიხი - კიმიხი, ბოატენგი, ჰუმელსი, ალაბა - ტიაგო, გორეცკა - გნაბრი, ხამეს როდრიგესი, კომანი - ლევანდოვსკი.

გარდა ლიდერებისა, ტურში სხვა საინტერესო თამაშებიცაა, განსაკუთრებით - "აინტრახტისა" და "გლადბახის" დაპირისპირება. ეს გუნდები ოთხეულში მოსახვედრად იბრძვიან. ასე განსაჯეთ, "გლადბახს" ჩემპიონობის შანსიც აქვს, მცირე, მაგრამ მაინც.

ასე რომ, დიტერ ჰეკინგის გუნდმა პასუხი უნდა გასცეს კითხვას - შემთხვევითი იყო წინა ტურში "ჰერტასთან" საშინაო ფიასკო (0:3) თუ სახეზეა ერთგვარი კრიზისის დასაწყისი. ცნობისთვის, "გლადბახისთვის" ეს იყო პირველი გაშვებული გოლ(ებ)ი 2019 წელს და ყველაზე მძიმე მარცხი ამ სეზონში.

ფაქტები
  • "აუგსბურგი" ის გუნდია, ვინც 2014/15 წლების სეზონის 32-ე ტურში "ბაიერნის" 53-მატჩიან წაუგებელ სერიას დაუსვა წერტილი. ეს იყო "რეკორდმაისტერის" მაშინდელი მწვრთნელის, პეპ გვარდიოლას პირველი მარცხი ამ გუნდის მწვრთნელის პოსტზე.
  • "ბაიერნის" ფორვარდმა რობერტ ლევანდოვსკიმ "აუგსბურგის" კარში უფრო მეტი გოლი გაიტანა, ვიდრე სხვა რომელიმე გუნდის კარში - 18 ბურთი 13 მატჩში.
  • "ნიურნბერგისა" და "დორტმუნდის" მატჩი არის დაპირისპირება საუკეთესო შეტევისა (54 გატანილი გოლი) და ყველაზე ცუდის დაცვის (46 გაშვებული გოლი) მქონე გუნდებს შორის.
  • "დორტმუნდის" შემტევ ჯეიდონ სანჩოს უფრო მეტი (7) გოლი აქვს გატანილი, ვიდრე "ნიურნბერგის" ორ ტოპ-მეგოლეს - ჰანო ბერნესსა (3) და მიკაელ იშაკს (3) ერთად.
  • დიუსელდორფის "ფორტუნამ" ბუნდესლიგის პირველ 10 მატჩში მხოლოდ 5 ქულა დააგროვა, მომდევნო 11-ში კი - 17.
  • "ლევერკუზენის" ნახევარმცველი 19 წლის კაი ჰავერტცი ბუნდესლიგაში 75-ე მატჩს ჩაატარებს. ამ ასაკში უფრო მეტი თამაში "შალკესა" და "ვოლფსბურგის" ყოფილ ნახევარმცველ იულიან დრაქსლერს აქვს ჩატარებული.
  • კაი ჰავერტცს "ლევერკუზენის" მაისურით მიმდინარე ბუნდესლიგაში ერთით ნაკლები (7) გოლი აქვს გატანილი, ვიდრე გუნდის გამოცდილ ფორვარდ კევინ ფოლანდს.
  • "ჰოფენჰაიმისა" და "ჰანოვერის" ურთიერთშეხვედრებში არ ყოფილა ფრე 2012 წლის შემდეგ.
  • "ჰანოვერს" არასოდეს მოუგია "ჰოფენჰაიმთან" გასვლითი მატჩი.

ბუნდესლიგა. XXII ტური
პარასკევი, 15 თებერვალი
აუგსბურგი-ბაიერნი 23:00

შაბათი, 16 თებერვალი
შალკე-ფრაიბურგი 18:30
ჰოფენჰაიმი-ჰანოვერი 18:30
შტუტგარტი-ლაიპციგი 18:30
ვოლფსბურგი-მაინცი 18:30
ჰერტა-ვერდერი 21:30

კვირა, 17 თებერვალი
აინტრახტი-გლადბახი 18:30
ლევერკუზენი-ფორტუნა 21:00

ორშაბათი, 18 თებერვალი
ნიურნბერგი-დორტმუნდი 23:30

ბომბარდირები: 14 - ლუკა იოვიჩი (აინტრახტი); 13 - მარკო როისი (დორტმუნდი), რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 12 - პაკო ალკასერი (დორტმუნდი); 11 - სებასტიან ჰალერი (აინტრახტი), ტიმო ვერნერი (ლაიპციგი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული