ბერლინის "ჰერტას" 16-წლამდე გუნდმა მოედანი შაბათს, 14 დეკმბერს, "აუერბახის" წინააღმდეგ მიმდინარე თამაშის დროს დატოვა, როცა ბერლინელები შეხვედრას 2:0 იგებდნენ.
ახალგაზრდა ბერლინელებმა მსგავსი გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მათ რამდენიმე თანაგუნდელს რასისტულ ნიადაგზე მიაყენეს შეურაცხყოფა.
შეხვედრის 68-ე წუთზე, "ჰერტას" გუნდის სამწვრთნელო შტაბმა გაიზიარა თავიანთი ფეხბურთელების წუხილი და თამაშის გაგრძელებაზე ოფიციალურად უარი თქვა, რაც შეხვედრის ოქმში დაფიქსირდა.
"არის სიტუაციები, როცა ფეხბურთი მეორეხარისხოვანი ხდება. ჩვენ პასუხისმგებლობას საკუთარ თავთან, ფეხბურთელებისა და საზოგადოების წინაშე ვატარებთ.
ჩვენ ამ პასუხისმგებლობებს სერიოზულად ვუყურებთ და გადაწყვეტილებაც ერთხმად იყო მიღებული.
ასეთ სიტუაციებში ჩვენთვის მთავარი ღირებულებებია და არა თამაშში გამარჯვება,"- თქვა "ჰერტას" აღმასრულებელი საბჭოს წევრმა პოლ კოიტერმა.
"რასიზმის ადგილი არც სტადიონზეა და არც მის მიღმა, არა რასიზმს!,"- დაწერა "ჰერტას" მწვრთნელმა სოფიან შახიდმა "ტვიტერში" და ახალგაზრდების ფოტოც დაურთო.
მომზადებულია "ჰერტას" ოფიციალური ვებ გვერდის მიხედვით