30 სექტემბერს, პრემიერლიგის მე-7 ტურის დასკვნითი მატჩი "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "არსენალს" შორის 1:1 დასრულდა.
მიუხედავად იმისა, რომ "მანჩესტერი" ამ სეზონში წარუმატებლად თამაშობს, მათი შეხვედრა მაინც ყოველთვის საინტერესოა.
"წითელი ეშმაკები" "მეთოფეებთან" ჩემპიონატის უკანასკნელ 12 საშინაო შეხვედრაში არ დამარცხდნენ (8 მოგება და 4 ფრე) და სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, გამარჯვება ძალიან სჭირდებოდა. ლონდონელები კი ტოპ 6-ეულის გუნდებთან სტუმრად უხეიროდ ასპარეზობენ - ბოლო 23 მატჩიდან ვერც ერთი ვერ მოიგეს.
პირველი ტაიმი დიდად სანახაობრივი ვერ გამოდგა, პირველად კარში ბურთი მხოლოდ 26-ე წუთზე დაარტყეს, მასპინძლები კი შესვენებაზე გასვლის წინ სწრაფი კონტრშეტევის შემდეგ მაკტომინიმ დააწინაურა, რომელსაც გადაცემა რეშფორდმა გაუკეთა. ეს მიმდინარე სეზონში მისი პირველი გოლია.
შესვენების შემდეგ ობამეიანგი მეკარესთან პირისპირ გავიდა და ანგარიში გაათანაბრა. ლაინსმენმა თამაშგარე კი დააფიქსირა, მაგრამ ეპიზოდი მსაჯმა ვიდეოგამეორებაზე გადაამოწმა და დაინახა, რომ მაგუაირი ფლანგზე ჩარჩა და ოფსაიდი არ იყო. ობამ "არსენალში" 56 მატჩში 39 გოლი გაიტანა. მან 7 სასტარტო შეხვედრაში 7-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი და ბერგკამპის საკლუბო რეკორდი გაიმეორა.
დარჩენილ დროში "იუნაიტედი" ბევრს უტევდა. კომპენსირებულ დროში რეშფორდმა საჯარიმოდან ბურთი ძელს გაარტყა და მსაჯის საფინალო სასტვენიც გაისმა.
"მანჩესტერმა" 7 ტურში 9 ქულა დააგროვა, რაც ბოლო 30 წლის მანძილზე მისი ყველაზე უარესი შედეგია.
პოგბამ პრემიერლიგაში მე-100 მატჩი ჩაატარა, თუმცა თავის გუნდს ვერაფრით დაეხმარა.
მანჩესტერი. "ოლდ ტრაფორდი". 73 201 მაყურებელი
მანჩესტერი - არსენალი 1:1
გოლები: 1:0 მაკტომინი (45), 1:1 ობამეიანგი (56)
მანჩესტერი: დე ხეა, ტუანზებე, მაგუაირი, ლინდელეფი, იანგი, პოგბა, მაკტომინი, ჯეიმსი, ლინგაარდი (ფრედი 74), პერეირა (გრინვუდი 74), რეშფორდი
არსენალი: ლენო, კოლაშინაცი, დავიდ ლუისი, პაპასტატოპულოსი, ჩემბერსი, გენდუზი, ჯაკა, ტორეირა (სებალოსი 55), საკა (უილოკი 79), ობამეიანგი, პეპე (ნელსონი 74)