- მისტერ სუნეს, მე ჟორჟ ვეა ვარ. თქვენთვის მიმზიდველი წინადადება მაქვს.
"ჟორჟ ვეამ" გრემ სუნესს უთხრა, რომ ჰყავს კლიენტი, უდიდესი ტალანტის მქონე ალი დია. "ვეამ" სუნესს დია ბიძაშვილად წარუდგინა და თან ისიც დააყოლა, ახლახან "პარი სენ-ჟერმენს" ვერ მოელაპარაკაო.
სუნესი დათანხმდა.
"როცა ის ვარჯიშზე მოვიდა, საკუთარ თვალებს ვერ დავუჯერე. რას აკეთებს ეს ბიჭი? ვიფიქრე, რომ ჩვენმა ერთ-ერთმა ქომაგმა რაღაც კონკურსი მოიგო და ჩვენთან სავარჯიშოდ მოვიდა", - იხსენებს "წმინდანების" ლეგენდა მეტ ლე ტისიე.
"ლიდსთან" მატჩის შემდეგ დიასთან კონტრაქტი გაწყდა, "თაიმსმა" კი ტრანსფერი უარესად დაასახელა პრემიერლიგის ისტორიაში. დია ინგლისურ ფეხბურთში დღემდე ყველაზე დიდ მატყუარად ითვლება. მას მაიკლ კორლეონესაც კი ადარებენ, ვინც ცოლს შეჰპირდა, რომ მათი ბიზნესი ხუთ წელიწადში ლეგალური გახდებოდა.
დიას თაობაზე მაშინაც და მერეც ბევრი ჭორი გავარდა. ამბობდნენ, თითქოს ის წავიდა სოფელში და ძროხები მოაშენა. მეორე ვერსიით, ცხოვრება ისლამს მიუძღვნა. ზოგიერთის აზრით, ის ყაჩაღი გახდა...
20 წელი დიდი დროა. ფარდა ბურუსით მოცულ ბევრ დეტალს აეხადა.
მშობლები
სენეგალის დედაქალაქ დაკარის გარეუბანი. ბეტონის სამსართულიანი სახლი, რომელიც საშინლად გამოიყურება. ეზოში ყრია ნაგავი, სამშენებლო ნარჩენები, სილა. მოკლედ, ნაღდი აფრიკული რეალობაა.აქ ცხოვრობს დიას ოჯახი. მამამისი გადამდგარი დიპლომატია. ის საფრანგეთში მუშაობდა, სენეგალის საელჩოში. დედა მასწავლებელი იყო. მათ ოთხი ქალიშვილი და ორი ვაჟი ჰყავთ.
"ალი ბიზნესმენი გახდა. 2003 წელს, სან-ფრანცისკოში მაგისტრის ხარისხი მიიღო. მერე რამდენიმე წელი ყატარში გაატარა", - გვიყვება დიას დედა.
"საუთჰემპტონთან" კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ დიამ ერთი სეზონი ითამაშა ინგლისის მეხუთე ლიგის გუნდში და ამის შემდეგ გაქრა. ჟურნალისტებმა ის ვერაფრით იპოვეს. ჟორჟ ვეამ კი თქვა, რომ ასეთ პიროვნებას არ იცნობს.
მაშინ შოკისმომგვრელი კომენტარი გააკეთა დიას დედამ. "ვეა ჩემი ქალიშვილის, სოფის მეგობარი იყო. სოფი საფრანგეთში ცხოვრობს და ალიმ ვეა მისი მეშვეობით გაიცნო", - თქვა მაშინ ქალმა.
"ალი ნამდვილი ფეხბურთელი იყო. მთელმა სენეგალმა მომილოცა 1988 წელს, როცა მან გოლი გაიტანა ერთ-ერთ ფინალურ შეხვედრაში", - ეს უკვე ფეხბურთელის მამის სიტყვებია.
"ერთხელ ალის მასწავლებელმა დამირეკა, სკოლაში არ დადისო. მე ის მოვძებნე საფეხბუთო მოედანზე და მივხვდი, რას ნიშნავდა მისთვის ფეხბურთი. ამის მიუხედავად, ის მე დიდ პატივს მცემდა და მომხდარის შემდეგ სულ ფრიადზე სწავლობდა", - ამას ისევ დედა იგონებს.
ვინ გააკეთა საქმე?
მადი ტურე სენეგალში საფეხბურთო აკადემიის პრეზიდენტია. ის ახალგაზრდა ფეხბურთელებს ევროპულ კლუბებში გადასვლაში ეხმარება. მან წაუკრა ხელი სადიო მანესა და დიაფრა სახოს. ტურემ და დიამ ერთმანეთი მაშინ გაიცნეს, როცა ბიჭები 20 წლისანი იყვნენ. მაშინ ისინი ერთად ცხოვრობდნენ პარიზის უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში. ტურე საფრანგეთის მეოთხე ლიგის "ტონში" თამაშობდა ბიძასთან ერთად.
დროა, ყველაფერი გავამხილოთ: ტურე ის ბიჭია, ვინც თავის დროზე გრემ სუნესი მოატყუა და ჟორჟ ვეად წარუდგა. ეს იყო მისი პირველი საქმე.
"ალი კარგი ბიჭი იყო. ის მაგრად ცეკვავდა ბურთთან ერთად და ფეხბურთიც იცოდა, ოღონდ ვარჯიში ეზარებოდა. ალის არ უნდოდა სწავლა, მაგრამ მშობლები ერეოდნენ მის ცხოვრებაში. მერე მე ის დავარწმუნე, რომ სწავლა მიეტოვებინა. თავი ნამდვილი პროფესიონალი ეგონა", - ამბობს ტურე.
როგორც წესი, საღამოს მეგობრები ერთად სხდებოდნენ სავარძელში, სვამდნენ მწვანე ჩაის და გეგმავდნენ მათ საფეხბურთო მომავალს. პირველს, ტურეს, უნდოდა, უბრალოდ ცნობილი ყოფილიყო. მეორე, დია კი იმის სურვილით იწვოდა, რომ მშობლებისათვის თავისი არჩევანის მართებულობა დაემტკიცებინა. დიას ოცნება იყო "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაში.
"ჩვენ მოტივაციით ვიტენებოდით, როცა საფრანგეთის ჩემპიონატის მატჩებს ვუყურებდით და ვხედავდით ჩვენს ძველ ნაცნობებს. მაგალითად, ეტიენ მენდის. მას უნდოდა, რომ ცნობილი ფეხბურთელი გამხდარიყო და გახდა კიდეც", - იგონებს ტურე.
მოკლე ხანში ალი ჩავიდა სენეგალში. შეკრიბა ოჯახი. მათ ალი დიამ განუცხადა, რომ ის გარიცხეს უნივერსიტეტიდან და ახლა განზრახული აქვს, აიწყოს სპორტული კარიერა.
"ჩვენ ის საფრანგეთში 1987 წელს იმიტომ გავუშვით, რომ ესწავლა, მან კი ფეხბურთი აირჩია. ამის გამო ჩვენ ყველანი შოკში ვიყავით. ჩამოვიდა სენეგალში და გვითხრა, რომ ფეხბურთი მისი არჩევანი იყო", - იხსენებს დიას მამა.
საინტერესოა, თუ დია საფრანგეთში ჩავიდა 1987 წელს, ამ დროს ის სრულწლოვანი, 18 წლის უნდა ყოფილიყო. "საუთჰემპტონში" კი ის მივიდა, როგორც ახალგაზრდა ფეხბურთელი.
ფეხბურთელის მამა დიას მხოლოდ რამდენიმე გუნდს იხსენებს. ის ამბობს, რომ ალიმ ჯერ კიდევ "საუთჰემპტონთან" დაკავშირებულ ცნობილ ისტორიამდე მიიღო მუხლის ტრავმა. მოგვიანებით კი ოჯახმა "საუთჰემპტონის" ისტორიაც შეიტყო.
"ჩავრთეთ ტელევიზორი და შოკი მივიღეთ. ჩვენს ბიჭზე ძალიან ბევრი ტყუილი დაწერეს. ეს უსინდისობაა. გვინდოდა, ადვოკატისათვის მიგვემართა, მაგრამ გადავიფიქრეთ. ჩვენ მუსულმანები ვართ და გვჯერა, სიმართლე მაინც გაიმარჯვებს", - ამბობს უფროსი დია.
დიას ვაჟი
ჟურნალისტი ერთხელ შემთხვევით შეხვდა სიმონ დიას, ალი დიას ვაჟს. მან იცის მამის ისტორიის შესახებ."მე ვიცი ეს ისტორია, ოღონდ მამისგან არა. მან ეს იმიტომ გაკეთა, რომ უნდოდა, წარმატებული ყოფილიყო, თუმცა ის არ იცნობდა ვეას. მან მოიტყუა", - ამბობს სიმონ ალის ძე დია.
სად არის ახლა ალი დია?
ალიმ გასულ წელს დატოვა ყატარი, სადაც ის ერთ-ერთი ბანკის კონსულტანტად მუშაობდა. ის ახლა ერთ-ერთ ინგლისურ ფინანსურ ორგანიზაციაშია გამოსაცდელი ვადით. ამბობს, რომ მომხდარის რცხვენია და ბოლომდე სიმართლე არ უთქვამს ნათესავებისათვის."დედას ვუთხარი, რომ ჟურნალისტებმა ბევრი არასწორი რამ დაწერეს და ყველაფერი გაბერეს", - ამბობს ალი.
"მე მართლაც ვთამაშობდი "სენ-ჟერმენში". მერე გავიცანი ცნობილი აგენტი ბაშირუ სულეიმანი და მან მიმიყვანა ინგლისურ ფეხბურთში.
"საუთჰემპტონში" თავიდან რეზერვში ვიყავი. მერე ძირითადში გადამიყვანეს. "ლიდსთან" მატჩში ლე ტისიემ ტრავმა მიიღო და გაუხურებლად შევედი მინდორზე", - კუზიანს სამარე თუ გაასწორებს. დიდი ალბათობით, დია ისევ იტყუება...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"