ჯამპიერო ვენტურა: თუ გავიმარჯვებთ, ეს რაღაც დიდი და განსაკუთრებული იქნება!

AutoSharing Option
იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯამპიერო ვენტურამ ესპანეთსა და ისრაელთან მოახლოებულ მატჩებზე ილაპარაკა. რა თქმა უნდა, მან მეტი ყურადღება დაუთმო "ფურია როხასთან" გასამართავ გასვლით შეხვედრას.

"ახლა სატრანსფერო ფანჯარა ღიაა, მაგრამ მალე ის დაიხურება და მთელი ყურადღება გადავა სანაკრებო ფეხბურთზე. როგორ შევაფასებ ინზინიეს კონდიციებს? მან დიდებულად ითამაშა "ნაპოლიში", ყველაფერი გააკეთა გუნდის წარმატებისათვის...

ჩვენ ღიად ვითამაშებთ ესპანეთის წინააღმდეგ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს მატჩი მოვიგოთ. თუ იტალიამ ესპანეთში ბოლოს 70 წლის წინ მოიგო, მაშინ ეს პრობლემაა, მაგრამ ჩვენ მინდორზე გამარჯვების რწმენით სავსენი
გავალთ და ვეცდებით, 3 ქულა ჩავიწეროთ აქტივში. თუ ეს მოვახერხეთ, მაშინ ვიტყვი, რომ დიდი, რაღაც განსაკუთრებული გავაკეთეთ. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ისრაელთან შეხვედრა გველის ამის შემდეგ და სასწორზე იქაც 3 ქულა დევს, რომელიც ძალიან გვჭირდება...

რაც შეეხება ტაქტიკას, ჩვენ რამდენიმე ვარიანტზე ვმუშაობთ და სიტუაციის მიხედვით გამოვიყენებთ...

ვერატი ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერია. მას შეუძლია თამაში როგორც საყრდენის, ისე "ათიანის" პოზიციაზე და ამას ის ამტკიცებს "პარი სენ ჟერმენში". ბელოტი? ის დაბადებულია თავდამსხმელად. მან რაღაც კომპონენტები უნდა გააუმჯობესოს, მაგრამ უდიდესი ტალანტია. იტალიის ჩემპიონატის ბოლო ტურში მან დიდებული გოლი შეაგდო...

ვიდეოგამეორება? მას ჯერ კიდევ სჭირდება დრო სრულყოფისთვის", - თქვა ვენტურამ.

აგენტი: ეს აბსურდია! სად არის ჯოვინკო?
ჯამპიერო ვენტურას მიერ ესპანეთსა და ისრაელთან მატჩებისთვის დასახელებულ შემადგენლობაში არ არის "ტორონტოს" ფორვარდი სებასტიან ჯოვინკო. ვენტურას არჩევანს ფეხბურთელის აგენტის, ანდრეა დ'ამიკოს მძაფრი გამოხმაურება მოჰყვა.

"ჩემი აზრით, ნამდვილი აბსურდია ის, რომ ჯოვინკო არ არის გამოძახებული იტალიის ნაკრებში. ვინც ბოლო დროს მის თამაშს ადევნებს თვალს, უნდა იცოდეს, რომ 60-ზე მეტი გოლი გაიტანა. ჩემი აზრით, უბრალოდ, სირცხვილი და უსამართლობაა, რომ დღეს ის იტალიის ნაკრებში არ არის.

დიახ, უსამართლობაა, როცა შენ მზად ხარ, დაეხმარო შენ ქვეყანას და ამის საშუალება არ გეძლევა... პარადოქსია, მაგრამ ფაქტია - იტალიის ნაკრებში მიწვევა მიიღეს იმ ფეხბურთელებმა, რომლებიც იტალიურ კლუბებში სათადარიგოთა სკამზე სხედან და სათამაშო პრაქტიკა აკლიათ. ასეთ დროს კი ჯოვინკოს შანსი არ ეძლევა. არადა, მან ნებისმიერი სიტუაციიდან იცის გოლის გატანა", - აღშფოთებას ვერ მალავს პატივცემული დ'ამიკო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული