სერია A. XXIX ტური: მაურო იკარდის ტური [VIDEO]

AutoSharing Option
სერია A-ს მორიგი ტური ძალიან მოულოდნელად დაიწყო. გრანდთაგან პირველად მინდორზე "იუვენტუსი" გავიდა და დაგეგმილი 3 ქულა ვერ აიღო. ბოლო დროს შესანიშნავ ფორმაში მყოფი ტურინული გრანდი ლამის ყველაფერს იგებდა. დასასრული ყველაფერს აქვს და ეს სერიაც უნდა დასრულებულიყო, მაგრამ... სპალ-თან?

ნახევარმომენტების ამარა დარჩენილმა "ბებერმა ქალბატონმა" მხოლოდ ქულა მოიპოვა. სპალ-ის ფეხბურთელების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ მართლაც ლომებივით იბრძოლეს. ძალიან ცუდი იყო "იუვესთვის" ჯორჯო კიელინის ტრავმა, ვინც უახლოეს შეხვედრებში იტალიის ნაკრებსაც დააკლდება.

"რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი გამარჯვება იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ მოვიგეთ.
სამაგიეროდ, შევეცადოთ და საკითხს დადებითი კუთხით შევხედოთ - გოლი არ გაგვიშვია და ეს უკვე კარგია. ჩემი კომპლიმენტები მოწინააღმდეგეს - მათ ბოლომდე იბრძოლეს და ეს ქულა დაიმსახურეს", - თქვა "იუვენტუსის" მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ.

"ინტერმა" სეზონის საუკეთესო თამაში ჩაატარა და გასვლაზე 5 უპასუხო გოლი შეუგდო "სამპდორიას". ვნახოთ, იქნება თუ არა ეს ლუჩანო სპალეტის გუნდის აღმასვლის დასაწყისი. თუ მაურო იკარდიმ ასე გააგრძელა, ალბათ, ეს გარდაუვალია.

ყოფილი გუნდის წინააღმდეგ არგენტინელი შემტევი მართლაც რომ შეუდარებელი იყო. მას მინდორზე ყველაფერი გამოსდიოდა. შედეგად, ექსსამპდორიელმა "პოკერი" მიითვალა და მთლიანად ტურის უდავო გმირად იქცა.

"ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო. ესაა ის, რისკენაც მივდივართ. ამასთან ერთად, არ მინდა, კომპლიმენტები დავიშურო იკარდის მისამართით. ის, უბრალოდ, დიდებული გახლდათ", - თქვა ნამატჩევს სპალეტიმ.


"მილანმა" პატარა სკანდალის ფონზე რთულად დაამარცხა "კიევო". თამაშის წინ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, ჯენარო გატუზოსა და გუნდის ხორვატ თავდამსხმელ ნიკოლა კალინიჩს შორის გაუგებრობა მოხდა და ამის გამო ბალკანელი მატჩის განაცხადს მიღმა დარჩა. ისიც ითქვა, რომ "როსონერიდან" კალინიჩის წასვლა მხოლოდ დროის ამბავია...

ასე იყო თუ ისე, "მილანმა" 3:2 მოუგო "კიევოს". არადა, პირველი ტაიმი "მფრინავმა ვირებმა" მოიგეს. მატჩის დასრულების შემდეგ გატუზომ, ვისაც მალე ახალ კონტრაქტს გაუფორმებენ, კალინიჩის თაობაზეც ილაპარაკა:

"რაც შეეხება კალინიჩის ამბავს, გუნდში 25 ფეხბურთელი მყავს და თითოეული მათგანის მიმართ ჩემი მოთხოვნები ერთნაირია. საჭიროა, ვარჯიშებზე ყველამ ბოლომდე აჩვენოს თავისი შესაძლებლობები, რადგან ჩვენთვის ახლა ყველა მატჩი გადამწყვეტია. ვინც ვარჯიშებზე ბოლომდე არ იხარჯება, შინ რჩება".


"რომამ" ელ შაარავისა და ნაინგოლანის გოლებით კლასის ხარჯზე დაამარცხა "კროტონე". ფაქტია, რომაელები თანდათან და გეგმაზომიერად უმატებენ, თან ახლა ყოველ მატჩს "ბარსელონასთან" დაპირისპირებისთვის მზადების კუთხით უყურებენ.

ეს იქნება ურთულესი გამოცდა ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდისათვის. რომაელები სერია A-შიც მაღალ მიზნებს (რა თქმა უნდა, ჩემპიონობას არ ვგულისხმობთ) ისახავენ და მათი თამაშიც ხშირ შემთხვევაში თვალსასეიროა.


გვიანდელ მატჩებს შორის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა "ნაპოლისა" და "ჯენოას" დაპირისპირება. გამარჯვების შემთხვევაში, მაურიციო სარის გუნდი, რომელიც კარგა ხანს ლიდერობდა, "იუვესთან" სხვაობას ორ ქულამდე შეამცირებდა...

მოლოდინი გამართლდა - "ნაპოლიმ" გაჭირვებით, მაგრამ მაინც მოიგო და სკუდეტოს შანსი შეინარჩუნა. თუმცა თამაშმა აჩვენა, რომ ბოლოდროინდელი კრიზისი, რომელმაც ნეაპოლელებს ლიდერობა დააკარგვინა, დაძლეული ჯერ არ არის. ამას დაემატა მარეკ ჰამშიკის ტრავმაც, რის გამოც "ნაპოლის" სლოვაკი ლიდერი თამაშს მე-20 წუთიდან გამოეთიშა.

ასეა თუ ისე, ბრძოლა გრძელდება, თუმცა ასეთ "ნაპოლის" ძალიან გაუჭირდება "ქალბატონის" დევნა.


ფაქტები
  • 2014 წლის აპრილის შემდეგ "მილანმა" პირველად მოიგო სერია A-ს ზედიზედ 5 მატჩი.
  • ჰაკან ჩალჰანოღლუმ ("მილანი") ამ სეზონში, ყველა ტურნირის ჩათვლით, პირველად მოახერხა ზედიზედ ორ მატჩში გოლის გატანა.
  • ალექსანდარ კოლაროვმა ("რომა") მიმდინარე სერია A-ში 6 საგოლე პასი გააკეთა, რაც ორჯერ მეტია ყველა სხვა მცველის მონაცემებზე.
  • 2014 წლის მარტის შემდეგ "ტორინომ" პირველად წააგო სერია A-ს ზედიზედ 4 მატჩი.
  • მაურო იკარდიმ "ინტერის" მაისურით 172 მატჩში (ყველა ტურნირის ჩათვლით) 103 გოლი გაიტანა.
  • სერია A-ში დებიუტის (2012/13) შემდეგ მაურო იკარდიმ მეექვსედ მოახერხა ერთ მატჩში 3 (და მეტი) გოლის გატანა, რაც აღნიშნულ პერიოდში არც ერთ სხვა ფეხბურთელს არ გაუკეთებია.
  • ასაკის მიხედვით, მაურო იკარდი მეექვსეა იმ ფეხბურთელებს შორის, ვინც სერია A-ში100-გოლიან ზღვარს უწია.
  • "იუვენტუსმა" სერია A-ს ზედიზედ მე-10 მატჩში შეძლო კარის "მშრალად" შენახვა. ეს არის გამეორება იმ შედეგის, რაც "იუვენტუსს" 2016 წლის მარტისთვის ჰქონდა.
  • 2017 წლის სექტემბრის შემდეგ "იუვენტუსმა", ყველა ტურნირის ჩათვლით, პირველად ვერ შეძლო საგარეო მატჩში გოლის გატანა.
  • დეკემბრის შემდეგ "სასუოლომ" პირველი მატჩი მოიგო სერია A-ში.

სერია A. XXIX ტური
სპალ-იუვენტუსი 0:0
იუვენტუსი (4-2-3-1): ბუფონი - დე შილიო, რუგანი, კიელინი (81. ბარძალი), ასამოა (64. მანჯუკიჩი) - პიანიჩი, მატუიდი (84. ბენტანკური) - დუგლას კოშტა, დიბალა, ალექს სანდრო - იგუაინი.

სამპდორია-ინტერი 0:5
გოლები: 0:1 პერიშიჩი (26), 0:2 იკარდი (30-პენ), 0:3 იკარდი (31), 0:4 იკარდი (44), 0:5 იკარდი (51)
ინტერი (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი - კანსელო, შკრინიარი, მირანდა, დ"ამბროზიო - გალიარდინი, ბროზოვიჩი - კანდრევა (78. ვესინო), რაფინია (80. ბორხა ვალერო), პერიშიჩი - იკარდი (66. ედერი).

მილანი-კიევო 3:2
გოლები: 1:0 ჩალჰანოღლუ (10), 1:1 სტეპინსკი (33), 1:2 ინგზელე (34), 2:2 კუტრონე (52), 3:2 ანდრე სილვა (82)
მილანი (4-3-3): ჯ. დონარუმა - ბორინი (60. ანდრე სილვა), ბონუჩი, საპატა, როდრიგესი - კესი, ბილია, ბონავენტურა - სუსო, ჩალჰანოღლუ, კუტრონე (83. მუზაკიო).
გამოუყენებელი პენალტი: კესი (90+4. მილანი)

ბენევენტო-კალიარი 1:2
გოლები: 1:0 ბრინიოლა (46), 1:1 პავოლეტი (90+1), 1:2 ბარელა (90+7-პენ)

კროტონე-რომა 0:2
გოლები: 0:1 ელ შაარავი (39), 0:2 ნაინგოლანი (75)
რომა (4-3-3): ალისონი - პერესი, ფასიო, ჟეზუში, კოლაროვი - პელეგრინი (65. სტროოტმანი), გონალონი, ნაინგოლანი - ჟერსონი (71. ფლორენცი), ელ შაარავი (83. იუნდერი), ჯეკო.

ტორინო-ფიორენტინა 1:2
გოლები: 0:1 ვერეტუტი (59), 1:1 ბელოტი (86), 1:2 ტერო (90+4-პენ)

ვერონა-ატალანტა 0:5
გოლები: 0:1 კრისტანტე (2), 0:2 ილიჩიჩი (45+4-პენ), 0:3 ილიჩიჩი (48), 0:4 ილიჩიჩი (69), 0:5 გომესი (71)

ლაციო-ბოლონია 1:1
გოლები: 0:1 ვერდი (3), 1:1 ლუკას ლეივა (16)
ლაციო (3-5-2): სტრაკოშა - რამოს მარკი, დე ვრეი, უოლასი (46. ბასტოსი) - მარუშიჩი, პაროლო, ლუკას ლეივა, ალბერტო, ანდერსონი (83. კაისედო) - ნანი (46. ლუკაკუ), იმობილე.

ნაპოლი-ჯენოა 1:0
გოლი: 1:0 ალბიოლი (72)
ნაპოლი (4-3-3): რეინა - ჰისაი, ალბიოლი, კულიბალი, მარიო რუი - ალანი, ჟორჟინიო, ჰამშიკი (20. ზელინსკი) - კალიეხონი (86. როგი), ინსინიე, მერტენსი (82. მილიკი).

ბომბარდირები: 24 - ჩირო იმობილე (ლაციო); 22 - მაურო იკარდი (ინტერი); 17 - ფაბიო კვალიარელა (სამპდორია), დრის მერტენსი (ნაპოლი), პაულო დიბალა (იუვენტუსი); 15 - გონსალო იგუაინი (იუვენტუსი).

მომდევნო ტური
31 მარტი: ბოლონია-რომა, ატალანტა-უდინეზე, კალიარი-ტორინო, ფიორენტინა-კროტონე, ჯენოა-სპალ, ინტერი-ვერონა, ლაციო-ბენევენტო, სასუოლო-ნაპოლი, კიევო-სამპდორია, იუვენტუსი-მილანი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული