სერია A. XIV ტურის წინ: დიდი ბრძოლა რომში

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატის მორიგი ტურის მთავარი მატჩი შედგება რომში, სადაც "ინტერი" ჩადის.

"რომას" ჩემპიონთა ლიგაზე მარცხი შეემთხვა "რეალთან", მაგრამ ამის მიუხედავად ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდი მაინც გავიდა პლეი ოფში.

რომაელთა შემადგენლობაში რამდენიმე ტრავმირებული ფეხბურთელია, თუმცა მაინც დიდი ბრძოლაა მოსალოდნელი. ეს ორი გუნდი ერთმანეთის პრინციპული მოწინააღმდეგეა. ამას ემატება ისიც, რომ ორივე იბრძვის ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოსაგებად.

საინტერესო უნდა გამოდგეს მატჩი "ფიორენტინასა" და "იუვენტუსს" შორის. თითქოს ძალები არათანაბარია, მაგრამ "იებს" ნორმალური შემადგენლობა ჰყავთ. გარდა ამისა, "ფიორენტინა" სახიფათოა საშინაო შეხვედრებში. ფედერიკო კიეზას თამაშს ტურინელები
გამადიდებელი შუშით დააკვირდებიან, რადგან მისი გადაბირება სურთ.

"მილანს" ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება კი ამოუჭრია გულში, მაგრამ თუ საქმეს ახლავე არ მიხედა, ზამთარში ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და სხვა რამდენიმე ვარსკვლავის დაბრუნება შეიძლება გვიანიც კი იყოს. "მილანს" აქვს საკადრო პრობლემები. გონსალო იგუაინის გარდა ვერც ჯაკომო ბონავენტურა ითამაშებს, ვინც დაშავებულია და დიდი ხნის განმავლობაში ვერ გავა მინდორზე.

"ლაციომ" უსათუოდ უნდა მოუგოს "კიევოს". ეგაა, "მფრინავი ვირები" ბოლო დროს გამოცოცხლდნენ. მათ "ნაპოლისთან" შეხვედრაში ბოლომდე იბრძოლეს და ქულა მოიპოვეს, რასაც არავინ ელოდა. რომაელებს შესანიშნავი შემადგენლობა ჰყავთ და მათ წესით ბოლომდე უნდა იბრძოლონ ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოსაპოვებლად. "კიევომ" კი სასწაული უნდა მოახდინოს, სერია A-ში როგორმე ადგილი რომ შეინარჩუნოს.

ფაქტები
  • სპალ-ი და "ემპოლი" ისტორიაში პირველად ხვდებიან ერთმანეთს.
  • "ფიორენტინასა" და "იუვენტუსს" შორის ბოლო 2 შეხვედრაში ორივეს არ გაუტანია, ისევე, როგორც "სამპდორიასა და "ბოლონიას" შორის უკანასკნელ ორ დაპირისპირებაში.
  • "მილანსა" და "პარმას" შორის ბოლო 6 თამაშში ორივემ გაიტანა მინიმუმ ერთი გოლი მაინც.
  • "სასუოლოს" სერია A-ში ორმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს.
  • "კიევოსა" და "ლაციოს" შორის ბოლო 2 შეხვედრაში ორივემ გაიტანა.
  • "რომამ" და "ინტერმა" სერია A-ში მიჯრით 5 ისეთი მატჩი ითამაშეს, რომელშიც ორივე გაიტანა მინიმუმ ერთი გოლი მაინც.

სერია A. XIV ტური
შაბათი, 1 დეკემბერი
სპალ-ემპოლი 18:00
ფიორენტინა-იუვენტუსი 21:00
სამპდორია-ბოლონია 23:30

კვირა, 2 დეკემბერი
მილანი-პარმა 15:30
ფროზინონე-კალიარი 18:00
სასუოლო-უდინეზე 18:00
ტორინო-ჯენოა 18:00
კიევო-ლაციო 21:00
რომა-ინტერი 23:30

ორშაბათი, 3 დეკემბერი
ატალანტა-ნაპოლი 23:30

ბომბარდირები: 10 - კშიშტოფ პიატეკი (ჯენოა); 9 - კრიშტიანო რონალდო (იუვენტუსი); 8 - ჩირო იმობილე (ლაციო); 7 - ლორენსო ინსინიე (ნაპოლი), დრის მერტენსი (ნაპოლი), მაურო იკარდი (ინტერი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული