სერია A. XVII ტურის წინ: დაცვას მიხედეთ, რომაელებო!

AutoSharing Option
ტურის მთავარი შეხვედრა ტურინში შედგება. ტოპ 5-ის რეკორდსმენი "იუვენტუსი" "რომას" დაუხვდება და აშკარა ფავორიტიც არის. ამ შეხვედრაში თუ რომაელებს თავს ფარცაგი გადახდათ, დიდი შანსია, ეუსებიო დი ფრანჩესკოს საბოლოოდ მიუთითონ კარისკენ.

"რომამ" წინა შეხვედრაში კი მოუგო "ჯენოას", მაგრამ ვაი ამ მოგებას. რომაელებმა ათასი შეცდომა დაუშვეს უკანა ხაზში. ყველაფერს ემატება ედინ ჯეკოს არყოფნა. თუ ბოსნიელი "ბებერ ქალბატონთან" დაპირისპირებისთვის ვერ გამოჯანმრთელდა, ძალები კიდევ უფრო არათანაბარი იქნება.

"იუვენტუსი" ყველაფერს იგებს, მაგრამ გუნდის თამაში შორსაა იდეალურისგან. ასე, მაგალითად, წინა ტურში მასიმილიანო ალეგრის ბიჭებმა წვალებით მოიგეს
ტურინული დერბი. ვინც ის თამაში იხილა, დაგვეთანხმება, რომ "ტორინო" წაგებას ნამდვილად არ იმსახურებდა.

რა თქმა უნდა, "იუვენტუსი" თითქმის ჩემპიონია, მაგრამ "ნაპოლი" მაინც არ ნებდება ბოლომდე. წინა ტურში კარლო ანჩელოტის გაწვრთნილებმა უკანასკნელ წამს მოიგეს და ახლაც ყველანაირი წინა პირობა აქვთ, რომ 3 ქულა ჩაიწერონ აქტივში, რადგან სპალ-ი დიდი ვერაფერი მოწინააღმდეგეა.

ჩემპიონთა ლიგაში განცდილი ფიასკოს შემდეგ "ინტერს" საზრუნავად მხოლოდ სერია A დარჩა. აუტსაიდერმა "კიევომ" რამდენიმე სენსაცია კი შემოგვთავაზა, მაგრამ ფავორიტთან გამკლავება მაინც უნდა გაუჭირდეს.

"მილანისა" და "ფიორენტინას" შეხვედრაში დიდ ბრძოლას უნდა ველოდოთ. "როსონერიმ" დასანანი ქულები დაკარგა "ბოლონიასთან" გასვლით შეხვედრაში. ჯენარო გატუზოს გაწვრთნილები ძალიან არათანაბრად თამაშობენ და ეს თუ არ გამოსწორდა, მაშინ გუნდს გაუჭირდება ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება. ასეთ შემთხვევაში კი, გამორიცხული სულაც არ არის, კლუბის ხელმძღვანელობამ მწვრთნელის შეცვლაზე იფიქროს. განსაკუთრებით უჭირს გუნდს შეტევაში, რადგან გონსალო იგუაინი ვერა და ვერ შევიდა კარგ ფორმაში.

ფაქტები
  • "ლაციოსა" და "კალიარის" ბოლო შეხვედრა ფრედ დასრულდა.
  • "მილანსა" და "ფიორენტინას" შორის ბოლო 3 მატჩში ორივემ გაიტანა მინიმუმ ერთი გოლი მაინც.
  • "ემპოლისა" და "სამპდორიას" ბოლო 7 შეხვედრაში 2,5-ზე ნაკლები გოლი გავიდა.
  • "ატალანტამ" ბოლო 5 თამაშში აჯობა "ჯენოას".
  • "ნაპოლიმ" იტალიის ჩემპიონატში 2-დან 2 მატჩი მოუგო სპალ-ს.
  • "სასუოლოსა" და "ტორინოს" ბოლო მატჩი ფრედ მორჩა.
  • "ინტერმა" უკანასკნელ 3 შეხვედრაში დაჯაბნა "კიევო".
  • "პარმასა" და "ბოლონიას" ბოლო 2 შეხვედრაში ორივემ გაიტანა.
  • "იუვენტუსისა" და "რომას" ბოლო მატჩი 0:0 დასრულდა.

სერია A. XVII ტური
შაბათი, 22 დეკემბერი
ლაციო-კალიარი 15:30
მილანი-ფიორენტინა 18:00
ემპოლი-სამპდორია 18:00
ჯენოა-ატალანტა 18:00
ნაპოლი-სპალ 18:00
სასუოლო-ტორინო 18:00
უდინეზე-ფროზინონე 18:00
კიევო-ინტერი 21:00
პარმა-ბოლონია 21:00
იუვენტუსი-რომა 23:30

ბომბარდირები: 12 - კშიშტოფ პიატეკი (ჯენოა); 11 - კრიშტიანო რონალდო (იუვენტუსი); 10 - ჩირო იმობილე (ლაციო); 9 - მაურო იკარდი (ინტერი), ფაბიო კვალიარელა (სამპდორია); 8 - არკადიუშ მილიკი (ნაპოლი), ფრანჩესკო კაპუტო (ემპოლი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული