სერია A. XXII ტურის წინ: არ გამორიცხოთ სამწვრთნელო რყევები

AutoSharing Option
"რომა" იტალიის თასზე შერცხვა "ფიორენტინასთან" და ამბობენ, ეუსებიო დი ფრანჩესკოს თანამდებობიდან წასვლა უკვე დროის საკითხიაო. რა თქმა უნდა, ფეხბურთში ყველაფერი ხდება, მაგრამ "რომა" რომ გქვია, 1:7 არავისთან არ უნდა წააგო.

ჩვენ გვახსოვს ორი 1:7 ბოლო წლებში - "მანჩესტერ იუნაიტედთან" (2007) სტუმრად და "ბაიერნთან" (2014) შინ, მაგრამ იტალიის მასშტაბით ბოლოს იყო 1947 წელს "ტორინოსთან" და კიდევ უფრო ადრე, 1932 წელს "იუვენტუსთან".

ცხადია, ეს წაგება კიდევ უფრო დაამძიმებს დი ფრანჩესკოს მდგომარეობას, რომელსაც დიდი ხანია აკრიტიკებენ იმისთვის, რომ "ჯალოროსი" სერია A-ს ფავორიტებს შორის
არ არის.

შესაძლოა, ისეც მოხდეს, რომ დი ფრანჩესკო "მილანთან" მატჩამდეც წავიდეს.

ამას დავამატოთ ისიც, რომ "როსონერი" ბოლოს თითქმის სულ ჯაბნის პრინციპულ მოწინააღმდეგეს. ყველაზე დიდი ინტერესით ელიან "მილანის" პოლონელი ფორვარდის, კშიშტოფ პიონტეკის თამაშს, ვინც იტალიის თასზე ჯენარო გატუზოს გუნდს "ნაპოლისთან" პერსონალურად მოაგებინა. ვნახოთ, გაიბრწყინებს თუ არა ის ამჯერად?

"იუვენტუსს" ისეთი მეტოქე ჰყავს, ალბათ, აქედანვე უნდა მივულოცოთ 3 ქულის აღება. "პარმას" ნამდვილად არ შეუძლია ტურინული მონსტრის შეჩერება. მართალია, "იუვენტუსი" იტალიის თასზე ულაპარაკოდ დამარცხდა (0:3) "ატალანტასთან", მაგრამ ასეთები ხდება. ამხელა მარათონს ჩავარდნის გარეშე ვერ გაივლი.

ფაქტია, "იუვენტუსს" ჯიბეში უდევს "სკუდეტო" და რაიმე დამატებითი ინტრიგის გამოგონებას აზრი აღარ აქვს. მეჰდი ბენატია აღარ არის "ბებერი ქალბატონის" ფეხბურთელი, მაგრამ ამის მიუხედავადაც, ტურინული გრანდი ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესოდ რჩება.

საინტერესო თამაში უნდა გამოვიდეს "ნაპოლისა" და "სამპდორიას" შორის. კარლო ანჩელოტის ხელში ნეაპოლელები "უმარილოდ" თამაშობენ, მაგრამ ამის მიუხედავად კარგ სანახაობას ველით, რადგან ამის გარანტი შეიძლება იყოს შეტევაზე ორიენტირებული "სამპდორია".

"ინტერმა" ნებისმიერ შემთხვევაში უნდა დაამარცხოს "ბოლონია". წინააღმდეგ შემთხვევაში, სულაც არ არის გამორიცხული, ლუჩანო სპალეტის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. "ნერაძური" ძალიან არათანაბრად თამაშობს მიმდინარე სეზონში.

ფაქტები
  • "ემპოლისა" და "კიევოს" ბოლო 3 შეხვედრაში ორივეს არ გაუტანია.
  • ასეთივე მაჩვენებელი დაფიქსირდა "ნაპოლისა" და "სამპდორიას" ბოლო 2 თამაშში.
  • "იუვენტუსმა" სერია A-ს ბოლო 3 მატჩი მოიგო.
  • "ტორინომ" ორ უკანასკნელ მატჩში დაამარცხა სპალ-ი.
  • "უდინეზესა" და "ფიორენტინას" შორის ბოლო 2 შეხვედრაში ორივეს არ გაუტანია.
  • "ინტერმა" მიჯრით 2 მატჩში სძლია "ბოლონიას".
  • "მილანმა" ზედიზედ 2 თამაში მოუგო "რომას".

სერია A. XXII ტური
შაბათი, 2 თებერვალი
ემპოლი-კიევო 18:00
ნაპოლი-სამპდორია 21:00
იუვენტუსი-პარმა 23:30

კვირა, 3 თებერვალი
სპალ-ტორინო 15:30
ჯენოა-სასუოლო 18:00
უდინეზე-ფიორენტინა 18:00
ინტერი-ბოლონია 21:00
რომა-მილანი

ორშაბათი, 4 თებერვალი
ფროზინონე-ლაციო 22:00
კალიარი-ატალანტა 23:59

ბომბარდირები: 16 - ფაბიო კვალიარელა (სამპდორია); 15 - დუვან საპატა (ატალანტა), კრიშტიანო რონალდო (იუვენტუსი); 13 - კშიშტოფ პიონტეკი (ჯენოა); 11 - ჩირო იმობილე (ლაციო), არკადიუშ მილიკი (ნაპოლი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული