ალესანდრო დელ პიერომ ფეხბურთის თამაშს 5 წლის წინ დაანება თავი და ბიზნეს-იმპერიას აშენებს.
2012 წელს "იუვენტუსიდან" წასვლის შემდეგ ალექსმა ცოტა ხანი ავსტრალიასა და ინდოეთში ითამაშა, ახლ კი აშშ-ში ცხოვრობს.
კი არ ისვენებს, შრომობს, ბიზნესი წამოიწყო, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით ვითარდება.
დელ პიერო რესტორნების ქსელ N10RESTAURANT-ის მფლობელია. დაწესებულება გახსნილია ლოს ანჟელესსა და მილანში და ახლო მომავალში მსოფლიოს სხვა უდიდეს ქალაქებშიც გაიხსნება.
აგრეთვე მოდის ბიზნესსაც მიჰყო ხელი, საკუთარი ბრენდი AirDP დაარსა და ბუტიკები სამშობლოსა და ინგლისში გახსნა.
რა თქმა უნდა, ფეხბურთიც არ დაივიწყა.
აშშ-ში ADP10-ის 3 აკადემია ფუნქციონირებს - 2 ლოს ანჟელესში და 1 ნიუ იორკში. როდესაც დრო აქვს, ალექსი ბავშვებს თავად უტარებს ვარჯიშებს.
აშშ-ის მესამე დივიზიონის კლუბ LA10 FC-ის თანამფლობელი გახდა.
დელ პიერო ლოს ანჟელესის ელიტურ უბანში სილვესტერ სტალონეს, ჯენიფერ ლოპესის და ჯეკ ნიკოლსონის მეზობლად 6 მილიონ ევროდ ღირებულ სახლში ცხოვრობს. მეგობრობს ჯონი დეპთან და ყოფილ კალათბურთელ კობი ბრაინტთან, ხოლო თავის რესტორანში ხშირად ხვდება მსახიობ არნოლდ შვარცნეგერს და "იუვეს" ყოფილ ფეხბურთელებს.
მწვრთნელობა არ ხიბლავს, ბიზნესი უფრო აინტერესებს და თუ საქმე კვლავაც წარმატებულად წაუვიდა, არ არის გამორიცხული, ანიელების ოჯახისგან "იუვენტუსი" შეიძინოს.