ბერგამოს "ატალანტა" საოცარი ფეხბურთისა და შედეგების ჩვენებას განაგრძობს და ზედიზედ მე-12 გამარჯვება "სამპდორიას" წინააღმდეგ მოიპოვა - 2:0.
შეხვედრაში ანგარიში ბერგამოელთა ბრაზილიელმა მცველმა რაფაელ ტოლოიმ 75-ე წუთზე გახსნა. თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ აღნიშნულ მომენტში მსაჯს კუთხური არ უნდა დაენიშნა. "ატალანტას" მეორე გოლიც კუთხურს მოჰყვა, ლამაზი გოლი კი 85-ე წუთზე ლუის მურიელმა შეაგდო.
ამ გამარჯვებით ჯან პიერო გასპერინის გაწვრთნილმა გუნდმა სერია A-ში 66 ქულა მოაგროვა, 2 ქულით გაუსწრო მილანის "ინტერს" და მხოლოდ ამდენივეთი ჩამორჩება რომის "ლაციოს". წინ კი მხოლოდ ტურინის "იუვენტუსია", რომელსაც "ატალანტა" მომდევნო ტურში, გასვლაზე დაუპირისპირდება. მატჩი 11 ივლისს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.