მ/ჩ 2018. შესარჩევი. სამხრეთი ამერიკა. ბოლო ტურის წინ: ყოფნა, არყოფნა...

AutoSharing Option
მაშ ასე, ძალიან ცოტა დრო რჩება იმ დრომდე, როცა არგენტინის ნაკრების ბედი გადაწყდება - იქნება თუ არა ლეო მესი მუნდიალზე, საფეხბურთო სამყაროს განხილვის მთავარი თემაა ახლა.

დრამატული ფინალი კი სამხრეთ ამერიკაში მხოლოდ არგენტინის ნაკრებს არ ელის...

ვინაიდან ერთი საგზურის ბედი დიდი ხანია, გადაწყვეტილია (ბრაზილია), რბოლას შემორჩენილი 6 გუნდი იბრძვის 3 მუნდიალისა და 1 პლეი-ოფის საგზურისთვის

ბრაზილია, ეკვადორი, ბოლივია და ვენესუელა უმოტივაციოა - ბოლო სამი რბოლას ჩამოცილებულია და პლეი-ოფსაც ვერ შეწვდება. ასე რომ, ბოლო ტურში ხუთიდან მხოლოდ ერთ წყვილში (პერუ-კოლუმბია) აქვს
ორივე ნაკრებს მოტივაცია. განვიხილოთ ამ ექვსეულის შანსები.

ურუგვაი
ურუგვაიმ უკვე მოიპოვა პლეი-ოფის საგზური (სულ მცირე) და ახლა კი მუნდიალის უშუალო საგზურის მოპოვებაც ძალზე იოლად შეუძლია - ამისთვის საჭიროა მოგება ან ფრე შინ უმოტივაციო ბოლივიასთან. "ლა სელესტე", შესაძლოა, წაგებითაც კი გავიდეს მუნდიალზე. 81 არსებული ვარიანტიდან, მხოლოდ 6 შემთხვევაშია მათი გასვლა სათუო. ჩავთვალოთ, რომ ოსკარ ვაშინგტონ ტაბარესის გუნდის რუსეთშია...

ჩილე
ჩილე გადის მუნდიალზე, თუ სტუმრად დაამარცხებს ბრაზილიას. ბუნებრივია, თუნდაც უმოტივაციო "სელესაოს" მისსავე მოედანზე დამარცხება ურთულესი ამოცანაა.

ფრის ან წაგების შემთხვევაში, ყველაფერი შეიძლება მოხდეს - სხვა მატჩების ანგარიშების მიხედვით, ჩილე შესაძლოა, წავიდეს რუსეთში, დაიბევოს პლეი-ოფი ახალ ზელანდიასთან, ან გავარდეს.

კოლუმბია
გასულია, თუ ლიმაში პერუს დაამარცხებს. ისევე, როგორც ჩილეს შემთხვევაში - ფრე და წაგების შემთხვევაში სამივე ვარიანტი (გასვლა, პლეი-ოფი, გავარდნა) შესაძლებელია.

პერუ
მუნდიალზე ითამაშებს, თუ დაამარცხებს კოლუმბიას და ვერც არგენტინა იმარჯვებს და ვერც ჩილე. თუ სამივე გუნდი მოიგებს, მაშინ გოლთა თანაფარდობა გადაწყვეტს, პერუსა და არგენტინიდან რომელი გავა პირდაპირ მუნდიალზე და რომელი - პლეი-ოფში (კოლუმბია ამ შემთხვევაში გასულია). პერუს თეორიული შანსი რჩება ფრის შემთხვევაში. წაგების შემთხვევაში კი მხოლოდ პლეი-ოფს შეიძლება შეწვდნენ.

არგენტინა
არგენტინის ნაკრები მუნდიალის საგზურს მოიპოვებს, თუ კიტოში დაამარცხებს ეკვადორს და კოლუმბია და ჩილედან ერთ-ერთი ვერ მოიგებს. თუ ორივე მოიგებს, "ალბისელესტეს" ეკვადორული გამარჯვება მხოლოდ პლეი-ოფზე ეყოფა. ფრის შემთხვევაში მხოლოდ 22%-ია იმის შანსი, რომ არგენტინამ საგზური მოიპოვოს.

არგენტინა პლეი-ოფში შეიძლება გავიდეს წაგებითაც, მაგრამ ამ შემთხვევაში, პერუც უნდა დამარცხდეს და ვერც პარაგვაიმ მოიგოს თავისი მატჩი. ამ ყველაფრის შემდეგ კი გოლებს დაითვლიან. მოკლედ, წაგება თითქმის გავარდნის ტოლფასია.

პარაგვაი
მუნდიალზე გავა, თუ იმარჯვებს, ხოლო ჩილე დამარცხდება, არგენტინა კი ვერ მოიგებს. ფრის შემთხვევაში, პარაგვაის პლეი-ოფში მოხვედრის 11%-იანი შანსი რჩება.

სამშაბათი, 10 ოქტომბერი
ბრაზილია-ჩილე 03:30
ეკვადორი-არგენტინა 03:30
პარაგვაი-ვენესუელა 03:30
პერუ-კოლუმბია 03:30
ურუგვაი-ბოლივია 03:30

თ მ ფ წ ბ ქ
1. ბრაზილია 17 11 5 1 38-11 38
2. ურუგვაი 17 8 4 5 28-18 28
3. ჩილე 17 8 2 7 26-24 26
4. კოლუმბია 17 7 5 5 20-18 26
5. პერუ 17 7 4 6 26-25 25
6. არგენტინა 17 6 7 4 16-15 25
7. პარაგვაი 17 7 3 7 19-24 24
8. ეკვადორი 17 6 2 9 25-26 20
9. ბოლივია 17 4 2 11 14-34 14
10. ვენესუელა 17 1 6 10 18-35 9

შენიშვნა: I-IV ადგილები მუნდიალზე, V ადგილი - პლეი-ოფში
ბომბარდირები: 9 - ედინსონ კავანი (ურუგვაი); 7 - ფელიპე კაისედო (ეკვადორი), ალექსის სანჩესი (ჩილე).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული