ფაქტები, ისტორია, ელემენტარული ინფო და პირველი მატჩი - დღეს მუნდიალი ოფიციალურად გაიხსნება

AutoSharing Option
დღეს, 14 ივნისს, მოსკოვში, "ლუჟნიკების სტადიონზე" მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატი ოფიციალურად გაიხსნება.

პირველი შეხვედრა A ჯგუფში რუსეთსა და საუდის არაბეთს შორის ჩვენი დროით 19:00 საათზე გაიმართება. მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას "პირველი არხი" განახორციელებს.

ფაქტები და ისტორია
აღსანიშნავია, რომ რუსეთმა მუნდიალის ჩასატარებლად 678 მილიარდი რუბლი დახარჯა, რაც დაახლოებით 9 მილიარდ ევროზე მეტია, თუმცა ამ თანხაში ინფრასტრუქტურული ხარჯებიც შევიდა.

დღეიდან მთელ მსოფლიოში ერთი თვის განმავლობაში უმეტესობა ფეხბურთზე ისაუბრებს.

მსოფლიოს ჩემპიონატი ფეხბურთში ორი მთავარი სპორტული ტურნირიდან ერთ-ერთია; პოპულარობით მხოლოდ ოლიმპიური თამაშები თუ გაუტოლდება მუნდიალს.

მაგალითისთვის, 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ მატჩს გერმანიასა და არგენტინას შორის მილიარდ ადამიანზე მეტმა უყურა.

მსოფლიოს ჩემპიონატი 1930 წლიდან იღებს სტარტს და ყოველ 4 წელიწადში ერთხელ იმართება. 1942 და 1946 წლებში მუნდიალი მეორე მსოფლიო ომის გამო არ ჩატარებულა. გამომდინარე აქედან, რუსეთში რიგით 21 მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყება.

1930 წელს ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (ფიფა) უბრალოდ მსურველებს მოუწოდა, ტურნირში მონაწილეობა მიეღოთ. მაშინ ურუგვაიში, სადაც ტურნირი ტარდებოდა, 13 ნაკრები ჩავიდა. ჩემპიონები მასპინძლები გახდნენ, რომლებმაც ფინალში არგენტინა 4:2 დაამარცხეს.

1934 წელს მსურველთა რაოდენობა გაიზარდა და ფიფამ ტურნირის ფორმატის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო. 1934 წელს შესარჩევ ეტაპზე 32 ნაკრები მონაწილეობდა, აქედან 16 ფინალურ სტადიაზე გადიოდა.

84 წლის შემდეგ, ანუ უკვე 2018-ში ციფრები შეიცვალა და შესარჩევ ეტაპზე 207-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 31 ფინალურ სტადიაზე გავიდა, ხოლო ერთი საგზური მასპინძელ ქვეყანას, ამ შემთხვევაში რუსეთს ერგო.

მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში ჩემპიონი მხოლოდ 8 გუნდი გამხდარა.

  • ბრაზილია - 5
  • გერმანია -4
  • იტალია - 4
  • არგენტინა - 2
  • ურუგვაი - 2
  • საფრანგეთი - 1
  • ესპანეთი - 1
  • ინგლისი - 1

ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც 3 მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება შეძლო, ლეგენდარული ბრაზილიელი მოთამაშე პელეა, რომელმაც ნაკრებთან 1958, 1962 და 1970 წლებში იზემა ჩემპიონობა.

ელემენტარული ინფორმაცია
ტურნირში მონაწილეობას 32 ნაკრები ღებულობს. წილისყრის შედეგად ისინი რვა 4-გუნდიან ჯგუფში განაწილდნენ. ჯგუფში ნაკრებები ერთმანეთთან თითო მატჩს ჩაატარებენ. გუნდები, რომლებმაც პირველი და მეორე ადგილები დაიკავეს, პლეი-ოფში გავლენ. პლეი-ოფში გამარჯვებული შემდეგ ეტაპზე გადადის. თუ პლეი-ოფში შეხვედრა ფრედ დასრულდა, ინიშნება დამატებითი 15-15-წუთიანი ორი ტაიმი. თუ ოვერტაიმშიც ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, ინიშნება პენალტების სერია.

მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩები რუსეთის 11 ქალაქის 12 სტადიონზე გაიმართება.

altროგორი სტადიონებით ხვდება რუსეთი მსოფლიო ჩემპიონატს? [VIDEO]


მასპინძელი ქალაქები: მოსკოვი, სანკტ-პეტერბურგი, ეკატერინბურგი, ვოლგოგრადი, სამარა, ნიჟნი-ნოვგოროდი, როსტოვი, კალინინგრადი, სოჭი, ყაზანი და სარანსკი.

altმსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის კალენდარი


გახსნითი მატჩი
ახლა კი გახსნით მატჩზე გადავიდეთ. რუსეთის ნაკრებისგან კარგს არაფერს ელიან არათუ მსოფლიოში, არამედ თავად რუსებსაც არ სჯერათ თავიანთი ნაკრების, რაც ფეხბურთელების უხეირო თამაშითა და მთავარი მწვრთნელის, სტანისლავ ჩერჩესოვის გადაწყვეტილებებით არის განპირობებული.

რუსეთის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე სულ 3-ჯერ ითამაშა - 1994, 2002 და 2014 წლებში. ჯგუფიდან ერთხელაც არ გასულა, არადა, წილისყრაში ყოველთვის უმართლებდათ.

ამჟამად რუსეთის ნაკრები ფიფას რეიტინგში 70-ე ადგილზეა, რაც ყველაზე ცუდი მაჩვენებელია ტურნირის მონაწილე ნაკრებებს შორის.

ჩერჩესოვი რუსეთის ნაკრებს 2016 წლის შემდეგ წვრთნის. გუნდის კაპიტანი იგორ აკინფეევია. გუნდის საშუალო ასაკი 28.3 წელია.

რუსეთს ბოლო 7 ამხანაგურ მატჩში ვერ მოუგია. ბოლოს ჩერჩესოვის შეგირდებმა 2017 წლის ოქტომბერში მოიგეს, როცა სამხრეთი კორეა დაამარცხეს. კონფედერაციათა თასზე კი ახალ ზელანდიას მოუგეს, პორტუგალიასთან და მექსიკასთან დამარცხდნენ, ჯგუფიდან კვლავ ვერ გავიდნენ.

altრუსეთის ნაკრების მცველის გეგმები: სუარესს ვუკბენ, სალაჰს კი რამოსის ილეთს ჩავუტარებ


თუმცა მილანის "ინტერის" ყოფილი მცველი ხავიერ ძანეტი ფიქრობს, რომ რუსეთს შეუძლია მეტოქეებს სიურპრიზები შესთავაზოს.

"რუსეთის ნაკრები გუნდურობით არის ძლიერი და სიურპრიზების შეთავაზება შეუძლია. როგორც წესი, ასეთი გუნდები სერიოზულად ემზადებიან, რომ საკუთარი მაყურებლის წინაშე საუკეთესო ფეხბურთი აჩვენონ. ვფიქრობ, რუსეთის ნაკრები ჯგუფიდან გავა და შეეცდება, რაც შეიძლება შორს წავიდეს", - აღნიშნავს ძანეტი.

რუსეთის ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: იგორ აკინფეევი (ცსკა), ვლადიმირ გაბულოვი ("ბრიუგე", ბელგია), სოსლან ჯანაევი ("რუბინი"), ანდრეი ლუნევი ("ზენიტი")

მცველები: ვლადიმი გრანატი ("რუბინი"), რუსლან კამბოლოვი ("რუბინი"), ფიოდორ კუდრიაშევი ("რუბინი"), ილია კუტეპოვი ("სპარტაკი"), რომან ნოიშტადტერი ("ფენერბახჩე", თურქეთი), კონსტანტინ რაუში ("დინამო"), ანდრეი სემენოვი ("ახმატი"), იგორ სმოლნიკოვი ("ზენიტი"), მარიო ფერნანდესი (ცსკა)

ნახევარმცველები: იური გაზინსკი ("კრასნოდარი"), ალექსანდრ გოლოვინი (ცსკა), ალან ძაგოევი (ცსკა), ალექსანდრ იეროხინი ("ზენიტი"), იური ჟირკოვი ("ზენიტი"), რომან ზობნინი ("სპარტაკი"), ალექსანდრ სამედოვი ("სპარტაკი"), ანტონ მირანჩუკი ("ლოკომოტივი"), ალექსანდრ ტაშაევი ("დინამო"), დენის ჩერიშევი ("ვილიარეალი", ესპანეთი)

თავდამსხმელები: არტიომ ძიუბა ("არსენალი"), ალექსეი მირანჩუკი ("ლოკომოტივი"), ფიოდორ სმოლოვი ("კრასნოდარი"), ფიოდორ ჩალოვი (ცსკა)

რაც შეეხება საუდის არაბეთს, ის ფიფას რეიტინგში 67-ე ადგილზეა.

აზიის შესარჩევი ეტაპი ორი ჯგუფური ეტაპისგან შედგება. საუდის არაბეთმა პირველ ჯგუფურ ეტაპზე პირველი ადგილი დაიკავა, სადაც 8 მატჩში 27 გოლი გაიტანა.

ხოლო შემდეგ იაპონიასთან და ავსტრალიასთან ჭიდილში მეორე ადგილი დაიკავა, ავსტრალია მესამე ადგილზე დატოვა და მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდა.

საუდის არაბეთმა ამხანაგურ მატჩებში მოლდოვა გაანადგურა, მოუგო ალჟირს და საბერძნეთს, დამარცხდა იტალიასთან (1:2) და წააგო პერუსთან (0:3).

  • მთავარი მწვრთნელი - ხუან ანტონიო პიცი
  • მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობა - 4-ჯერ
  • საუკეთესო მაჩვენებელი - 1994 წელს 1/8-ფინალი
  • გუნდის ვარსკვლავი - მუჰამედ ალ-საჰლავი (ალ-ნასრი)

ალ-საჰლავს ნაკრების ლამის ყოველ შეხვედრაში გააქვს გოლი. ამიტომ რუსების ყველაზე დიდი თავის ტკივილი სწორედ ის იქნება.

"მაქსიმალურად უნდა დავიხარჯოთ და შევეცადოთ, მომდევნო ეტაპზე გავიდეთ. ეს შეუძლებელი არაა, მსოფლიოს ჩემპიონატზე ყველაფერი შეიძლება მოხდეს, თუმცა ახლა  პირველი მატჩი გველის, რომელიც მომავლის განწყობას შექმნის და განსაკუთრებულია ის ფაქტი, რომ პირველად მასპინძლებთან გვიწევს თამაში.

დიდი ამბიციები გვაქვს, მუნდიალის ფინალში გვინდა გასვლა. ვფიქრობ, ჩვენი შრომა დაფასდება", - თქვა ნაკრების კაპიტანმა ოსამა ჰაუსაუიმ.

საუდის არაბეთის შემადგენლობა:

მეკარეები: ასაფ ალ-კარნი ("ალ-იტიჰადი") მოჰამედ ალ-ოვაისი ("ალ-აჰლი"), იასერ ალ-მოსაილემი ("ალ-აჰლი"), აბდულა ალ-მაიუფი ("ალ-ჰილალი").

მცველები: მანსურ ალ-ჰარბი, საიდ ალ-მოვალადი, მოთაზ ჰავსავი ( "ალ-აჰლი"), იასერ ალ-შაჰრანი, ოსამა ჰავსავი, მოჰამედ ალ-ბურაიკი, მოჰამედ ჯაჰფალი, ალი ალ-ბულაიჰი ("ალ-ჰილალი"), ომარ ჰავსავი ("ალ-ნასრი").

ნახევარმცველები: აბდულა ალ-ჰაიბარი ("ალ-შაბაბი"), ალი ალ-ჰაიბარი ("ალ-ეტიფაკი"), აბდულა ოტაიფი, სალმან ალ-ფარაჯი, ნავაფ ალ-აბედი "ალ-ჰილალი"), ტაისირ ალ-ჯასიმი ("ალ-აჰლი"), ჰუსეინ ალ-მაფჰავი, მოჰამედ კანო, ჰატან ბაჰებრი"ალ-შაბაბი"), მოჰამედ ალ-კოვაიკაბი, სალემ ალ-დოსარი ("ვილაირეალი"), იაჰია ალ-შერი ("ლეგანესი").

თავდამსხმელები: ფაჰად ალ-მუვალადი ("ლევანტე"), მოჰამედ ას-საჰლავი ("ნასრი"), მოჰანად ასერი ("ალ-აჰლი").

altმუნდიალი. A ჯგუფი: რუსეთი ოცნებობს - "ოღონდ სალაჰი არა!"

მკითხველის კომენტარები / 7 /
ხოო კაი ხუმრობაა ისე კი ჩვენს მიწაზე მსოფლიო თასია და იქ ვერ ჩავდივართ დამოუკიდებლობა კარგია მართლა რო ხარ და არა ასეთი არსად რო არ წერიხარ.
samtredski
14 ივნისი 2018 15:31
1
მართლაც რომ ჭკუა-გონება და დაფიქრება ჭირდება ყველაფერს.
წარმოიდგინეთ, დროზე რომ მივმხვდარიყავით 90-იანების სიბნელის შემდეგ ე.წ. "დამოუკიდებლობის" აბსოლუტურ უაზრობას და დავბრუნებოდით ბუნებრივ წიაღს - თბილ და ტკბილ რუსეთის იმპერიას.
ახლა ვიქნებოდით ბედნიერები და მდიდრები. რუსეთის ნაკრები იქნებოდა ბევრად უფრო ანგარიშგასაწევი ძალა კვირკველია-ანანიძე-ოქრიაშვილის დამატებით. თბილისში კი ჩატარდებოდა მსოფლიოს ჩემპიონატის რამდენიმე მატჩი ულტრათანამედროვე, 70 ათასიან "პეტრე ბაგრატიონ არენაზე".
იგორ პანტელეიმონოვიჩი
14 ივნისი 2018 15:02
15
ვახ შენ გენაცვალე. საამაყო ქართველი ხარ
იგორ პანტელეიმონოვიჩის!
14 ივნისი 2018 17:42
1
ბუნებრივ წიაღში დასაბრუნებელი ნამდვილად ხარ, თუ მართლა მასე ფიქრობ. (ბუნებრივზე ვლაპარაკობ, შენს სანატრელ რუსეთზე კი არა)
mix
14 ივნისი 2018 16:31
3
2014 წელს ნამნვილად გერმანია არგენტინა იყო ფინალისტი?
bebeto
14 ივნისი 2018 11:58
9
ისიც დაგემატებინა, რომ სამაჩაბლოს მაშინ ხუთის ნაცვლად ოთხი პენალტი დაარტყმევინეს - არაღიარებულებს მეტი არ ეკუთვნითო.
მსქტროლს
14 ივნისი 2018 14:51
2
რა თქმა უნდა, არა, - ხუმრობს საიტი - ნაურუ და სამაჩაბლო შეხვდნენ ფინალში და პენლებით მანაგუამ გაიმარჯვა...
მსქროლავი ტროლი
14 ივნისი 2018 13:18
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული