მუნდიალი 2018. XII დღის მატჩების წინ: ფავორიტებს ნერვიულობა მოუწევთ

AutoSharing Option
პირველ-მეორეზე უნდა გაითვალონ, სალაჰი არსად წასულა
A ჯგუფის ერთადერთი ინტრიგა პირველი ადგილის ბედია - ვინ მოიგებს ჯგუფს და შეხვდება B ჯგუფში მეორე ადგილზე გასულ ნაკრებს - მასპინძელი რუსეთი თუ ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი ურუგვაი?

"კოსმოს არენაზე" გამარჯვება და ფრე რუსებს აწყობთ, რადგან გოლების შეფარდებით უსწრებენ მეტოქე გუნდს. კიდევ ერთი მოტივაცია ჩერჩესოვის გუნდისთვის ის არის, რომ გამარჯვებით რუსეთის ეს ნაკრები ისტორიაში შევა, რადგან აქამდე არც რუსეთს (საერთოდ არასოდეს გასულა ჯგუფიდან) და არც მის წინამორბედ საბჭოთა კავშირს არ მოუგია ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩი.

რუსეთი და ურუგვაი აქამდე მხოლოდ ერთხელ, 2012 წელს, ამხანაგურ მატჩში შეხვდნენ ერთმანეთს. ის თამაში 1:1 დასრულდა. ურუგვაის ნაკრები საბჭოთა კავშირის ნაკრებს 9-ჯერ შეხვედრია და უარყოფითი ბალანსი აქვს - 1 მოგება, 1 ფრე, 7 წაგება, მაგრამ მუნდიალებზე აქედან მხოლოდ 2 თამაში იყო (1 მოგება, 1 წაგება).

რუსთა შემტევ ნახევარმცველ დენის ჩერიშევს კი სულაც მუნდიალის ბომბარდირობა სურს - ბოლო რუსი, რომელმაც ეს შეძლო, საბჭოელი ოლეგ სოლენკო იყო 1994 წლის მუნდიალზე (ბულგარელ ხრისტო სტოიჩკოვთან ერთად).

რუსეთის ნაკრებში ძალზე საეჭვოა ალან ძაგოევის თამაში. სხვა ყველა მწყობრშია. ურუგვაის ნაკრებს დაემტვრა პირველ მატჩში გოლის ავტორი ხოსე ხიმენესი და ის რუსეთთან დაპირისპირებაში არ იქნება.


ორშაბათი. 25 ივნისი. სამარა. კოსმოს არენა
ურუგვაი-რუსეთი 18:00
სავარაუდო შემადგენლობები
ურუგვაი (4-4-2): მუსლერა - ვარელა, კოატესი, გოდინი, კასერესი - კ. სანჩესი, ბენტანკური, ვესინო, კ. როდრიგესი - ლ. სუარესი, კავანი
რუსეთი (4-2-3-1): აკინფეევი - ფერნანდეში, კუტეპოვი, იგნაშევიჩი, ჟირკოვი - გაზინსკი, ზობნინი - სამედოვი, გოლოვინი, ჩერიშევი - სმოლოვი
არბიტრი: მ. დიედიუ (სენეგალი)

altის ჯერ არ შემცდარა - წავმა ჰარიმ ურუგვაისთან რუსეთის წაგება იწინასწარმეტყველა [VIDEO]


* * *

აუტსაიდერთა დაპირისპირებაში მთავარი მოჰამედ სალაჰზე დარხეული ხმები იყო, თითქოს, მან ნაკრების ხელმძღვანელობას მოსთხოვა, "ლივერპულში" რაც შეიძლება მალე გამიშვითო. მოგვიანებით, თავად სალაჰმა უარყო, მსგავსიც არაფერი ყოფილაო.

ორშაბათი. 25 ივნისი. ვოლგოგრადი. ვოლგოგრად არენა
ს. არაბეთი-ეგვიპტე 18:00
სავარაუდო შემადგენლობები
საუდის არაბეთი (4-2-3-1): ალ-მოსაილემი - ალ-ბერიკი, ჰავსავი, ალ-ბულაიჰი, ალ-შაჰრანი - ოტაიფი, ალ-ფარახი - ალ-შეჰრი, კანო, ალ-დავსარი - ალ-მუვალადი
ეგვიპტე (4-2-3-1): ელ-ჰადარი - ფათჰი, გაბრი, ჰეგაზი, შაფი - ელნენი, ჰამედი - სალაჰი, საიდი, ტრეზეგე - კაჰრაბა
არბიტრი: ვ. როლდანი (კოლუმბია)

altმოჰამედ სალაჰს რამზან კადიროვის გამო ეგვიპტის ნაკრების დატოვება უნდა


ფაქტები
  • ურუგვაის ნაკრები ევროპაში ევროპული გუნდების წინააღმდეგ - 4 მოგება, 3 ფრე, 6 წაგება.
  • რუსეთის ნაკრებს 3-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. გუნდის ბოლო 7 მატჩიდან 5-ში 2.5 გოლზე მეტი გავიდა.
  • საპირისპიროდ, ურუგვაის ბოლო 5 მატჩიდან 4-ში 2.5 გოლზე ნაკლები გავიდა.
  • ურუგვაის ნაკრებმა ბოლო 5 თამაშში პირველმა გაიტანა და კარი მშრალად შეინახა.
  • მუნდიალებზე საუდის არაბეთს 12 თამაშია, რაც არ მოუგია (2 ფრე, 10 წაგება). გუნდი 5-დან 4 შემთხვევაში ჯგუფში ჩარჩა.
  • ეგვიპტის ნაკრების მოუგებელი სერია მუნდიალზე შედარებით მოკლეა - 6 თამაში (2 ფრე, 4 წაგება).
  • საუდის არაბეთს მუნდიალზე 366 წუთია ვერ გაუტანია.

ფავორიტებს  ნერვიულობა მოუწევთ, ირანი შანსისთვის იბრძოლებს, მაროკო ღირსებისთვის
ჯგუფის მთავარი მატჩი სარანსკშია, სადაც "მორდოვია არენაზე" ევროპის ჩემპიონი პორტუგალია ირანს შეხვდება. პლეი-ოფში გასვლის შანსი ორივე გუნდს აქვს. ესპანეთი კი კალინინგრადში უკვე გავარდნილ მაროკოს ხვდება.

იმისთვის, რომ ჯგუფის ფავორიტები, ესპანეთი და პორტუგალია მერვედფინალში გავიდნენ, ირანის ნაკრებმა ვერ უნდა მოუგოს კრიშტიანო რონალდოსა და კომპანიას, ხოლო ესპანეთი მაროკოსთან არ უნდა დამარცხდეს.

მოკლედ, ყველაფერს "არევს" ირანის გამარჯვება. ჩვენ კარგად ვიცით, რა კარგად თამაშობს ირანის ნაკრები დაცვაში, მაგრამ როგორია "პირველ ნომრად" თამაშისას, წარმოდგენა არა გვაქვს, რადგან კარლუშ კეირუშის გუნდმა მაროკოსთანაც და ესპანეთთანაც "ავტობუსი ჩააყენა".

პირველ მატჩში ამ ტაქტიკამ გაამართლა. ახლოს იყვნენ მიზანთან მეორე შეხვედრაშიც, თუმცა მსაჯმა მათ ესპანელთა კარში გატანილი ბურთი არ ჩაუთვალა.

პორტუგალიის ნაკრებს პლეი-ოფში გასასვლელად ფრეც ჰყოფნის, წაგება კი, დიდი ალბათობით, დამღუპველი იქნება. ისტორია პორტუგალიის მხარესაა - პირინეელებს ორჯერ ჰყავთ აქამდე ირანელები დამარცხებული.

ირანი, რა თქმა უნდა, კრიშტიანო რონალდოს უნდა უფრთხოდეს, რომელმაც ეროვნულ ნაკრებში 85 გოლი გაიტანა და წინა ტურში გახდა ყველა დროის საუკეთესო ევროპელი გოლეადორი (მას მერე, რაც უნგრელ ფერენც პუშკაშს გაუსწრო). რონალდოს 4 გოლი აქვს ამ მუნდიალზე და ბომბარდირობისთვისაც იბრძვის.

საეიდ ეზატოლაჰიმ, სწორედ მან, ვისი გოლიც ესპანეთის ნაკრების კარში მსაჯმა გააუქმა, ირანელ ფანებს მოუწოდა, გუნდს გვერდში დაუდგნენ. ეზატოლაჰიმ პირველი მატჩი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა. ის ირანის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია.

ირანელთა რიგებში ჯაჰანბახშისა და ჩეშმის თამაში საეჭვოა, პორტუგალიას ტრავმირებული არავინ ჰყავს. მაროკოსთან თამაშში რაფაელ გერეირომ ფლანგი ჩააგდო, თუმცა სანტუში მის სკამზე გადასმას არ აპირებს. სამაგიეროდ, შესაძლოა, ჟოაო მარიოს ნაცვლად ბრუნო ფერნანდეშმა ითამაშოს.

ორშაბათი. 25 ივნისი. სარანსკი. მორდოვია არენა
ირანი-პორტუგალია 22:00
სავარაუდო შემადგენლობები
ირანი (4-5-1-): ბეირავანდი - რეზაეიანი, ჰოსეინი, პურალიგანჯი, სუფი - ჯაჰანბახში, ებრაჰიმი, ეზატოლაჰი, ამირი, ანსარიფარდი - აზმუნი
პორტუგალია (4-4-2): პატრისიო - სოარეში, პეპე, ჟოზე ფონტე, გერეირო - ბერნარდო სილვა, ჟოაო მოუტინიო, ვ. კარვალიო, ფერნანდეში - რონალდო, გედეში
არბიტრი: ე. კასერესი (პარაგვაი)

altრონალდომ ირანელ ფანებს სთხოვა, დაძინების საშუალება მიეცათ [VIDEO]


* * *

ესპანეთს ისტორიაში მე-9-ედ შეუძლია პლეი-ოფში გასვლა. ამისთვის სრულიად საკმარისი იქნება ფრე უმოტივაციოდ დარჩენილ მაროკოსთან, რომელიც სულაც არ არის ცუდი გუნდი.

ერვე რენარის გუნდს, არც ქულა აქვს და არც გოლი გაუტანია, მაგრამ ორივე მეტოქეს აჯობა თამაშით (ირანსაც და პორტუგალიასაც), თუმცა ორჯერვე მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.

ეს გუნდები ერთმანეთს 1961 წელს შეხვდნენ ორჯერ, მუნდიალის საკვალიფიკაციო პლეი-ოფში. ესპანელებმა სტუმრად 1:0 მოიგეს, შინ კი - 3:2.

ფერნანდო იერომ ირანთან თამაშში, ბევრისთვის მოულოდნელად, ლუკას ვასკესი ათამაშა, მაგრამ "რეალის" ფეხბურთელმა ეს შანსი ვერ გამოიყენა და ახლა მას სასტარტოში არ ველით.

სამაგიეროდ, დანი კარვახალმა დაამტკიცა, რომ ტრავმა მოიშუშა და მაროკოსთან თამაშშიც მარჯვენა ფლანგზე ის იმოქმედებს.

ერვე რენარი (მაროკოს მწვრთნელი): "ისე ვითამაშებთ, თითქოს, პლეი-ოფში გასვლის შანსი გვაქვს".

ორშაბათი. 25 ივნისი. კალინინგრადი. კალინინგრად არენა
ესპანეთი-მაროკო 22:00
სავარაუდო შემადგენლობები
ესპანეთი (4-3-3): დე ხეა - კარვახალი, პიკე, რამოსი, ალბა - ტიაგო ალკანტარა, ბუსკეტსი, ინიესტა - ისკო, დიეგო კოშტა, დავიდ სილვა
პორტუგალია (4-2-3-1): მოჰამედი - დირარი, ბენატია, და კოშტა, ჰაკიმი - ბუსუფა, აჰმადი - ამრაბატი, ბელჰანდა, ზიეხი - ელ კააბი
არბიტრი: რ. ირმატოვი (უზბეკეთი)

ფაქტები
  • ამ მუნდიალზე პორტუგალიის ყველა გოლი კრიშტიანო რონალდომ გაიტანა.
  • პორტუგალია აზიური ნაკრებების წინააღმდეგ - 7 მოგება, 1 ფრე, 1 წაგება.
  • მსოფლიოს თასზე (საკვალიფიკაციოების ჩათვლით) ბოლო 11 მატჩიდან 10 მოიგო. ბოლო 7 საგარეო მატჩიდან 6 კი ნულზე მოიგო.
  • პორტუგალიის ნაკრებმა ბოლო 8 მატჩიდან 6-ში კარი მშრალად შეინახა.
  • ირანი ევროპელების წინააღმდეგ: 17 მოგება, 17 ფრე, 30 წაგება (სულ 64 მატჩი).
  • ესპანეთის ნაკრებმა მსოფლიოს თასზე (საკვალიფიკაციოების ჩათვლით) ბოლო 10 თამაშიდან 9 მოიგო.
  • ესპანეთს 22 თამაშია, არ წაუგია - 15 მოგება, 7 ფრე.
  • ბოლო 21 მატჩია, რაც მაროკო 1 გოლზე მეტს არ უშვებს (საშუალოდ - 0.52 გოლი თამაშში).
  • ესპანეთის ნაკრებს 29 თამაშია, რაც 0:0 არ უთამაშია.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
"ახლოს იყვნენ მიზანთან მეორე შეხვედრაშიც, თუმცა მსაჯმა მათ ესპანელთა კარში გატანილი ბურთი არ ჩაუთვალა"
"საეიდ ეზატოლაჰიმ, სწორედ მან, ვისი გოლიც ესპანეთის ნაკრების კარში მსაჯმა გააუქმა"
- ისე წერთ თითქოს ჩასათვლელი გოლი იყო, რა ხდება როდის მერე გახდით ირანელების გულშემატკივრები? ალბათ კარგ და ლამაზ ფეხბურთს რომ თამაშობენ იმიტომ უჭერთ მხარს?
zuzu
17:34 25-06-2018
1
დიეგო:მუნდიალი იმიტომ რომ,სად სცალიათ მსოფლიო ჩემპიონატის დასაწერად,მუნდიალი მოკლედ ითქმის თან ხომუნდა შესძინონ ქართულ ენას სიმახინჯე..პ.ს.ასე რამ შეგაჯავრათ ილიას,აკაკის და რუსთაველის ენა ამ ვითომ გაევროპელებულ ქართველ ჟურნალისტებს...
euhh
16:25 25-06-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული