შვედეთი VS ინგლისი - დაცვა შეტევის წინააღმდეგ

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრები მუნდიალზე მეოთხედფინალში მეცხრედ გავიდა. არც შვედეთია მუნდიალის ამ ეტაპისთვის უცხო - მეოთხედ თამაშობს.

მიუხედავად ამისა, დიდი ხანია, რაც ეს გუნდები წარმატებულად ვეღარ გამოდიან მსოფლიოს ჩემპიონატებზე. შვედეთს მეოთხედფინალი 1994 წლის მერე არ უთამაშია, ხოლო თუ ინგლისი მოიგებს, ეს მისთვის პირველი ნახევარფინალი იქნება 20-წლიანი პაუზის შემდეგ.

მას მერე, რაც შვედეთის ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე გერმანიასთან წააგო, სკანდინავიურმა გუნდმა ერთობ მოუმატა - მერვედფინალში შვედებმა ფიფას რეიტინგში მე-6 ადგილზე მყოფი შვეიცარია დაამარცხეს. გუნდის საფირმო სიძლიერე დაცვის ხაზია - ანდრეას გრანკვისტის ლიდერობით, შვედი მცველები
შესანიშნავად ირჯებიან და შედეგიც სახეზეა - ბოლო 7 მატჩიდან 6-ში ნაკრებს გოლი არ გაუშვია.

ინგლისის უპირატესობა კი შეტევაა - გარეთ საუთგეიტის ახალგაზრდულმა გუნდმა მუნდიალის 4 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა. კოლუმბიასთან მატჩში ერთი ისტორიული ფაქტი მოხდა - ინგლისელებმა ისტორიაში პირველად მოიგეს მსოფლიოს ჩემპიონატზე პენალტების სერია. ეს უდიდესი ფსიქოლოგიური წარმატებაა, თქმა არ უნდა.

"სამი ლომის" მარცხი ბელგიასთან ჯგუფურ ეტაპზე, თანაც მეორე შემადგენლობით, ამ გუნდის ერთადერთი წაგებაა ბოლო 14 თამაშში.

შვედეთისა და ინგლისის ნაკრებები მუნდიალზე ერთმანეთს ორჯერ შეხვდნენ. ორჯერვე ეს იყო ჯგუფური ეტაპის მატჩი და ორივე შემთხვევაში თამაში ფრედ დასრულდა.

მაშ ასე, ვნახოთ, როგორი დუელი შედგება ჰარი კეინსა და ანდრეას გრანკვისტს შორის. შვედების დაცვის ნამდვილი ლიდერი შეეცდება კეინის განეიტრალებას. შვედები ბოლოს საშუალოდ 0.16 გოლს უშვებენ, ეს ბრწყინვალე შედეგია, მაგრამ მათ წინააღმდეგ მუნდიალის ბომბარდირობის მთავარი კანდიდატი, ამჟამინდელი ლიდერი 6 გოლით, ჰარი კეინი ითამაშებს.

დისკვალიფიკაციის გამო შვედებს ლუსტიგი დააკლდებათ, ხოლო ინგლისელთა რიგებში საეჭვოა ჯეიმი ვარდის თამაში.

შვედებს სებასტიან ლარსონი უბრუნდებათ, რომელმაც ტრავმის გამო მერვედფინალი გამოტოვა. მცირე ტრავმები აწუხებთ, დურმაზსა და ეკდალს, მაგრამ მათი თამაში მოსალოდნელია. ეკდალი, სავარაუდოდ, სასტარტო შემადგენლობაშიც იქნება.

ფაქტები
  • შვედეთის ნაკრებმა ბოლო 13 თამაშიდან მხოლოდ ერთში შეძლო ორი ან მეტი გოლის გატანა.
  • ინგლისის ნაკრების ბოლო 7 თამაშიდან 5-ში ორივე გუნდმა შეძლო გოლის გატანა.
  • შვედებისა და ინგლისელების ბოლო 12 მატჩში მცირე უპირატესობა სკანდინავიელების მხარესაა - 4 მოგება, 6 ფრე, 2 წაგება.
  • ბოლო ოფიციალური მატჩი ამ გუნდებს შორის, როცა შვედეთმა იმარჯვა 1998 წელს შედგა (2:1), ეს იყო ევრო 2000-ის საკვალიფიკაციო მატჩი.
  • ინგლისისა და შვედეთის ნაკრებების ბოლო 4 შეხვედრიდან 3-ში 2.5 გოლზე მეტი გავიდა.

1/4-ფინალი. შაბათი. 7 ივლისი. სამარა. კოსმოს არენა
შვედეთი-ინგლისი 18:00
სავარაუდო შემადგენლობები
შვედეთი (4-4-2): ოლსენი - კრაფტი, ლინდელიოფი, გრანკვისტი, აუგუსტინსონი - კლაესონი, ლარსონი, ეკდალი, ფორსბერგი - ტოივონენი, ბერგი
ინგლისი (3-5-2): პიკფორდი - უოკერი, სტოუნსი, მაგუაიერი - ტრიპიერი, ლოფტუს-ჩიკი, ჰენდერსონი, ლინგარდი, როუზი - კეინი, სტერლინგი
არბიტრი: ბ. კუიპერსი (ჰოლანდია)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
დაცვა შეტევის წინააღმდეგ? ინგლისის ნაკრების თამაში თუ შეტევაა არ ვიცი მაშინ. ერთიდა იგივე სტილის გუნდი ხვდება ერთმანეთს. იქნება ბევრი ჯარიმა და სტანდარტები. კომბინაციური თამაში შვედეტს უფრო გამოუვა ვიდრე ინგლისს. ჰენდერსონის გათამაშებული კომბინაცია არ გაიშვას და სტერლინგის დრიბლინგები კიდევ. შვედეთის მორიგი მსხვერპლი ინგლისი იქნება ჩემი აზრით და ვუქომაგებ კიდეც. ისე მაგარი სვარკა თამაში იქნება და შეილება ვერც ვუყურო,რადგან ბრაზილია ბელგია ვნახე გუშინ და არ მინდა გამიფუჭდეს ხასიათი
სხვათა თუთაშხია
10:39 07-07-2018
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული