ვინ გახდება მსოფლიო ჩემპიონი? - ფავორიტები და შესაძლო მეტოქეები ფინალამდე...

AutoSharing Option
კატარის მსოფლიო ჩემპიონატზე ორი ტური დასრულდა, რაც გარკვეული დასკვნების საშუალებას გვაძლევს. ტურნირზე პრაგმატული მატჩები საკმაოდ ბევრია, არც უგოლო ფრეები გვაკლია, თუმცა გულშემატკივრები თამაშებიდან მაქსიმალურ სიამოვნებას იღებენ.

Sportall.Ge

გრანდები

მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონების ჯგუფში ჩარჩენის ერთგვარი ტრადიცია, რაც 2002 წელს საფრანგეთის ნაკრებმა დაიწყო, მანვე დაასრულა. დიდიე დეშამის მოქმედი ჩემპიონები ისევ მშვენივრად გამოიყურებიან, დაცვაში კარგად თამაშობენ, შუა ხაზში დანაკლისს მადრიდის "რეალის" ახალბედა ჩუამენითა და ანტუან გრიზმანის ბრწყინვალე გამოსვლით ავსებენ, აი, კილიან მბაპე კი ისევ შეუჩერებელია. ის, წინა მუნდიალის მსგავსად, მასზე გაცემულ ავანსებს სრულად ამართლებს,
სისწრაფის ხარჯზე მისი შეჩერება ძალიან რთულია.

Sportall.Ge

ესპანეთის ნაკრები საფირმო ნიშანს არ კარგავს და ბურთის ფლობით გამორჩეულია. ლუის ენრიკეს ახალგაზრდული გუნდი, რამდენიმე გამოცდილი მოთამაშით, საკმაოდ თავდაჯერებულია. მართალია, მათ მთავარ ფავორიტებში არ მოიაზრებენ, თუმცა "ფურია როხა" სახიფათო ნაკრებია, რომელიც მაქსიმალურად შორს უნდა ვიხილოთ.

Sportall.Ge

ბრაზილიის ნაკრები ნეიმართან ერთად და მის გარეშე სხვადასხვა გუნდი გამოჩნდა, თუმცა რაც არ იცვლება, ტიტეს პრაგმატიზმია. შედეგზე ორიენტირებული ბრაზილიის ტრიუმფიც გვინახავს და ეს გუნდიც ყველაფერს აკეთებს, ასე მონატრებული (20 წელია) ტიტული მოიპოვოს. შემტევი რესურსი კი ძალიან დიდია - იქნებ ეს ჩემპიონატი ვინისიუსისთვის ახალ ვარსკვლავურ სიმაღლეზე ასასვლელადაც კი იქცეს.

ლიონელ მესის ყოველთვის შეუძლია, რაღაც არაორდინარული შექმნას და მატჩის ბედი გადაწყვიტოს. ისე ჩანს, რომ არგენტინის ნაკრები უფრო ამის იმედადაა, ვიდრე გუნდურობის, არადა,
ბოლო დროს ასე არ ხდებოდა. ლო სელსოს ტრავმამ "ალბისელესტეზე" საკმაოდ დიდი უარყოფითი გავლენა მოახდინა. არგენტინელებს ტურნირის წინ ლამის უმთავრეს ფავორიტებად მიიჩნევდნენ და ამ სტატუსს ახლა ნაკლებად ამართლებენ.

Sportall.Ge

ინგლისის ნაკრებმა კატარში ომახიანად დაიწყო, საუთგეიტს ძალიან კონკურენტუნარიანი შემადგენლობა ჰყავს, თუმცა აშშ-სთან გამოჩნდა, რომ ეს არაფრის გარანტიას არ იძლევა და გუნდმა კიდევ უნდა მოუმატოს, რათა მინიმუმ წინა შედეგი - ნახევარფინალი გაიმეოროს.

კრიშტიანო რონალდოს პორტუგალია, გერმანია, ნიდერლანდები - ჩამოწერა არავისი შეიძლება. მსოფლიო ჩემპიონატის ხიბლი სწორედ ესაა, თუმცა რამდენად ვიხილავთ ახალ ჩემპიონს, რთული სათქმელია.

გადამწყვეტი ტური

29 ნოემბრიდან მე-3 ტური იწყება, თითოეული ჯგუფი კი საინტერესო შეხვედრებს გვპირდება.

A ჯგუფში ეკვადორი - სენეგალის, B-ში ირანი - აშშ-ისა და D ოთხეულში დანია - ავსტრალიის მატჩები ფინალის ტოლფასია, სადაც შემდეგ ეტაპზე გამსვლელი უშუალო შეხვედრაში ვლინდება. ირანისა და აშშ-ის დაპირისპირებას პოლიტიკური კონტექსტი ძალიან საინტერესოს ხდის.

არგენტინის ნაკრები საკუთარ თავზეა დამოკიდებული, გერმანელები კი იმის იმედად უნდა იყვნენ, იაპონიის ნაკრებმა ახლა ესპანელებთან არ ივარგოს. არც ურუგვაი - განისა და სერბეთი - შვეიცარიის მატჩები უნდა გამოგვრჩეს. ასე რომ, მოსაწყენად პლეი-ოფამდეც არ გვეცლება.

Sportall.Ge

დარჩენილი გზა

მაინც ისე გამოდის, რომ დიდი ნაკრებების უმეტესობა ჯგუფიდან პირველი ადგილით გასვლას მოახერხებს, რაც მერვედფინალში გრანდების დაპირისპირებას გამორიცხავს. ეს სიამოვნება უფრო მეოთხედფინალიდან გველის.

ყველაფრის ლოგიკურად განვითარების შემთხვევაში, ფინალის მაძიებელთა ერთ მხარეს ბრაზილიის, ესპანეთისა და არგენტინის ნაკრებები უნდა ვიხილოთ, რაც ნამდვილად შთამბეჭდავი გზაა. პოტენციურ მეორე მხარეს საფრანგეთის, პორტუგალიისა და ინგლისის ნაკრებების გამორჩევა შეიძლება...

ტემპერატურა იმატებს, ინტერესი იზრდება, მატჩების საყურებლად დროის გამონახვას კი კიდევ უფრო მეტი ადამიანი ეცდება. არაორდინარულ დროსა და ადგილას, თუმცა ეს მსოფლიო ჩემპიონატია!

altფეხბურთი ფულზე მეტია - მუნდიალის საწყისი ტენდენციები და მომავლის ვარსკვლავები

altკვარაცხელიას ვერცერთმა თანაგუნდელმა ვერ გაიმარჯვა, კიმი ისევ ბრწყინავს - ნეაპოლელები მუნდიალზე

მკითხველის კომენტარები / 23 /
Marocco
Lasha
18:59 07-12-2022
0
ლიონელ მესისთან ვფიქრობ არარეველანტურია ასეთი შედარება.

ჯერჯერობით მსოფლიო იცნობს:
- ედსონ არანტეს დო ნასიმენტო - პელეს, როგორც ფეხბურთის მეფეს;
- დიეგო არმანდო მარადონას, როგორც პელეს შემდეგ ფეხბურთის მეორე მეფეს;
- ლიონელ ანდრეს „ლეო“ მესის, როგორც მარადონას ტოლ-სწორს.

სხვა ფეხბურთელები ამ სამეულს ვერც კი მიუახლოვდებიან, ამ ეტაპზე ყოველშემთხვევაში ასეა.
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული