ბუნდესლიგა. XX ტური: სრულიად გამოუსადეგარი ობამეიანგი [VIDEO]

AutoSharing Option
ბუნდესლიგის მე-20 ტურის შემდეგ გათამაშების ცხრილში არც ერთი გადაადგილება არ მომხდარა და არც ლიდერთან სხვაობა შემცირდა - "ბაიერნი" ისევ 16 ქულით ლიდერობს...

მეცხრე ადგილამდე დაქვეითებულ "ჰოფენჰაიმს" 13 ნოემბრის შემდეგ არ ჰქონდა მოგებული და მიუნხენში ვიზიტი კარგს არაფერს უქადდა. თუმცა, ისიც ახსოვდათ, რომ შარშან "ჰოფემ" ორჯერ "მშრალი" ანგარიშით დაამარცხა "ბაიერნი", ხოლო 30 წლის მწვრთნელს, იულიან ნაგელსმანს არასოდეს წაეგო ჩემპიონთან.

შაბათს ნაგელსმანმა სცადა, პასუხი გაეცა კითხვაზე - რატომ მიიჩნევა მიუნხენელთა მწვრთნელის, იუპ ჰაინკესის ერთ-ერთ სავარაუდო შემცვლელად. და თავიდან ეს კარგად გამოუვიდა.

"ბაიერნის"
მეკარე სვენ ულიარხმა დაამტკიცა, რომ პენალტების მოგერიების დიდი სპეციალისტია, მაგრამ დამატებაზე უტმა დაასწრო ყველას და ანგარიში გახსნა. ამის შემდეგ გნაბრიმ დაგვანახა, რომ შორი მანძილიდან უფრო კარგად ურტყამს, ვიდრე 11-მეტრიანის ნიშნულიდან.

თავის ბუნდესლიგურ ისტორიაში, "ბაიერნი" მხოლოდ ერთხელ აგებდა მე-12 წუთისთვის 0:2-ს - 1977 წლის მაისში "დუისბურგთან". მაშინ მატჩი 2:2 დასრულდა, ამჯერად კი ეს ანგარიში უკვე პირველი ტაიმის შუისთვის იყო დაფიქსირებული. ლევანდოვსკიმ ზედიზედ მეათე საშინაო მატჩში გაიტანა და დიადი გერდ მიულერის რეკორდამდე ორი გოლი უკლია, ჯერომ ბოატენგი კი არ ჩამორჩა თავის ძმას - კევინ-პრინს ბოატენგს, რომელმაც პარასკევს, "აინტრახტის" რიგებში გამოიჩინა თავი - პირველად 2013 წლის ნოემბრის შემდეგ, ძმებმა ერთ ტურში გაიტანეს გოლები.

მეორე ტაიმში მოგება დროის საქმე იყო და "ბაიერნმა" სამ წუთში მოაგვარა საქმე. ამასთან, ვიდალის გოლის გაოფიციალურებას ვიდეოგამეორების სისტემის მოშველიება დასჭირდა. მატჩის კულმინაცია გახდა სანდრო ვაგნერის პირველი გოლი "ბაიერნის" რიგებში ყოფილი გუნდის კარში.

იუპ ჰაინკესმა 150-ე მატჩი მოიგო "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელის რანგში. ამ მაჩვენებლით ის ჩამორჩება მხოლოდ უდო ლატეკს (184 მოგება) და ოტმარ ჰიტცფელდს (158).


* * *
"დორტმუნდის" რიგებში დაბრუნდა ობამეიანგი, რომელიც გონებით უკვე ლონდონშია და "არსენალის" ფორმას იზომებს.

ერთი დარტყმა, ერთი სახიფათო გადაცემა და ბურთთან ერთი შეხება მეტოქის საჯარიმოში - უვარგისი სტატისტიკაა. რაც შეეხება უშუალოდ თამაშს, ის დამახასიათებელი იყო დღევანდელი "დორტმუნდისთვის". მასპინძლები ბევრს უტევდნენ, მაგრამ საშინლად გამოიყურებოდნენ დაცვაში.

როცა პეტერსენი ანგარიშს ათანაბრებდა, მას ორი ფეხბურთელი მეურვეობდა, მაგრამ, ამაოდ.

მეორე გოლისას კი პეტერსენმა ცენტრში მოიპოვა ბურთი და არც დაფიქრებულა, მაშინვე კარისკენ გაუშვა და სახტად დატოვა წინ გამოსული ბიურკი. "დორტმუნდი" კატასტროფას ტოლიანმა გადაარჩინა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში.


* * *
რაც შეეხებათ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლ სხვა გუნდებს. "შალკეს" კაპიტანი ნალდო რეკორდსმენი გახდა ბრაზილიელებს შორის ბუნდესლიგაში ჩატარებული მატჩების რაოდენობით და ეს ამბავი გოლით აღნიშნა. "ეს დიდი პატივია ჩემთვის", - განაცხადა მატჩის შემდეგ ნალდომ. მისმა გუნდმა მინიმუმ კვირამდე მეორე ადგილი გაინაღდა.

"შტუტგარტის" ხელმძღვანელობამ კი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ჰანეს ვოლფის გადაყენების შესახებ გამოაცხადა. მისი შემცვლელი ჯერ არ დასახელებულა.

"ლაიპციგმა" ისევ გაუცრუა იმედები თავის გულშემატკივრებს და ბოლო ორი ტურში მხოლოდ ერთი ქულით დაკმაყოფილდა. რალფ ჰაიზენჰიუტლმა შინ უიმედო აუტსაიდერთან, "ჰამბურგთან" დაკარგა ქულები და ვერ შეძლო "აინტრახტის" გასწრება, რომელიც პარასკევის მატჩის შემდეგ სენსაციურ მეორეადგილოსნად მოგვევლინა. გუშინ "ლევერკუზენის" მოგებამ "ლაიპციგი" ოთხეულიდან გააგდო.

ფაქტები
  • "აინტრახტს" ხუთმატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.
  • "აინტრახტმა" შეწყვიტა შინ ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია.
  • ტორგან აზარმა მე-100 მატჩი ჩაატარა ბუნდესლიგაში "გლადბახის" შემადგენლობაში და ამ სეზონში პირველი პენალტი ვერ გამოიყენა (მანამდე ხუთი 11-მეტრიანი ზუსტად დაარტყა).
  • "გლადბახმა" სტუმრად ზედიზედ მეოთხედ წააგო.
  • ლევანდოვსკი "ბაიერნის" ბოლო 10 საშინაო მატჩია, უგოლოდ არ ტოვებს მოედანს.
  • "ბაიერნი" 32 მატჩია შინ არ მარცხდება ბუნდესლიგაში. ეს არის ყველაზე გრძელი სერია 2005 წლიდან მოყოლებული, როცა გუნდი "ალიანც არენაზე" გადავიდა.
  • "ბაიერნს" 7-მატჩიანი მოგებათა სერია აქვს ბუნდესლიგაში.
  • "ბაიერნისა" და "ჰოფენჰაიმის" მატჩში ერთმანეთს შეხვდნენ ბუნდესლიგის ყველაზე ასაკოვანი და ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელები - იუპ ჰაინკესი (72 წლის) იულიან ნაგელსმანის (30) წინააღმდეგ.
  • ნიკლას ზიულე, სებასტიან რუდი და სანდრო ვაგნერი ამ სეზონში გადავიდნენ "ბაიერნში" "ჰოფენჰაიმიდან".
  • "ჰოფენჰაიმი" ზედიზედ ოთხი მატჩია ვერ იგებს, სტუმრად კი ხუთი მატჩია (+1-4) არ მოუგია.
  • "დორტმუნდი" ხუთი მატჩია, არ მარცხდება, მაგრამ ბოლო სამი მატჩი ფრედ დაასრულა.
  • "ფრაიბურგი" რვა მატჩია, დაუმარცხებელია, რაც ყველაზე გრძელი მოქმედი სერიაა ბუნდესლიგაში.
  • "ლაიპციგს" ბოლო შვიდ მატჩში მხოლოდ ერთი მოგება აქვს და 21 შესაძლებლიდან 6 ქულა აიღო.
  • "ჰამბურგმა" ამ სეზონში პირველად არ წააგო, როცა პირველმა გაუშვა გოლი.
  • "ჰამბურგის" მცველმა დენის დიკმაიერმა მე-200 მატჩი ჩაატარა ბუნდესლიგაში. მას არც ერთი გოლი არ აქვს გატანილი.
  • "ჰამბურგმა" შეწყვიტა ოთხმატჩიანი წაგებათა სერია, მაგრამ შვიდი ტურია ვერ იგებს.
  • "ჰამბურგს" ცხრა მატჩია, სტუმრად არ მოუგია.
  • "კიოლნმა" შეწყვიტა სამმატჩიანი მოგებათა სერია, მაგრამ 2018 წელს დაუმარცხებელია - 2 მოგება და 1 ფრე.
  • "აუგსბურგი" "კიოლნთან" ცხრა მატჩია არ მარცხდება.
  • "შტუტგარტს" ბოლო შვიდ მატჩში ექვსი წაგება აქვს.
  • "შალკეს" მცველმა ნალდომ 337-ე მატჩი ჩაატარა ბუნდესლიგაში, გაუსწრო ზე რობერტოს და თამაშების რაოდენობით გერმანიის ჩემპიონატის რეკორდსმენი გახდა ბრაზილიელ ფეხბურთელებს შორის.
  • ნალდო ამ სეზონში ყველაზე შედეგიანი მცველია 5 გატანილი გოლით. აქედან ოთხჯერ მან თავით გაიტანა, რაც ასევე ამ სეზონის რეკორდია.
  • "ვერდერი" ხუთი ტურია, ვერ იგებს.
  • "ვერდერი" ხუთი მატჩია, შინ არ მარცხდება, მაგრამ ბოლო სამი მატჩი ფრედ დაასრულა.
  • "ჰერტას" "ვერდერთან" ცხრამატჩიანი მოუგებელია სერია აქვს.
  • "ლევერკუზენი" 25 მატჩია უგოლოდ არ ტოვებს მოედანს, რაც ახალი საკლუბო რეკორდია.

ბუნდესლიგა. XX ტური
აინტრახტი-გლადბახი 2:0
გოლები: 1:0 კ-პ. ბოატენგი (43), 2:0 იოვიჩი (90+2)
გლადბახი: ზომერი (17. ზიპელი) - ელვედი, გინტერი, ვესტერგაარდი, ვენდტი (46. იანტჩკე) - ჰერმანი, კრამერი (74. ჰოფმანი), ზაკარია, კუიზანსი, ტ. აზარი - შტინდლი.
78-ე წუთზე აზარმა პენალტი ვერ გამოიყენა.

ბაიერნი-ჰოფენჰაიმი 5:2
გოლები: 0:1 უტი (3), 0:2 გნაბრი (12), 1:2 ლევანდოვსკი (20), 2:2 ჯ. ბოატენგი (25), 3:2 კომანი (63), 4:2 ვიდალი (66), 5:2 ვაგნერი (90)
ბაიერნი: ულრაიხი - კიმიხი (85. ვაგნერი), ჯ. ბოატენგი, ზიულე, ალაბა - ტოლისო (64. მიულერი), რუდი, ვიდალი - რობენი (77. რაფინია), ლევანდოვსკი, კომანი.
მე-2 წუთზე გნაბრიმ პენალტი ვერ გამოიყენა.

დორტმუნდი-ფრაიბურგი 2:2
გოლები: 1:0 კაგავა (9), 1:1 პეტერსენი (21), 1:2 პეტერსენი (68), 2:2 ტოლიანი (90+3)
დორტმუნდი: ბიურკი - პიშჩეკი, პაპასტატოპულოსი, თოფრაქი, ტოლიანი - კაგავა, გონსალო კასტო (46. გიოტცე), შაჰინი (78. ისაკი) - პულიშიჩი (67. იარმოლენკო), ობამეიანგი, სანჩო.

ლაიპციგი-ჰამბურგი 1:1
გოლები: 1:0 ბრუმა (9), 1:1 კოსტიჩი (29)
ლაიპციგი: გულაში - ლემერი, უპამეკანო, ორბანი, კროსტერმანი - კამპლი, დემე (58. კეიტა) - ზაბიტცერი, ბრუმა (81. კაიზერი) - ოგუსტენი (71. პოულსენი), ვერნერი.

კიოლნი-აუგსბურგი 1:1
გოლები: 1:0 იოიჩი (40), 1:1 კაიუბი (77)

შტუტგარტი-შალკე 0:2
გოლები: 0:1 ნალდო (14), 0:2 ჰარითი (19-პენ)
შალკე: ფერმანი - კერერი, ნალდო, ნასტასიჩი - კალიჯური, მ. მაიერი, ჰარითი, ოშჩიპკა - გორეტცკა (56. სტამბული), კონოპლიანკა (80. შიოპფი) - დი სანტო (65. ბურგშტალერი).

ვერდერი-ჰერტა 0:0

ლევერკუზენი-მაინცი 2:0
გოლები: 1:0 ბეილი (48), 2:0 ვენდელი (68-პენ)
ლევერკუზენი: ლენო - ლ. ბენდერი (64. ჰენრიხსი), ტა, ს. ბენდერი, ვენდელი - არანგისი, ბაუმგარტლინგერი (28. კორი) - ბრანდტი (81. ჰაფერცი), ფოლანდი, ბეილი - ალარიო.
ჰანოვერი-ვოლფსბურგი 0:1
გოლი: 0:1 მალი (72)

ბომბარდირები: 18 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 13 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 11 - ალფრედ ფინბოგასონი (აუგსბურგი); 10 - ნილს პეტერსენი (ფრაიბურგი), კევინ ფოლანდი (ლევერკუზენი), მარკ უტი (ჰოფენჰაიმი), ტიმო ვერნერი (ლაიპციგი).

მომდევნო ტური
2 თებერვალი: კიოლნი-დორტმუნდი
3 თებერვალი: ჰერტა-ჰოფენჰაიმი, ფრაიბურგი-ლევერკუზენი, შალკე-ვერდერი, მაინცი-ბაიერნი, ვოლფსბურგი-შტუტგარტი, გლადბახი-ლაიპციგი
4 თებერვალი: აუგსბურგი-აინტრახტი, ჰამბურგი-ჰანოვერი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული