სერია A. XXI ტურის წინ: წესით, არ უნდა მოვიწყინოთ

AutoSharing Option
ტურში ორი მთავარი მატჩია. ჩვენც მეტწილად სწორედ მათ შესახებ დავწერთ. აგერ რა ხანია, "მილანი" ვეღარ უგებს "ნაპოლის". ვნახოთ, იქნებ ნავსი ახლა გატყდეს. არადა, "ნაპოლისა" და "როსონერის" შეხვედრას სულ სხვა ეშხი და მარილი ექნებოდა, გონსალო იგუაინი მაინცდამაინც ამ თამაშის წინ რომ არ გადასულიყო "ჩელსიში". მოგეხსენებათ, "მილანის" ყოფილ შემტევს კარგა ხნის განმავლობაში გოლები "ნაპოლისთვის" გაჰქონდა...

"მილანი" ბოლომდე კი ეცადა იგუაინის შენარჩუნებას, მაგრამ ვერ შეძლო. როგორც ჩანს, არგენტინელ ვარსკვლავს კარიერაში ახალი ფურცლის გადაშლა სურს. "მილანში" მას არ მისდიოდა თამაში და ხშირად აკრიტიკებდნენ.

"როსონერიმ"
კი მიიღო ევროპის, ალბათ, ყველაზე კაშკაშა ამომავალი ვარსკვლავი - პოლონელი კშიშტოფ პიონტეკი (პოლონურად ასე გამოითქმის - Piatek).

მაგრამ აქ არანაკლებ საინტრიგოა შეგირდისა და ოსტატის დაპირისპირება - ჯენარო გატუზო კარლო ანჩელოტის წინააღმდეგ. პირველ წრეში "ნაპოლიმ" გაჭირვებით შეძლო "მილანის" დამარცხება. ახლა ვნახოთ, როგორი იქნება "მილანი" პიონტეკით...

არანაკლებ საინტერესო უნდა იყოს "ლაციოსა" და "იუვენტუსის" შეხვედრის ნახვა. ეს ისეთი თამაშია, წესით, წამითაც არ უნდა მოვიწყინოთ. გასაგებია, რომ სათამაშო კლასში აშკარაა "ბებერი ქალბატონის" უპირატესობა, მაგრამ "ლაციო" საკუთარ მოედანზე ყოველთვის ძალიან კარგად თამაშობს, შეტევაშია ჩართული და არავის არაფერს უთმობს.

"ლაციოს", მეტოქისგან განსხვავებით, იტალიის ჩემპიონატში საქმეები მთლად კარგად ვერ მისდის. გუნდს არასტაბილურობა სენად ექცა, თუმცა "ბებერ ქალბატონთან" გუნდი ბოლომდე რომ დაიხარჯება, ეს ფაქტია.

დაძაბულობა არც სხვა შეხვედრებს მოაკლდებათ. "მაღალი ტემპერატურაა" მოსალოდნელი "ატალანტასა" და "რომას", ასევე "ტორინოსა" და "ინტერის" მატჩებში.

ფაქტები
  • "სასუოლოსა" და "კალიარის" ბოლო 2 შეხვედრა ფრედ დასრულდა.
  • "მილანმა" "ნაპოლის" ბოლოს 2014 წელს მოუგო.
  • "ფიორენტინამ" ზედიზედ 2 მატჩში დაამარცხა "კიევო".
  • "ატალანტასა" და "რომას" შორის ბოლო 2 შეხვედრაში ორივემ გაიტანა.
  • "ბოლონიასა" და "ფროზინონეს" ბოლო 3 შეხვედრაში ორივეს არ გაუტანია.
  • "ინტერმა" ბოლოს 2016 წელს აჯობა "ტორინოს".
  • "იუვენტუსმა" ბოლო 2 მატჩი მოუგო "ლაციოს".

სერია A. XXI ტური
შაბათი, 26 იანვარი
სასუოლო-კალიარი 18:00
სამპდორია-უდინეზე 21:00
მილანი-ნაპოლი 23:30

კვირა, 27 იანვარი
კიევო-ფიორენტინა 15:30
ატალანტა-რომა 18:00
ბოლონია-ფროზინონე 18:00
პარმა-სპალ 18:00
ტორინო-ინტერი 21:00
ლაციო-იუვენტუსი 23:30

ორშაბათი, 28 იანვარი
ემპოლი-ჯენოა 23:30

ბომბარდირები: 14 - კრიშტიანო რონალდო (იუვენტუსი), ფაბიო კვალიარელა (სამპდორია), დუვან საპატა (ატალანტა); 13 - კშიშტოფ პიონტეკი (ჯენოა); 11 - ჩირო იმობილე (ლაციო), არკადიუშ მილიკი (ნაპოლი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული