საბერძნეთის პოლიცია მიიჩნევს, რომ ტურინის "იუვენტუსის" ყოფილ ფეხბურთელზე, დარკო კოვაჩევიჩზე შეიარაღებული თავდასხმისას ბოროტმოქმედებს მისი მოკვლა არ სურდათ.
პოლიციის ძირითადი ვერსია იმაში მდგომარეობს, რომ თავდასხმა პროფესიონალებმა განახორციელეს, რომლებსაც ყოფილი ფეხბურთელის დაშინება სურდათ. Marca-ს ინფორმაციით, თავად კოვაჩევიჩი უარყოფს იმ ფაქტს, რომ მანამდე რაიმე სახის მუქარას იღებდა.
პოლიციის ვერსია იმაზეა დაფუძნებული, თუ როგორ იქცეოდნენ ბოროტმოქმედები. მანქანა, რითიც ისინი ადგილზე მივიდნენ, აეროპორტის მახლობლად დამწვარი იპოვეს, შიგნით კი დაშლილი პისტოლეტის ნაწილები იყო, რომლებიც შემდეგ ექსპერტიზაზე გადააგზავნეს.
46 წლის დარკომ ინციდენტის დროს მუხლის დაზიანება მიიღო, როცა
მიმალვას ცდილობდა. ამ დროისთვის მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
კოვაჩევიჩი თავის დროზე "პროლეტერის", "ცრვენა ზვეზდას", "შეფილდ უენსდეის", "სოსიედადის", "იუვენტუსის", "ლაციოსა" და "ოლიმპიაკოსის" ღირსებას იცავდა. მან კარიერა საბერძნეთში 2009 წელს დაასრულა.