რუსული საფეხბურთო წრეების ერთ-ერთმა ელიტურმა აგენტმა დმიტრი სელიუკმა "კრილია სოვეტოვის" მეკარე ევგენი ფროლოვისთვის მთავრობის გაკრიტიკების გამო კონტრაქტის გაწყვეტა მოითხოვა.
"ფეხბურთელისაგან ამაზე უფრო სულელური განცხადების მოსმენა შეუძლებელია. დაე, თქვას სლუცკიმ, რომ ფროლოვს საკუთარი მოქალაქეობრივი პოზიციის დაფიქსირების უფლება აქვს და იმისაც, ილაპარაკოს, რაც სურს. თუმცა ხომ უნდა ხვდებოდეს, რომ გუნდი, რომელშიც თამაშობს, 100%-ით სახელმწიფო დაფინანსებაზეა და თვითონაც რეგულარულად ამ წყაროდან იღებს ხელფასს. ფროლოვი იმ ხალხს აგინებს, ვინც მას ხელფასს უხდის.
მიმაჩნია, რომ ფეხბურთი პოლიტიკაში არ უნდა ჩაერიოს. მატჩის დაწყებამდე ან დასრულების შემდეგ
ასეთი რამ რომ ეთქვა, ფროლოვი მკაცრად დაისჯებოდა. ახლა კი, უბრალოდ ინტერვიუ მისცა, იურიდიულად მისი დასჯა შეუძლებელია. ამას ვერც კლუბი გააკეთებს, ვერც რომელიმე სხვა მხარე.
მაგრამ ფროლოვს, ჯობდა ეთქვა, რა თანხა გამოიმუშავა სახელმწიფოსგან მიღებული ხელფასებით, ისიც, თუ როგორ იყიდა ამ ფულით "ფერარი". ამის შემდეგ კი ესაუბრა იმის შესახებ, რომ ხალხი ცუდად ცხოვრობს. მონები "ფერარით" არ დადიან.
დარწმუნებული ვარ, "კრილია სოვეტოვმა" დაუყოვნებლივ უნდა გაწყვიტოს კონტრაქტი ისეთ ადამიანთან, რომელმაც, ფაქტობრივად, კლუბის მთელი ხელმძღვანელობა ასეთ სიტუაციაში ჩააგდო", - განაცხადა სელიუკმა.
ფროლოვის განცხადების შემდეგ "კრილიაში" თქვეს, რომ კლუბი მეკარეს არ დასჯიდა, თუმცა მოგვიანებით გადაწყვეტილება შეიცვალა. მისი ინტერვიუს სკანდალურად ქცეული მონაკვეთი ქვევით მოცემულ სტატიაში შეგიძლიათ იხილოთ.
აღნიშნულ საკითხზე, ყაზანის "რუბინის" მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ აღნიშნა, რომ ფროლოვს, როგორც რუსეთის მოქალაქეს, საკუთარი მოქალაქეობრივი პოზიციის დაფიქსირების უფლება აქვს და მის მოქმედებაში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს.
იქამდე ასევე კრიტიკული განცხადება "უფას" მეკარე ალეკსანდრ ბელიონოვმა გააკეთა, თუმცა ის კლუბს არ დაუსჯია.
მომზადებული Sport24-ის მიხედვით