მოსკოვის "ლოკომოტივის" მწვრთნელის, იური სიომინის გადაყენებამ რუსეთში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. თითქმის ყველა უკმაყოფილოა, მხოლოდ ჟურნალისტმა ვასილი უტკინმა გაბედა საპირისპირო მოსაზრების გამოთქმა. მან თქვა, რომ იური პავლეს ძეს რატომღაც რუს ფერგიუსონად მიიჩნევენ, თუმცა ეს ასე არ არის და 73 წლის სპეციალისტი კარგა ხანია პენსიაზე უნდა გასულიყო.
აღშფოთებულია გოსდუმის დეპუტატი იგორ ლებედევი, რომელიც ამბობს, ვერ გავიგე რატომ მოხსნეს "ლოკოს" თავკაცი, გვარდიოლა ან მოურინიო რომ მოეწვიათ მის ნაცვლად, კიდევ დავეთანხმებოდი, მაგრამ მარკო ნიკოლიჩი ვინღააო. გულშემატკივრები პროტესტს გამოთქვამენ და გუნდის მხარდაჭერის შეწყვეტით იმუქრებიან.
მაინც რატომ
დაითხოვეს ის ვადამდე? რუსული მედია აღნიშნავს, რომ რკინიგზული კლუბის ახალ ხელმძღვანელობას არ აწყობდა გუნდის სათავეში ავტორიტეტული თავკაცი, მის თავიდან მოსაცილებლად დანიშნეს გენერალურ დირექტორად ვასილი კიკნაძე, რომელმაც დავალება პირნათლად შეასრულა და მწვრთნელად სრულიად უცნობი სერბი მიიყვანა - ადამიანი, რომელიც მედიის აზრით, მისი "ჯიბის მწვრთნელი"იქნება.
სხვათა შორის, championat.com-ის ცნობით, ნიკოლიჩის დანიშვნის საქმეში დიდი წვლილი აგენტებმა თემურ ღურწკიამ და დეიან იოკსიმოვიჩმა შეიტანეს. გამოცემის ცნობით, ღურწკაია რამდენიმე წელი "სპარტაკში" მუშაობდა და ამ გუნდის ყოფილ მწვრთნელთან, მასიმო კარერასთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა.
და კიდევ: სიომინს "ლოკომოტივის" ყოფილი და ამჟამინდელი ფეხბურთელები, ადგილობრივებიც და ლეგიონერებიც, თბილი სიტყვებით დაემშვიდობნენ, შეიძლება ითქვას, გამოეტირნენ კიდეც, საბა კვირკველიას კი ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.