წარმოშობით ქართველმა ექსმეკარე ანზორ კავაზაშვილმა ვრცელი ინტერვიუ მისცა რუსულ sport-express-ს და ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა.
Sportall.ge ქართველი გულშემატკივრისათვის ინტერვიუს საინტერესო ნაწილების თარგმანს გთავაზობთ.
- ბოლოს როდის იყავით ბათუმში?
- უუჰ, დიდი ხანია არ ვყოფილვარ. ალბათ, 20 წლის წინ.
- არ გენატრებათ?
- კი. თუმცა უკვე 60 წელია მოსკოვში ვცხოვრობ, უკვე გავრუსდი. ამას ჩვენს ქვეყნებს შორის გართულებული სიტუაციაც ემატება. იქ ჩასვლა უსაფრთხო არაა, სააკაშვილის დროს კი საერთოდ პერსონა ნონ გრატად გამომაცხადეს.
- რის გამო?
- საკუთარ წიგნში მასაც შევეხე. დავწერე, რომ სააკაშვილი ქურდი და
არაკაცია. მეგობრებმა გამაფრთხილეს: "სანამ მთავრობაში მიშაა, საქართველოში ცხვირი არ ჩამოყო. აეროპორტში დაგაპატიმრებენ".
თუმცა მშობლიურ ქალაქში არ მივიწყებენ. 2013 წელს საპატიო მოქალაქედ გამომაცხადეს, ახლა კი ბათუმის ცენტრალური სტადიონისათვის ჩემი სახელის დარქმევა უნდათ.
...
- გვაინტერესებს, ფეხბურთელობის დროს მილიონერებს შეხვედრიხართ?
- 1964 წელს მოსკოვის "ტორპედოსთან" ერთად თბილისში ჩავედი. სასტუმროში მეგობარი მოვიდა და მითხრა: "ცეხავიკებს შენთან თამაშის გაყიდვაზე საუბარი სურთ. "იქ" გავგზავნე.
- ეს "ცეხავიკები" ვინ იყვნენ?
- ძმები ლაზიშვილები, მილიონერები. 70-იან წლებში შევარდნაძემ ორივე 15 წლით გაუშვა ციხეში. მას მერე, რაც მეგობარი გავაგდე, ერთ-ერთი ნომერში შემოვიდა. მითხრა:
"ჩვენ თბილისის "დინამოს" ვკურირებთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართული ფეხბურთი საბჭოთა კავშირში წამყვან პოზიციებზე იყოს. თუ ხვალ "დინამოს" გამარჯვებაში დაგვეხმარებით, ყველაფერს გავაკეთებთ თქვენთვის. მანქანას გაჩუქებთ, ბინას, ფულს..."
- რა უპასუხეთ?
- "1 საათის წინ მეგობარი გავაგდე ნომრიდან, ის თქვენი სახელით მოვიდა. იმის გამეორება, რაც მას ვუთხარი, არ მინდა. უბრალოდ, მსგავსი წინადადებით აღარ მომმართოთ" და წავიდა.
- თამაში როგორ დამთავრდა?
- 1:3 წავაგეთ. მესამე გოლი იამანიძემ გამიტანა. გასახდელში მწვრთნელმა მკითხა, სპეციალურად გაუშვიო?! არადა, აუღებელი ბურთი იყო. თუმცა ტაშკენტში ფინალურ მატჩზე "ბიჭები" ისევ გამოჩნდნენ.
"ფახთაქორის" ბაზაზე ვემზადებოდით, დაცვა მოვიდა და მითხრა, და გეძახისო. მივედი და წყვილი იდგა. კაცმა მითხრა: "ანზორ, თქვენთვის ამის გადმოცემა გვევალება: თუ თბილისს დაეხმარები, "ვოლგასა" და ბინას გაჩუქებთ, თქვენი მშობლები უზრუნველყოფილნი იქნებიან".
ქართულად ვუთხარი ქალბატონს, მიტრიალებულიყო, რათა არ გაეგონა, რასაც ვიტყოდი. კაცს კი მივუგე: "წადი შენი! ვინ გგონივარ?! აქაურობას აღარ მოუახლოვდე". საღამოს კი ხელმძღვანელობას დაველაპარაკე.
შეხვედრას კი 1:0 ვიგებდით. დათუნაშვილმა პირდაპირ კუთხურიდან გაიტანა, დამატებით დროში კი სრულიად მოვიშალეთ.
იცით, რამდენჯერ მთხოვეს თბილისში თამაშის გაყიდვა? რამდენჯერაც იქ ჩავედი. სულ მეუბნებოდნენ: "ძვირფასო ანზორ, გაუშვი გოლი". გონებაში სხვა რამ მიტრიალებდა. "დინამოსთან" გოლის არგაშვება ღირსების საკითხი იყო".
...
- 1969 წელს საუკეთესო ფეხბურთელად უნდა დავესახელებინე, თუმცა საქართველომ წასვლა არ მაპატია; არც ის, 1968-ში რომ არ დავბრუნდი. ქალაქი უკვე მელოდა! და აი, 1969 წელს ყველა გამოკითხვით მე ვიყავი პირველ ადგილზე, მხოლოდ ქართველი ჟურნალისტების ხმები იყო დარჩენილი. მათ ერთხმად მუნტიანი დაასახელეს საუკეთესოდ და ამ უკანასკნელმა გადამასწრო.
- რატომ არ გადახვედით თბილისის "დინამოში"?
- ყველაფერი მწვრთნელ გივი ჩოხელის სულელურმა ფრაზამ გადაწყვიტა. ვკითხე: "გივი, მეგობარო, მითხარი, ძირითად შემადგენლობაში ვიქნები?" იმ დროისთვის უკვე მოსკოვის "ტორპედოდან" წასვლის ფურცელი მომცეს. მე ველოდი, რომ ჩოხელი მეტყოდა: "რა კითხვებია, ანზორ, შენ ხომ სსრკ-ის მეკარე ხარ?!" მან კი მიპასუხა: "არ ვიცი, რომელიც უკეთესი იქნებით, ითამაშებს - ან შენ, ან ურუშაძე". გავბრაზდი, ხმამაღლა დავუძახე: "წადი შენი" და ყურმილი დავკიდე.
- ურუშაძეზე გაცილებით უკეთესი იყავით?
- 1962 წელს ნაკრებში რამდენიმე მატჩი ჩაატარა და ამით დაასრულა. სულ რაღაც აწუხებდა და ვერ თამაშობდა. ყურმილის დადებიდან 2 წუთში ზარი შემოვიდა. ვიფიქრე, ჩოხელი გონს მოეგო-მეთქი და თურმე "სპარტაკიდან" მირეკავდნენ: "ანზორ, გეყოფა თბილისთან საუბარი, ჩვენთან წამოდი" და ყველაფერი ასე დამთავრდა.
ჩემზე უკეთესი მხტომელი მეკარე არ მეგულება. მახსოვს, ცსკა-ს ვეთამაშებოდით, ძლიერად დაარტყეს, ნახტომში მოვიგერიე, დამატებაზე სწრაფი რეაქცია მქონდა, მესამედაც დაარტყეს და ისევ ნახტომში ავიღე. "არმიელებიდან" ვიღაცამ დაიძახა, ამას უკანალში ზამბარები ხომ არ აქვსო.
მაინც მიკვირს, რომ ისეთი მეკარეების ფონზე, როგორებიც იაშინი, ბანიკოვი, რუდაკოვი, პშინიჩნიკოვი იყვნენ, მაინც ორ მსოფლიო თასზე ვითამაშე. საერთოდ, მაღალ დონეს როგორ მივაღწიე ჩემი სიმაღლით. 178 სმ - ამ ზომის მეკარეეებს უკვე ვეღარ ნახავთ.
...
- ქუთაისის "ტორპედოში" თამაშზე რას გვეტყვით?
- საქართველოდან არ მომეშვნენ. 1970-იანი წლების ბოლოს რაიკომის პირველი მდივანი ჩამოვიდა ჩემთან: "ანზორ, ძვირფასო, ქართველმა კარიერა საქართველოში უნდა დაასრულოს. იმდენს გადაგიხდით, რამდენსაც მოითხოვ". "სპარტაკიდან" ქუთაისში წამოვიდე? არაფრის დიდებით!"
იმ დღეს რესტორანში გავიარეთ და დავიშალეთ. 1 წლის შემდეგ ისევ მოვიდნენ. ვიცოდი, რომ კარიერა ბოლოსკენ მიდიოდა. დიდი ამბიცია აღარ შემრჩენოდა, ფული საკმარისად მქონდა, კარგად მიხდიდნენ და ბათუმელი მეგობრებიც სულ მიგზავნიდნენ რაღაცას. ვუთხარი, "ჯანდაბა, წამოვალ თქვენთან, ოღონდ იმ პირობით, თუ მერე მთავარი მწვრთნელი გავხდები".
ჩასვლიდან 6 თვე არც კი მათამაშეს. ვეძებდი იმ თანამდებობის პირს, მემალებოდა. მოსკოვში ჩამომაკითხეს, მთხოვეს, მეკარე დაგვემტვრა და იქნებ ითამაშოო. მეც რამდენიმე თამაში ჩავატარე.
ანზორ ამბერკოს ძე კავაზაშვილი 1940 წელს ბათუმში დაიბადა. კარიერა თბილისის "დინამოში" 1957 წელს დაიწყო, თუმცა 2 სეზონის განმავლობაში სსრკ-ის ჩემპიონატში მხოლოდ 5 მატჩი გამართა. 1960 წელს ლენინგრადის "ზენიტში" გადავიდა. შემდეგ იყო მოსკოვის "ტოპედო" და "სპარტაკი". 1972 წელს კარიერა ქუთაისის "ტორპედოში" დაასრულა.