სუპერლიგას ევროპელი ლიდერებიც ეწინააღმდეგებიან - ყველაფერი ახალი ლიგის შესახებ

AutoSharing Option
მთლად მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნასავით არ იყო, მაგრამ სუპერლიგის შექმნა ასეთი რეალური არავის ეგონა. თუმცა გუშინ ღამით ოფიციალურად შექმნეს ახალი ტურნირი და მაშინვე დაიწყო ვარაუდები, პრეტენზიები და მუქარები. მივყვეთ მოვლენებს.

12-მა კლუბმა გადაწყვიტა, რომ უეფასა და ღარიბი გუნდებისთვის ფულის გაყოფა არ სურთ და ახალი ტურნირის შექმნა მოიფიქრეს. ინიციატორები ფლორენტინო პერესი და ანდრეა ანიელი იყვნენ. "რეალის" ბოსი პრეზიდენტი იქნება, "იუვეს" ხელმძღვანელი და "მანჩესტერის" მფლობელი ჯოელ გლეიზერი - ვიცე-პრეზიდენტები.

ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებლასმა თქვა, რომ ფლორენტინო ყოველთვის ოცნებობ
და ასეთი ლიგის შექმნაზე და იმდენად თავდაჯერებული იყო, რომ ჟოზეპ ბართომეუც კი დაითანხმა.

The Athletic-ის ინფორმაციით, ახლა იმიტომ გადაწყდა შექმნის გაოფიციალურება, რომ კლუბებმა უეფასთან შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ევროპულის ფეხბურთის მმართველი ორგანო მზად იყო ძალაუფლების გარკვეული ნაწილი კლუბებისთვის დაეთმო, თუმცა ნებისმიერ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე ვეტოს უფლებას იტოვებდა, რაც კლუბებს არ მოსწონდათ.

სუპერლიგაში უკვე 12 კლუბია: "მილანი", "არსენალი", "ატლეტიკო", "ჩელსი", "ბარსელონა", "ინტერი", "იუვენტუსი", "ლივერპული", "სიტი", "იუნაიტედი", "რეალი" და "ტოტენჰემი". ცნობილი გახდა, რომ ამ გზას კიდევ 3 კლუბი დაადგება და ისინი დამფუძნებლები იქნებიან. 5 კლუბი კი შეიცვლება ხოლმე. სხვადასხვა მედია წერს, რომ დამფუძნებლებს, შესაძლოა, "ბაიერნი", "ლაიპციგი" და "პორტუ" შეუერთდნენ.

პსჟ-მა უარი თქვა. პარიზელები თვლიან, რომ ამ ლიგაში მონაწილეობის უფლება მხოლოდ მდიდარ კლუბებს არ უნდა ჰქონდეთ. მეორეც, პსჟ-ის პრეზიდენტი ალ ხელაიფი უეფას დირექტორთა საბჭოს წევრია და beIN Media Group-ის ხელმძღვანელიც გახლავთ, რომელმაც უეფას ჩემპიონთა ლიგის აზიაში ტრანსლაციის სანაცვლოდ მილიონები გადაუხადა.

რას წერენ ახლა: ჩემპიონთა ლიგის შეჩერება, ჩემპიონატების გაუქმება

  • უეფა მალე განაცხადებს, ჩამთავრდება თუ არა ჩემპიონთა და ევროპა ლიგის სეზონები. BBC წერს, რომ ტურნირები დროებით შეჩერდება.

  • სუპერლიგის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი თვლის, რომ ყველაფერი სწორი მიმართულებით მიდის და ეს ყველაფერი თქვენთვის, გულშემატკივრებისთვის კეთდება. "ჩვენ ფეხბურთს ყველა დონეზე დავეხმარებით და მას მსოფლიოში სამართლიან ადგილას ავიყვანთ. ფეხბურთის საგულშემატკივრო ბაზა 4 მილიარდი ადამიანია და ჩვენ მათი მოთხოვნები უნდა დავაკმაყოფილოთ", - თქვა "რეალის" ბოსმა.

  • ცნობილი სქემა: სუპერლიგამ, როგორც ჩანს, ბოტები და ტროლები გამოიყენა, რომლებიც კლუბების პოსტების ქვეშ წერენ, რომ "სუპერლიგა კარგი იდეაა, ის ფეხბურთში რევოლუციას მოახდენს."
  • Marca და AS წერენ, რომ ინგლისის, იტალიისა და ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციები ჩემპიონატის შეჩერებას აპირებენ, ან საერთოდ გააუქმებენ და თასი არავის გადაეცემა.


  • სერ ალექს ფერგიუსონი ძალიან უკმაყოფილოა: "სუპერლიგა იმის დაკარგვაა, რასაც 70 წლის განმავლობაში ევროპული ფეხბურთი აშენებდა. მე 1960-იან წლებში პროვინციულ კლუბში ვთამაშობდი, "აბერდინთან" ერთად თასების მფლობელთა თასი მოვიგე. პატარა შოტლანდიური კლუბისთვის ეს ევერესტის დაპყრობის ტოლფასი იყო. "ევერტონი" 500 მილიონ ფუნტს ახალი სტადიონის მშენებლობაში ხარჯავს, რათა ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშოს. ფანებს ეს ტურნირი უყვართ. "მანჩესტერთან" ერთად ლიგის 4 ფინალი ვითამაშე და ეს საუკეთეს დრო იყო".

  • აი, ვენგერმა კი ყველაფერი უფრო ადრე იცოდა.
ციტატა 2009 წლიდან: "შესაძლოა, 10 წლის შემდეგ ევროპული ლიგა გვქონდეს. ზოგიერთ კლუბს კი ცოტა ფული ექნება, მათ, ვინც ჩემპიონთა ლიგაზე იქნება".

2018 წელს: "ეს გარდაუვალია. დიდ და პატარა კლუბებს შორის თანხის გაყოფა პრობლემა შეიქმნება".


  • აი, რას ამბობდა იურგენ კლოპი 2019 წელს:
"იმედია, ეს სუპერლიგა არასდროს შეიქმნება. იმის მიხედვით, თუ როგორც ჩემპიონთა და ევროპა ლიგები მუშაობენ, ფეხბურთი ბრწყინვალე პროდუქტი გახდა. ჩემთვის სუპერლიგა ჩემპიონთა ლიგა გახლავთ, რომელშიც ერთსა და იმავე გუნდებთან თამაში იშვიათად მოგიწევს. რატომ უნდა შევქმნათ ისეთი სისტემა, რომლის ფარგლებშიც ზედიზედ 10 წელი "რეალს" შევხვდებით. ვის უნდა ამის ყოველ წელს ნახვა?"


  • "მანჩესტერი" და "ლივერპული" იქ შედიან, საიდანაც კლუბები არ ვარდებიან. ეს ხომ სამარცხვინოა?!" - თქვა გარი ნევილმა. სხვა ფეხბურთელებიც კრიტიკულები იყვნენ.
ბაქარი სანია (არსენალი, სიტი): "ვფიქრობ, რომ ფეხბურთს საერთოდ აღარ ვუყურებ, რადგან ფეხბურთი, რომელსაც მე ვიცნობ, ფეხბურთი აღარ არის".

ჯეიმი კარაგერი (ლივერპული): "როგორ სამარცხვინო რამედ ვიქეცით "ლივერპული". იფიქრეთ იმ ადამიანებზე, რომლებიც ამ გუნდში ჩვენამდე იყვნენ, ისინიც კი სირცხვილით იწვიან".

რიო ფერდინანდი (მანჩესტერი): "მრცხვენია. მიყვარს "მან იუ", ვგულშემატკივრობ "მან იუს", მაგრამ რასაც ახლა აკეთებენ, მხარს ვერ დავუჭერ. არ შეიძლება ეგოისტი გუნდებისაგან ლიგის შექმნა, რომლებიც მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ. ეს ჩაკეტილი ლიგაა და იქ ყველა ვერ მოხვდება. ეს კლუბები, ფულის გარდა, რამეზე ფიქრობენ? 15 გუნდი, რომლებიც არასდროს გავარდებიან, ეს ხომ მოსაწყენია?!"

  • ისეთი ამბავი დატრიალდა, რომ ქვეყნის ლიდერებმაც კი გააკეთეს კომენტარები. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი:
"პრეზიდენტი ფრანგული კლუბების პოზიციას წარმოადგენს, რომლებიც ევროპულ სუპერლიგაში მონაწილეობაზე უარს აცხადებენ, რამეთუ ის ერთიანობისა და სპორტული დამსახურების პრინციპებს ეწინააღმდეგება.

საფრანგეთის მთავრობა ფედერაციის, უეფასა და ფიფას ყველა ნაბიჯს დაუჭერს მხარს, რომლებიც შეჯიბრებების მთლიანობისკენ იქნება მიმართული. ეს ეხება როგორც ევრპულ, ისე ეროვნულ ტურნირებს".

აი, რას ამბობს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი:

"სუპერლიგის შექმნა ფეხბურთს დიდ ზიანს მიაყენებს. ჩვენ საფეხბურთო ხელმძღვანელების პოტენციურ გადაწყვეტილებას სანქციების შესახებ მხარს დავუჭერთ. ეს იდეა ეროვნულ ჩემპიონატებს ლახვარს პირდაპირ გულში ჩასცემს და გულშემატკივრებს მთელი ქვეყნის მასშტაბით შეეხება.

კლუბებს, რომლებიც ამ სუპერლიგის შექმნას გეგმავდნენ, ჯერ ფანებისთვის უნდა მიემართათ, საზოგადოებისთვის აეხსნათ, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ და მომავალს დაგეგმავდნენ".

მოვუსმინოთ ევროკომისიის ხელმძღვანელის მოადგილე მარგარიტის სხინასს:

"ჩვენ სპორტის ევროპული მოდელი უნდა დავიცვათ, რომელიც განსხვავებულობასა და ინკლუზიაზეა დამყარებული. არ შეიძლება ყველაფერი უმდიდრეს კლუბებს გადავცეთ, რომლებსაც იმ ასოციაციებთან ყველა კავშირის გაწყვეტა უნდათ, რომლის ფარგლებშიც ახლა თამაშობენ: ეროვნული ჩემპიონატები, დაქვეითება და კლასის ამაღლება, სამოყვარულო ფეხბურთის დახმარება.

საყოველთაოობა, განსხვავებულობა და ინკლუზია - ეს ევროპული სპორტისა და ევროპული ცხოვრების წესის მთავარი შემადგენელი ნაწილებია".

მთავარი: როდის დაიწყება სუპერლიგა და როგორია უეფას პოზიცია:

  • ის დაიწყება აგვისტოში. 20 კლუბი ორად გაიყოფა. თითოეული გუნდი ჯგუფის ყველა წევრთან 2-ჯერ ითამაშებს, გარანტირებულად 18 მატჩი ექნებათ, ჩემპიონთა ლიგის ამჟამინდელი ფორმატის მიხედვით კი გარანტირებული 10 შეხვედრაა.
  • ჯგუფებიდან 3 საუკეთესო გავა, მეოთხე და მეხუთეადგილოსნები კი ორ მატჩს პლეი- ოფში ითამაშებენ. 1/4 და 1/2-ფინალები ორი მატჩის ფორმატით გაიმართება, ფინალი კი მაისში, ნეიტრალურ სტადიონზე გაიმართება. თამაშები კვირის შუაში ჩატარდება, რათა კლუბებმა ეროვნულ ჩემპიონატებში გამოსვლა შეძლონ - ცხადია, თუ უეფა დათანხმდება.

უეფამ ფედერაციებსა და ბუნტისთავების ლიგებთან ერთად ერთობლივი განცხადება გააკეთა:

"ჩვენ ერთიანები ვიქნებით და ერთობლივი ძალისხმევით შევებრძოლებით ამ ცინიკურ პროექტს, რომელიც რამდენიმე კლუბის ინტერესზეა დაფუძნებული, ამ დროს კი საზოგადოება იმაზე მეტად სოლიდარული უნდა იყოს, ვიდრე ოდესმე ყოფილა."

უეფა კლუბებს ჩემპიონატებსა და თასებზე მონაწილეობის აკრძალვით ემუქრება. იმაზეც კი დაიწერა, რომ ფეხბურთელებს ნაკრებში თამაშის უფლებასაც არ მისცემენ.

"ფიფას მხოლოდ თავისი უარყოფილი დამოკიდებულების გამოხატვა შეუძლია "დახურული ევროპული ლიგის" შექმნის მიმართ, რომელიც საერთაშორისო საფეხბურთო სტრუქტურებისა და უმაღლესი სპორტული პრინციპების უგულებელყოფით მოხდა."

ფიფა მსოფლიო ფეხბურთში მხარს ყოველთვის ერთიანობას უჭერდა, ასევე - ცხარე დისკუსიებს, მშვიდობიან, კონსტრუქციულ დიალოგებს თამაშისათვის; ასევე - სოლიდარობასა და პატიოსნებას."

  • ცნობილი გახდა, რომ ბანკი გიგანტი JP Morgan მზად არის ლიგაში 4,6 მილიარდი ფუნტი ჩადოს. თავად ორგანიზაცია ფულის დაბრუნებას ტრანსლაციების უფლებათა გაყიდვით აპირებს.
  • Key Capital Partners-იც აპირებს ფულის ჩადებას, ხოლო Corriere dello Sport-ის ცნობით, DAZN მზად არის ტრანსლაციის უფლებების სანაცვლოდ 3,5 მილიარდი ევრო გადაიხადოს. თუმცა თავად მაუწყებელმა ეს ინფორმაცია უარყო (Reuters).
  • 15 დამფუძნებელი კლუბი განვითარებისთვის 3,1 მილიარდ ფუნტს მიიღებს (89-დან 310 მილიონის ფარგლებში). ფულის დახარჯვა სტადიონების მშენებლობის კუთხით, სავარჯიშო ობიექტების მოსაწყობად და კოვიდ-პანდემიით დაცარიელებული ტრიბუნებით მიღებული ზარალის ასანაზღაურებლად იქნება შესაძლებელი.
  • სუპერლიგაში, Times-ის ინფორმაციით, სატელევიზიო გაყიდვებიდან შემოსული თანხის განაწილების რთული სქემა იქნება: 32,5%-ს 15 დამფუძნებელი გაინაწილებს, ხოლო 32,5%-ს კი - ყველა 20 კლუბი.

20%-ს კი ინგლისის პრემიერლიგის პრინციპით გაანაწილებენ: ვინც უფრო მაღალ ადგილს დაიკავებს, ის მეტს მიიღებს. დანარჩენი 15% კი  "პოპულარობის საფუძველზე" გაიცემა - რომელიც დამოკიდებული იქნება კონკრეტული კლუბის ტვ-რეიტინგებზე.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 3 /
შექმნის დღიდან,ფეხბურთი, სპორტის ყველაზე უფრო დემოკრატიული სახეობა იყო.ახლა ბობოლები ცდილობენ, ამას ბოლო მოუღონ და პრივილეგიები მიისაკუთრონ.არ შეიძლება, ამის დაშვება.
სოსო
14:08 20-04-2021
0
უეფას და ფიფას ბევრი ბერკეტი აქ იდეის იდეად დატოვების მონაწილე კლუნების ფეხბურთელებს ეროვნულ ნაკრებებსი არ გამოიძახებენ იყვნენ და ითამაშონ ნამდვილი ფეხბურთი ვისაც უყვარს მაგ ლიგას არც კი უყურებს
ნოდო
14:13 19-04-2021
8

სიახლეები პოპულარული