"ნაპოლის" ხერხემალს ახლა უჭირს - ლობოტკას შურისძიება ექსკლუბზე და სკანდალში გახვეული ყოფილი მეუღლე

AutoSharing Option
2022-23 წლების სეზონში, როცა "ნაპოლიმ" 33-წლიანი ლოდინის შემდეგ სკუდეტო მოიპოვა, ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელები უკეთ გაგაცანით. კიდევ ერთხელ გთავაზობთ სტატიას, რომელიც სტანისლავ ლობოტკაზე მოვამზადეთ. სლოვკი გასულ სეზონში შეუდარებელი იყო, ახლა კი მასაც და გუნდსაც სირთულეები აქვთ...

"ნაპოლის" შესახებ ახლა მთელი საფეხბურთო ევროპა საუბრობს. ყველაზე დიდი აჟიოტაჟი ხვიჩა კვარაცხელიას ირგვლივაა. თანამედროვე სამყაროშიც კი, როცა ყველაფრის გაცნობა მარტივადაა შესაძლებელი, ბევრს უკვირს, "კვარას" შესახებ აქამდე რატომ არ იცოდნენ. ჩვენებურს მშვიდი პირადი ცხოვრება აქვს და ქართველ გარემარბს ხასიათის  გამოც ძალიან აფასებენ... დიდია გუნდში ვიქტორ ოსიმენის
როლიც, სამხრეთკორეელი მცველი კიმ მინ ჯეც უმნიშვნელოვანესი შენაძენია, თუმცა ამ გუნდს ჰყავს სტანისლავ ლობოტკა, რომელიც უბრალოდ, შეუცვლელი და უალტერნატივოა.

რა თქმა უნდა, იმ აზრს არსებობის უფლება აქვს, რომ გულშემატკივრები შემტევების მიმართ მეტ სიყვარულს გამოხატავენ, რადგან დრიბლინგი თუ ლამაზი გოლი ძალიან კარგი საცქერია, თუმცა თანამედროვე ფეხბურთში საყრდენი ნახევარმცველების როლი და მნიშვნელობა გაზრდილია.

ნეაპოლელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე თქვა, კარგია, როცა გოლები გვიხარია, თუმცა ბურთის მოპოვებაში ნახევარმცველების როლი არ უნდა დავივიწყოთო. სტანისლავ ლობოტკას თითქოს ყველაფერი შეუძლია - ბურთის მოწინააღმდეგისთვის ართმევა, ძალიან ელეგანტური და სწრაფი დატრიალება, შეტევების წამოწყება, ყველაფრის სწორად გადანაწილება. რაც მთავარია, ის ამას სხეულის საოცარი კოორდინაციით ახერხებს. 28 წლის სლოვაკისთვის გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს - ის თანაგუნდელების მიერ დაკარგულ ნებისმიერ ბურთს მოიპოვებს და მას ისევ შეტევაში დააბრუნებს.

Sportall.Ge

ლობოტკას საოცარი პროგრესი

ამ სეზონის დროს ბევრს ეგონა, რომ 68 ნომრით მოასპარეზე სლოვაკი გუნდის ახალწვეული იყო. ყველაფერი ეს იმან გამოიწვია, რომ სტანისლავი, რომელიც გუნდში მეოთხე სეზონს ატარებს, აქამდე სათადარიგოსა თუ უმნიშვნელო მოთამაშის სტატუსს ატარებდა. წარმოიდგინეთ, ფეხბურთელმა, რომელიც ახლა შეუცვლელია და მზადაა, მთელი სეზონის განმავლობაში ერთი ამოსუნთქვით იასპარეზოს, 2 წლის წინ დღევანდელ გუნდში სულ 16 შეხვედრაში ითამაშა და ყველა შემთხვევაში ცვლილებაზე შემოვიდა.

რა თქმა უნდა, "ნაპოლის" ახლანდელ შედეგებში "კვარადონას" დამსახურება დიდია, თუმცა ლობოტკა ისეთ ფორმაშია, ნებისმიერი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი როლის შესრულება რომ შეუძლია.

მთავარ გუნდზე უარი

ლობოტკას საფეხბურთო კარიერა სლოვაკურ "ტრენჩინში" დაიწყო (აქ გიორგი ბერიძესაც უთამაშია). ის აქვე დაიბადა, 1994 წლის 25 ნოემბერს და ადგილობრივ დონეზე ყველაფრის მოგება (ფორტუნა ლიგა, ქვეყნის თასი) მოახერხა.

სტანისლავი იჯარით ამსტერდამის "აიაქსში" გადავიდა. მას ძირითად გუნდში თავის გამოჩენის საშუალება არ მისცეს. მხოლოდ დუბლებში თამაშის გამო სლოვაკი იმედგაცრუებას მაინც არ მოუცავს. გავა ხანი და ის ამსტერდამელთა წინააღმდეგ ძალიან მაგრად ითამაშებს. კარგად გემახსოვრებათ, ცოტა ხნის წინ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "ნაპოლიმ" "აიაქსს" ორი მატჩის ჯამში 10:3 მოუგო. ეს ის "აიაქსია", კვარაცხელიას შეძენა რომ ვერ გარისკა. ასე რომ, რევანში შედგა.

Sportall.Ge

სხვა გზით წასვლა

ლობოტკა ისევ მშობლიურ კლუბს დაუბრუნდა და ახალი თავგადასავლის ძიება დაიწყო. ბევრი არჩევანი არ ჰქონია და დანიურ "ნორდესლანდს" შეუერთდა. აქ 2015-16 წლებში 62 მატჩი ჩაატარა და ჩემპიონატის საუკეთესოს წოდებაც დაიმსახურა. მოულოდნელად, ესპანური ვარიანტი გამოჩნდა და ლობოტკამ ვიგოს "სელტაში" 3 წელი გაატარა. ის აქ შეუმჩნეველი ფიგურა ნამდვილად არ ყოფილა.

ყველაფერს ნეაპოლური კარიერა მოჰყვა, სადაც მოქნილი და დაუღლელი ნახევარმცველი ეტაპობრივად პროგრესირებს, მიმდინარე სეზონში კი შეუდარებელია და ნანატრ სკუდეტოსაც ძალიან მიუახლოვდა. მას იტალიის თასის ტიტული უკვე აქვს.

ცოტა საუბარი ოჯახზე

იტალიაში ცნობილია, რომ სტანისლავის მშობლებს ჩრდილში ყოფნა ურჩევნიათ, უარს ამბობენ ინტერვიუებზე და ყურადღების ცენტრში მოქცევას ერიდებიან. 

ჟურნალისტებთან ურთიერთობა არც "ლობოს" უყვარს. ფეხბურთელს არასდროს უსაუბრია საკუთარ განათლებაზე, დამოკიდებულებაზე, არც ძმების შესახებ ამბობს რამეს.

როგორც ჩანს, ლობოტკების ოჯახს საკუთარი საქმის მშვიდად გაკეთება სიამოვნებს.

სკანდალი ნაკრებში

"ნაპოლის" ნახევარმცველი სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში თამაშობდა, 2016 წლის 15 ნოემბერს კი მისი დებიუტი ეროვნულ ნაკრებში შედგა. სლოვაკეთის ნაკრები ახლა საკმაოდ სუსტი გუნდია, თუმცა ცოტა ხნის წინ ასე არ იყო. ისტორიული შედეგები მსოფლიო ჩემპიონატზეც ჰქონდათ, როცა იტალიას აჯობეს და ჯგუფიდან გავიდნენ, ლობოტკა კი იმ გუნდის ნაწილი იყო, რომელიც ასევე ისტორიულ, 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე გავიდა.

ნეაპოლელს სანაკრებო სკანდალიც უკავშირდება. მთავარმა მწვრთნელმა კოზაკმა 7 ფეხბურთელი ამხილა, თამაშის წინა საღამოს ღამის კლუბში გაერთნენო და ერთ-ერთი სწორედ სტანისლავი იყო. მან ბოდიში მოიხადა და ეს ინციდენტი ამით ამოიწურა.

Sportall.Ge

ექსცოლი სკანდალში და ურთიერთობა "მის სლოვაკეთთან"

ლობოტკას უკვე ყოფილი მეუღლე მისი თანამემალულე, მომღერალი დანიელა ნიზლოვა იყო, რომელთანაც მას ქალიშვილი ჰყავს. ნიზლოვამ ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ ნეაპოლი სისუფთავის მხრივ სანიმუშო ქალაქი არაა, რამაც გულშემატკივრები გააბრაზა და სკანდალი გამოიწვია. მომღერალს შემდეგ განმარტება მოუწია, რომ ეს ქალაქი ძალიან უყვარს, უბრალოდ ვერ წარმოუდგენია, 21-ე საუკუნეში ნაგავი მაგისტრალზე როგორ უნდა დაყარონ.

Sportall.Ge

დაახლოებით ერთი წელია, რაც ჩვენი წერილის გმირი მეუღლეს დაშორდა. უკვე წერენ, რომ ნახევარმცელს ახალი მეგობარი გოგო ჰყავს. კრისტინა შულოვა "მის სლოვაკეთი" გახდა, "მის სამყაროს" კონკურსზე კი მესამე ადგილი დაიკავა. მისი ოჯახის წევრები ფეხბურთს თამაშობდნენ. "მე კარგად ვიცი ფეხბურთის წესები, ოფსაიდის ამოცნობაც კი მეხერხება, რაც ბევრს უჭირს" - ამბობს სტანისლავის ახალი გოგონა. წერენ, რომ ის მანამდე მარეკ ჰლინკას ხვდებოდა, რომელსაც ცოტა ხნით ქუთაისის "ტორპედოშიც" უთამაშია.

სტანისლავ ლობოტკამ ასეთივე თამაში უნდა განაგრძოს და "ნაპოლი" სკუდეტოს კიდევ უფრო მიუახლოვდება - მთავარი ახლა სწორედ ესაა!..

alt"კვარა" და სპალეტი თვითკმაყოფილების გარეშე - "ნაპოლის" სუსტი რგოლი და გაძლიერების რესურსი

alt"ნაპოლი" დაფრინავს და რეკორდებს ხსნის - 4 მნიშვნელოვანი ამბავი გუშინდელი მატჩის შემდეგ

მკითხველის კომენტარები / 21 /
მეორე წრე რაც დაიწყო ცენტრის დაგუდვა დაიწყო ყველა გუნდმა ლობოტკა ახერხებს თავის დაძვრენას ანგისა როგორც საწყის ტურებშიბ ისე ვერ გამოიყურება მაგრამ ჩავარდნის მიუხედავად ახერხებს.ჟილენსკის უჭირს ფსიქოლოგიურად ფაქტია .
9
მეც არ მიკვირდა რატო არ თამაშობს შარშანდელივეთ მეთქი, ამასაც ახალი ცოლი არ მოუყვანია თურმე.
მაცი ხვიტია
15:31 04-01-2024
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული