ბარსელონა VS იუვენტუსი - ზვიგენების შეტევა და დაგეგმილი ხუთი გოლი

AutoSharing Option
* "ბარსელონას" ევროთასებზე შინ ზედიზედ 15 მატჩი აქვს მოგებული.

* "იუვენტუსმა" "კამპ ნოუზე" ბოლო ვიზიტისას (2002/03 წწ) 2:1 მოიგო დამატებით დროში.

* ნახევარფინალების წილისყრა 21 აპრილს გაიმართება.

ჩემპიონთა ლიგის წინა რაუნდში "ბარსელონამ" იმხელა გმირობა ჩაიდინა, რომ გასაკვირი უკვე არაფერია - კატალონიელებმა პარიზში 0:4 წააგეს, მაგრამ შინ 6:1 იმარჯვეს და ბრძოლას აგრძელებენ. ასე რომ, ლუის ენრიკეს გუნდის წინასწარ ჩამოწერა არ შეიძლება.

შეძლებს ლუის ენრიკეს გუნდი ზედიზედ ორი გმირობის ჩადენას ჩემპიონთა ლიგაზე? "იუვენტუსი" პსჟ არ არის და რთული წარმოსადგენია, რომ 3 და
მეტი გოლი გაუშვას. თანაც, "ბებერი ქალბატონი" თითქმის საუკეთესო შემადგენლობით ითამაშებს. გამორიცხული მხოლოდ მარკო პიაცას თამაშია.

თუმცა "ბარსას" ყველა უფრთხის, მათ შორის, პირველ მატჩში გოლის ავტორი ჯორჯო კიელინი: "ისინი ზვიგენებივით არიან, თუ სისხლი იგრძნეს, გადაგივლიან", - ამბობს "იუვეს" მცველი. თუ რას ამბობს თავად ლუის ენრიკე, ქვემოთ წაიკითხავთ.

I მატჩი
ტურინში "იუვენტუსმა" უშანსოდ მოუგო "ბარსელონას" - 3:0. პაულო დიბალამ დუბლი შეასრულა პირველ ტაიმში, მეორეში კი გოლი ჯორჯო კიელინიმ გაიტანა.

პრესკონფერენცია
ლუის ენრიკე (ბარსელონა): "თეორიულად უფრო ნაკლები გოლი გვჭირდება, ვიდრე პსჟ-სთან მატჩში. სამი გოლიც საკმარისია სიტუაციის გასათანაბრებლად, მაგრამ ვფიქრობ, რომ "იუვესაც" ექნება შანსი. ასე რომ, ჩვენი მიზანი ახლა ხუთი გოლის გატანაა. თუკი პირველ გოლს მალე გავიტანთ, "კამპ ნოუზე" შექმნილი ატმოსფერო დაგვეხმარება მეორე და მესამე გოლების გატანაში.

ახლა ჩვენ ხომ დასაკარგავი არაფერი გვაქვს - "ბარსას" მხოლოდ ერთი გზა აქვს: შეტევა, შეტევა და კიდევ შეტევა. ახლა კი ფანებს მინდა მივმართო: არ წახვიდეთ სტადიონიდან მე-80 წუთზე, თქვენ ნამდვილად გამოტოვებთ რაღაც მნიშვნელოვანს. ასე მგონია, რომ კიდევ ერთი ისტორიული საღამო გველის".

მასიმილიანო ალეგრი (იუვენტუსი): "ჭკვიანურად უნდა განვსაზღვროთ, როდის შევუტიოთ და როდის დავიცვათ საკუთარი კარი. "ბარსელონა" ისევ ის გუნდია, რომელიც ერთი კვირის წინ ტურინში იყო. მოკლედ, ჭკვიანურად თამაში გვმარეთებს. ტექნიკურად უნდა ვითამაშოთ, მიზანდასახულად, არაფრით არ უნდა ვიფიქროთ ანგარიშზე. ახალ მატჩში მცირედ განსხვავებულ ტაქტიკას გამოვიყენებთ. "ბარსელონას" სამი დიდი ფორვარდი ჰყავს, მაგრამ დარწმუნებული ვარ ჩემს ნახევარმცველებსა და მცველებში, ისინი შეძლებენ მათ განეიტრალებას. "იუვენტუსი" "კამპ ნოუზე" მოსაგებად გავა".

ამ უქმეებზე
"ბარსელონამ" ზედიზედ მე-18-ედ მოუგო "რეალ სოსიედადს" "კამპ ნოუზე" - 3:2. გამარჯვებულთა რიგებში დუბლით თავი ლიონელ მესიმ გამოიჩინა, გამარჯვების გოლი კი პაკო ალკასერის ანგარიშზეა.

"იუვენტუსმა" სტუმრად აუტსაიდერი "პესკარა" დაამარცხა - 2:0. გონსალო იგუაინმა დუბლი შეასრულა და ევროპის ტოპ-5 ლიგაში 200 გოლი დაუგროვდა.

ოთხშაბათი. 19 აპრილი
ბარსელონა-იუვენტუსი 22:45 (0:3)
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: რაფინია, ალეიშ ვიდალი, არდა თურანი (?), მასკერანო (?), მატიო (?) - პიაცა, დიბალა (?)
სავარაუდო შემადგენლობები
ბარსელონა (3-4-3): ტერ შტეგენი - მასკერანო, პიკე, უმტიტი - სერხი რობერტო, ინიესტა, ბუსკეტსი, რაკიტიჩი - მესი, ლუის სუარესი, ნეიმარი
იუვენტუსი (4-2-3-1): ბუფონი - დანი ალვეში, ბონუჩი, კიელინი, ალექს სანდრო - პიანიჩი, ხედირა - კუადრადო, დიბალა, მანჯუკიჩი - იგუაინი
ურთიერთშეხვედრები: 8 თამაში: +3=2-3 (10:10)
მსაჯი: ბიორნ კუიპერსი (ჰოლანდია)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ტოტალიზატორში მინდა ვითამაშო და მსაჯი ვინ არის ხომ არ იცით?
პენსიონერი
21:24 19-04-2017
0
ენრიკეს მსაჯების იმედი აქვს ისევ.იუვე არა მარტო გავა სჰემდეგ ტურსჰი არამედ ცჰემპიონიც გახდება
gocha123
19:32 19-04-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული