ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი: დიეგო სიმეონე - ბოროტი ჯადოქარი [VIDEO]

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკო" წყვილში თავიდანვე ფავორიტი გახლდათ და ეს პირველი მატჩის მერეც არ შეცვლილა.

მაგრამ 1:0 არ არის ის ანგარიში, რომელიც ბოლომდე მშვიდად ყოფნის საშუალებას მოგცემს აღმაფრენით მოთამაშე "ლესტერთან". დიეგო სიმეონე ბოროტი ჯადოქრის როლში მოგვევლინა - "ჩოლომ" "მელიების" ლამაზი ზღაპარი დაასრულა. თუმცა კრეიგ შექსპირსა და მის ბიჭებს ქების მეტი არაფერი ეკუთვნით, მათ ბოლომდე იბრძოლეს და საფინალო სასტვენის შემდეგ მხურვალე აპლოდისმენტებითაც დაჯილდოვდნენ.

საქმე ის არის, რომ "ატლეტიკოს" ამოცანა 26-ე წუთზე გაცილებით გაადვილდა, როდესაც ფილიპე ლუიშმა თავისი ფლანგიდან ჩააწოდა, ხოლო საულ ნიგესმა საკმაოდ
შორიდან გამოზომილი თავური დარტყმით ბურთი შორეულ კუთხეში "ჩასვა", კასპერ შმეიხელი მან მოძრაობაზე დაიჭირა.

ამის მერე "ათლეტები" ათლეტურად და ორგანიზებულად დადგნენ და იდგნენ და იდგნენ...

ლესტერშირელები ცდილობდნენ. მათ მეტოქეს ყველანაირ სტატისტიკურ მონაცემში აჯობეს, მაგრამ რაც მთავარი იყო, ტაბლოზე ვერ დააფიქსირეს ის შედეგი, რომელიც სჭირდებოდათ. საინტერესოა, რომ ამ დაძაბულ და მნიშვნელოვან მატჩში ერთი ყვითელი ბარათიც კი არ ყოფილა.

ერთი, რაც მასპინძლებმა მოახერხეს, ჯეიმი ვარდის გოლი იყო, როდესაც რიკოშეტის მერე ბურთი მისკენ წავიდა და არეულობაში ყველაზე უკეთ ჯეიმი გაერკვა. ალბათ, ასეც უნდა ყოფილიყო, "ლესტერი" ვარდის გოლით გავაცილეთ. შემდეგ ეტაპზე კი უფრო ძლიერი გუნდი გავიდა, მაგრამ არა ბოლომდე დამაჯერებელი თამაშით.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ლესტერი-ატლეტიკო 1:1 (0:1)
გოლები: 0:1 საული (26), 1:1 ვარდი (61)
ლესტერი (4-4-1-1): შმეიხელი - სიმპსონი, მორგანი (84. ამარტეი), ბენალუანი (46. ჩილველი), ფუხსი - დრინკვოტერი, ნდიდი, ოლბრაიტონი, მაჰრეზი - ოკაზაკი (46. ულოა) - ვარდი
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ხუანფრანი (55. ლ. ერნანდესი), სავიჩი, გოდინი, ფილიპე ლუიში (74. ა. კორეა) - გაბი, საული, კოკე, ხ. ხიმენესი - ფერეირა-კარასკო (69. ფ. ტორესი), გრიზმანი
მაყურებელი: 31 548

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული