მანჩესტერი-რეალის გამოხმაურება: შენ ჩაქრი, ჩაქირ!

AutoSharing Option
უკეთესმა გუნდმა წააგოო, თქვა ჟოზე მოურინიომ მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე. ჟოზემ კარგად იცის, რომ ყველამ იცის: უკეთესი გუნდი არის ის, რომელიც იმარჯვებს და მომდევნო ეტაპზე გადის.

ასე რომ არ იყოს, როგორ უნდა გავარკვიოთ, რომელია უკეთესი გუნდი?

ჟოზემაც იცის, რომ ეს ყველამ იცის და მაინც თქვა ის, რაც თქვა - მოურინიოს მხრიდან ეს განცხადება ნაწყენი სერ ალექს ფერგიუსონის მისამართით გაკეთებული მეგობრული ჟესტი იყო.

ამ კატეგორიაში გადის ჟოზეს მეორე საქციელიც - მოურინიო საფინალო სასტვენამდე ერთი წუთით ადრე დაიძრა კატაკომბებისკენ და სასტვენის დროს უკვე თვალს
ეფარებოდა.

შორს ვართ იმ აზრისგან, რომ ჟოზეს რაღაცის შერცხვა - უბრალოდ, მოედანზე რომ დარჩენილიყო და შეგირდებთან ერთად ეზეიმა, ფერგის წინაშე არ იქნებოდა მართალი - ჟოზე და ფერგი ხომ მეგობრები არიან.

ფერგიუსონი პრესკონფერენციაზე არ გამოცხადდა, რიო ფერდინანდმა საფინალო სასტვენის შემდეგ მსაჯ ჩიუნეით ჩაქირს ზედ ცხვირწინ დაუკრა ტაში - რამდენიმე მილიმეტრიც და თურქ არბიტრს ხელით შეეხებოდა...

იოლი წარმოსადგენია, რას უსურვებენ "იუნაიტედის" ფანები ჩაქირს, მაგრამ რაც უნდა ცივი გონებით განვსაჯოთ ნანის გაძევების მიზეზი, მაინც ერთ დასკვნამდე მივალთ: ჩაქირს შეეძლო, პორტუგალიელი არ გაეძევებინა და რომ გააძევა, ვერც ამის გამო გავკიცხავთ უკიდურესად.

ფაქტი მხოლოდ ისაა, რომ თურქი არბიტრი მომხდარს ზედმეტად პრაგმატულად და მკაცრად მიუდგა. მსაჯს ასეთ მატჩებში მეტი დაფიქრება და ჰუმანურობა მართებს, რადგან ასეთ გამარჯვებას გემოს ბოლომდე ვერც მოგებული გუნდი ჩაატანს, რისი დასტურიც მოურინიოს ის ორივე საქციელია, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ.

მოკლედ, ჩიუნეითს ნანი არ უნდა გაეძევებინა...

რეაქციები
მაიკ ფილანი ("მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტი):
"ფერგის მსაჯზე ლაპარაკი არ უნდა და პრესკონფერენციაზე მე გამომიშვა. ყველანი ძალიან იმედგაცრუებულები ვართ. გასახდელში ჯოჯოხეთური განწყობაა - ყველა ერთმანეთს ეკითხება, რა მოხდა და რატომ მოხდა ის, რაც მოხდა. ჩვენ ანგარიში გავხსენით, თამაშს ვიგებდით და მეოთხედფინალში გავდიოდით. მერე კი მსაჯის გადაწყვეტილებამ მთელი თამაში რადიკალურად შეცვალა. ჩაქირის საქციელი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს."


ჟოზე მოურინიო ("რეალის" მთავარი მწვრთნელი):
"ნანის გაძევების მიუხედავად, დღეს უკეთესმა გუნდმა წააგო. დიეგო ლოპესი შესანიშნავი იყო! ჩემმა გუნდმა არ ითამაშა კარგად და არც მოგებას ვიმსახურებდით, მაგრამ მოვიგეთ - ფეხბურთი ასეთია. ნანის გაძევებაზე კომენტარის გაკეთება არ მინდა, რადგან არ ვარ დარწმუნებული, ვიცი თუ არა ზუსტად, იყო თუ არა გასაგდები. ვფიქრობ, რომ სერ ალექს ფერგიუსონი ახლა თავს ისე გრძნობს, როგორც მე ვიყავი ორი წლის წინათ, როცა "ბარსელონასთან" პეპე გამიძევეს."


კრიშტიანო რონალდო (რეალი):
"ბედნიერი ვარ, რომ მოვიგეთ და თან გული მტკივა იმის გამო, რომ "მანჩესტერი" გავარდა. მართალია, ჩემი გოლი არ ვიზეიმე, მაგრამ გულში ძალიან მიხაროდა."


ჩაბი ალონსო (რეალი):
"რთული იყო იმის გადაწყვეტა, იმსახურებდა თუ არა ნანი გაძევებას. ფაქტი ისაა, რომ ამის შემდეგ ჩვენ ძალიან კარგად ავთამაშდით და გოლებიც გავიტანეთ."


დიეგო ლოპესი (რეალი):
"ეს იყო დაუვიწყარი საღამო გრანდიოზულ სტადიონზე და ურთულესი გამარჯვება, რომელიც დავიმსახურეთ. "რეალმა" დაამტკიცა, რომ ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი ფავორიტია."


შემადგენლობები
მოულოდნელზე მოულოდნელი იყო ის, რომ ფერგიუსონმა უეინ რუნი და შინჯი კაგავა (ამ უკანასკნელმა გასულ უქმეებზე პრემიერლიგაში ხომ ჰეთ თრიკი შეასრულა) სათადარიგოთა სკამზე დატოვა.

სამაგიეროდ, მოსალოდნელი იყო უბერებელი რაიან გიგზის ძირითად შემადგენლობაში გამოჩენა - უელსელმა კარიერის მე-1000 მატჩი ჩაატარა. გიგზი, როგორც ყოველთვის, მარცხენა ფლანგზე იდგა, მაგრამ ხშირად მადრიდელთა შეტევების ჩაშლით იყო დაკავებული. მარჯვენა ფრთიდან კი ნანი უტევდა. ტრავმირებული ჯოუნსი ნახევარდაცვის ცენტრში კლევერლიმ შეცვალა.

მოურინიოს საკადრო სიურპრიზები არ შემოუთავაზებია. როგორც მოსალოდნელი იყო, დაცვის ცენტრში, სერხიო რამოსის გვერდით ისევ ახალგაზრდა ვარანი ვიხილეთ და არა პეპე.

ჟოზეს 4-2-3-1 ტაქტიკურ სქემაში ტრადიციული შემტევი სამეული - დი მარია, იოზილი და რონალდო ვიხილეთ.

"რეალის" სასტარტო თერთმეტეული პირველი მატჩისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ მოურინიომ ცენტრფორვარდად არა ბენზემა, არამედ იგუაინი გაამწესა.

გოლები
0:1 რამოსი (48-საკუთარ კარში): ვან პერსის დარტყმა დაიბლოკა, ვარანმა სიტუაცია ვერ განმუხტა, ნანის გასროლას უელბეკი უხეიროდ გამოეხმაურა, მაგრამ რამოსმა "მანკუნიანელობა ითავა" და სამი მეტრიდან ბურთი საკუთარ კარში შეაგდო.

1:1 მოდრიჩი (66): ხორვატ ნახევარმცველს, რომელიც შეცვლაზე შევიდა, ძალიან ეფექტური გოლი გამოუვიდა: მოდრიჩმა 18 მეტრიდან დაარტყა და დე ხეა უშანსოდ დატოვა.

1:2 კ. რონალდო (69): იოზილმა ბრწყინვალე პასი მისცა იგუაინს, რომელმაც მეკარის საჯარიმოში გამჭოლი პასით მოძებნა დროულად გახსნილი რონალდო, ამ უკანასკნელმა კი დე ხეას კარი ვარდნაში დალაშქრა.

გმირი
დიეგო ლოპესი (რეალი)
მოურინიოს აბსოლუტურად ვეთანხმებით: მატჩის გმირი უდავოდ მადრიდელთა მეკარე დიეგო ლოპესია. მართალია, პირველ ტაიმში რამდენჯერმე თავდაუჯერებლობა გამოამჟღავნა, მაგრამ მატჩის მიწურულს, როცა "იუნაიტედი" უკანმოუხედავად უტევდა, რამდენჯერმე იხსნა "სამეფო გუნდის" კარი.

ანტიგმირი
ალვარო არბელოა (რეალი)
თუკი პირველი მატჩის ანტიგმირად რაფაელი დავასახელეთ, ამჯერად ეს სტატუსი მადრიდელთა მარჯვენა მცველს, ალვარო არბელოას ეკუთვნის. ამ უკანასკნელს ძალიან უჭირდა უსწრაფეს ნანისთან ან უელბეკთან გამკლავება და ამასთან, შეტევაშიც ვერაფერი გააწყო. ტაქტიკურ მიზეზთან ერთად ამ ყველაფრის ბრალიცაა, ჟოზემ არბელოა თამაშიდან 58-ე წუთზე რომ მოხსნა.

მსაჯი
ჩიუნეით ჩაქირზე შესავალში ბევრი ვისაუბრეთ, აქ კი მხოლოდ იმას დავძენთ, რომ თურქ არბიტრს ნანის გაძევებამდე პრობლემები არ შეჰქმნია. ეს იმის დამსახურებაცაა, რომ მანამდე თამაში კორექტული იყო. რომ არა ნანისთვის აფრიალებული წითელი ბარათი, რაც მომხდარის ზედმეტად მკაცრი შეფასება იყო, მატჩის შემდეგ ჩაქირზე ალბათ არავინ ილაპარაკებდა.

მწვრთნელები
რამდენადაც გაოცებულები დავრჩით რუნისა და კაგავას სკამზე დასმით, იმდენად გაამართლა ნანისა და გიგზის ძირითადში გამწესებამ. ფერგიუსონს შეცვლებმა გაუმართლა იმ მხრივ, რომ იანგის, რუნის და ვალენსიას გამოჩენის შემდეგ "იუნაიტედი" გაცილებით უკეთ ათამაშდა, თუმცა ეს სიტუაციის დამსახურებაცაა - მანკუნიანელებს უკან დასახევი გზა ხომ აღარ ჰქონდათ.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნანის გაძევების შემდეგ ფერგიმ ცვლილებები დააგვიანა.

მოურინიოს გაცილებით ადრე, შესვენებაზე მოუხდა იძულებითი ცვლილების გაკეთება და ტრავმირებული დი მარიას ნაცვლად მოედანზე კაკა გამოიყვანა. ჟოზეს აქტივში უნდა ჩაეთვალოს არბელოას გაყვანა და ლუკა მოდრიჩის გამოყვანა, რადგან ანგარიში სწორედ ამ უკანასკნელმა გაათანაბრა.

აქვე ისიც ვთქვათ, რომ მოურინიომ "ოლდ ტრეფორდზე" პირველად მოიგო.

რაც თვალში მოგვხვდა
- ისევე, როგორც პირველ მატჩში, "რეალი" "ოლდ ტრეფორდზეც" ადრე აწუხებდა "მანჩესტერს": საწყის წუთებში ხედირა და ალონსო ბურთის მოპოვებას უმეტესად მანკუნიანელთა ნახევარზე ცდილობდნენ. თუმცა მადრიდელთა საყრდენ ნახევარმცველებსა და მცველებს შორის ხშირად იქმნებოდა სიცარიელე, რაც უელბეკმა ბოლომდე კარგად ვერ გამოიყენა.

- ბურთის მოპოვების შემდეგ მანჩესტერელები ძალიან სწრაფად გადადიოდნენ შეტევაში, უელბეკი და ნანი ხშირად ცვლიდნენ ფლანგებს. "იუნაიტედის" ფლანგის მცველები კი შეტევაში ვერ აქტიურობდნენ.

- მადრიდელები შეტევებს უმეტესად დი მარიასკენ და რონალდოსკენ გაკეთებული დიაგონალური პასებით იწყებდნენ, არგენტინელი და პორტუგალიელი კი უმეტესად მარცხენა ფლანგიდან უტევდნენ, სადაც რაფაელი ისევ დიდ გასაჭირში იყო.

- "რეალი" ზედმეტად ხშირად უტევდა მარცხენა ფლანგიდან და ამის გამო მადრიდელთა იერიშები იოლად პროგნოზირებადი იყო.

- ნანის გაძევების შემდეგ მანჩესტერელებმა მხოლოდ დაცვაზე დაიწყეს ზრუნვა, "რეალმა" კი მეტოქე დაწნეხა და რიცხობრივი უპირატესობის მოპოვების შემდეგ თამაშის შესატრიალებლად ათი წუთი ეყო.

- რონალდოს, რომელიც "ოლდ ტრეფორდზე" პირველად დაბრუნდა, ძალიან კარგად ნამდვილად არ უთამაშია. პორტუგალიელმა შორიდან ორჯერ სცადა გოლის გატანა, მაგრამ მიზანმა ორჯერვე უმტყუნა. 69-ე წუთზე გატანილი გოლის მომენტში კი დაამტკიცა, რომ ცენტრფორვარდის უტყუარი ალღოც აქვს.

დასკვნა
"რეალმა" მხოლოდ ნანის გაძევების შემდეგ შეუტია ხეირიანად, მანჩესტერმა კი მაშინ, როცა უკვე სხვა გზა აღარ ჰქონდა.

ხშირად გვითქვამს, რომ ფერგიუსონი სიბერეში ზედმეტად ფრთხილი გახდა. სერ ალექსს ჩვენგან, რა თქმა უნდა, არაფერი ესწავლება, მაგრამ როცა ათკაციანი "იუნაიტედი" მოურინიოს "რეალს" ასე კარგად უტევს, ძალაუნებურად დაუკმაყოფილებლობის განცდა გეუფლება - ნუთუ არ შეიძლებოდა, რომ მანჩესტერელები ნანის გაძევებამდეც ცოტათი მეტად რისკიანები ყოფილიყვნენ?

ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი
მანჩესტერ იუნაიტედი-რეალი 1:2
გოლები: 1:0 სერხიო რამოსი (48-საკ. კარში), 1:1 მოდრიჩი (66), 1:2 კ. რონალდო (69)
მანჩესტერ იუნაიტედი (4-3-2-1): დე ხეა - რაფაელ და სილვა (87. ვალენსია), ფერდინანდი, ვიდიჩი, ევრა - კერიკი, კლევერლი (73. რუნი), გიგზი - უელბეკი (81. იანგი), ნანი - ვან პერსი.
რეალი (4-2-3-1): დიეგო ლოპესი - არბელოა (59. მოდრიჩი), ვარანი, სერხიო რამოსი, ფაბიო კოენტრაო - ხედირა, ჩაბი ალონსო - დი მარია (45. კაკა), იოზილი (71. პეპე), კ. რონალდო - იგუაინი.
გაფრთხილება: ევრა, კერიკი - არბელოა, კაკა, პეპე
გაძევება: ნანი (56)
მაყურებელი: 74 959

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მანჩესტერი-რეალი 1:2 - უკეთესის მარცხი "ოლდ ტრეფორდზე" [VIDEO]
კრიშტიანო რონალდო: "რეალის" წარმატება მახარებს, "იუნაიტედის" გამო ვწუხვარ
ჟოზე მოურინიო: კარგად არ გვითამაშია, მაგრამ ფეხბურთი ასეთია
მკითხველის კომენტარები / 3 /
სულ მაინტერესებდა - ყოველთვის მრავლობითში რომ წერთ ("ჩვენი აზრით", "ვეთანხმებით","შორს ვართ იმ აზრისგან","გაოცებულები დავრჩით" და ა.შ.), მართლა რამდენიმე კაცი მუშაობთ ერთ სტატიაზე, მთელ რედაქციას ერთნაირი ემოციები და აქვს ეთანხმება სტატიის მოსაზრებებს? :) თუ უბრალოდ მასეთი ფორმაა, როგოც სამეცნიერო სტატიებში არ შეიძლება "მე შევისწავლე"-ს ხმარება და "ჩვენ" უნდა გამოიყენო. მართლა მაინტერესებს!
მიჩინიო
13:01 07-03-2013
0
კარგი სტატიაა ავტორ,მაგრამ ფერგის და მსაჯის შეფასებაში ნამდვილად არ გეთანხმები.ფერგი დიდი მწვრთვნელია.ჩვენ რაც არ უნდა გვდომოდა სანახაობა.გოლი მაინც რეალს ქონდა გასატანი.და რა ხდებოდა და რა მოხდა ნანის გაძევებამდე?რეალის მომენტს ვერ ვიხსენებ.და მსაჯი.ეს იყო შეხვედრა რომელსაც ელოდა დიდი ხანი მთელი საფეხბურთო სამყარო.და ჩაქირი არ უნდა ყოფილიყო მსაჯი.და კიდევ ერთი ასპექტი.როცა ნანი გააგდეს 1-0 იყო ანგარიში,და ლოგიკა რო ნანიმ განზრახ ჩაარტყა ფეხი არბელოას.არსად ჩანს
დაჩი
12:08 07-03-2013
0

სიახლეები პოპულარული