დუშან უჰრინი: პატრიკ ვუო თბილისის "დინამოს" დიდ დახმარებას გაუწევს

AutoSharing Option
თბილისის "დინამომ" გასულ კვირას ბევრი რამ მოასწრო - ფარერული "სტრეიმურის" 6:1 განადგურებით საქართველოს ჩემპიონმა თითქმის გაინაღდა ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საგზური და მომავალი მეტოქის ვინაობაც შეიტყო.

ფაქტობრივად, გადაწყვეტილია, რომ ივლისის ბოლოს "დინამო" რუმინეთის მრავალგზის ჩემპიონს - ბუქარესტის "სტიაუას" დაუხვდება, რომელმაც მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში მაკედონიის "ვარდარს" სამი უპასუხო ბურთი გაუტანა.

"სტიაუა" გამოცდილი და ტიტულოვანი კლუბია - შინაურ ტიტულებზე რომ არაფერი ვთქვათ, "მეომრები" ("სტიაუა" რუმინეთის არმიის კლუბის სახელს ატარებს. - ავტ.) 1986 წელს მოგებული ჩემპიონთა თასითაც იწონებენ თავს და
ევროპის ლიგის შარშანდელ გათამაშებაშიც წარმატებით ითამაშეს.

ასე რომ, ვერ ვიტყვით, "დინამოს" წილისყრაში გაუმართლაო... სამაგიეროდ, კარგი ის არის, რომ თბილისური კლუბის მთავარი მწვრთნელი დუშან უჰრინი რუმინულ ფეხბურთს კარგად იცნობს - იქაურ "ტიმიშოარას" ორი წლის განმავლობაში წვრთნიდა.

- კმაყოფილი ვარ თუ არა კენჭისყრის შედეგით? "დინამოს" სავარაუდო მეტოქეებს შორის რამდენიმე ძლიერი გუნდი იყო. ჩვენ "სტიაუა" შეგვხვდა და შესაბამისად, სწორედ მას უნდა ვეთამაშოთ. დანარჩენი მოედანზე გამოჩნდება.

- კენჭისყრის შემდეგ თქვით, რომ რუმინეთში მუშაობის პერიოდში "სტიაუასთან" არასდროს წაგიგიათ.
- ასეა. "ტიმიშოარაში" მუშაობისას "სტიაუას" ოთხჯერ ვეთამაშეთ - სამი მატჩი ფრედ დასრულდა, ერთიც ჩვენ მოვიგეთ... ამას დიდ უპირატესობად არ მივიჩნევ, თუმცა ის კი ფაქტია, რომ მე გაცილებით უკეთ ვიცნობ რუმინულ ფეხბურთს, ვიდრე "სტიაუას" მწვრთნელი - ქართულს... მაგრამ სანამ ერთმანეთთან ვითამაშებთ, ჩვენც და რუმინელებსაც ჯერ განმეორებითი მატჩები გვაქვს ჩასატარებელი. ასე რომ, "სტიაუასთან" თამაშზე ფიქრს მხოლოდ ფარერებიდან დაბრუნების შემდეგ დავიწყებთ.

- "სტრეიმურთან" მატჩში "დინამოს" თამაშითაც ისეთივე კმაყოფილი ხართ, როგორც შედეგით?
- სხვათა შორის, დიდი ანგარიშით წაგების მიუხედავად, "სტრეიმური" სულაც არ არის სუსტი გუნდი. კლუბში ფარერების ნაკრების არაერთი ფეხბურთელია და თავადაც ნახეთ, რომ გოლის გატანის რამდენიმე შანსიც ჰქონდათ. ჩემს გუნდს რაც შეეხება, მთლიანობაში, ბიჭების თამაშით კმაყოფილი ვარ, ერთი-ორი შეცდომა კი ყველას შეიძლება მოუვიდეს.

- ტრიბუნიდან ისე ჩანდა, რომ ჯაბა დვალი შეცვლით უკმაყოფილო დარჩა...
- ამაში გასაკვირი არაფერია - მოედნიდან ნაადრევად გასვლა არავის უხარია... თუმცა იმ მომენტში რაღაც უნდა შეგვეცვალა, მოედანზე ახალი ფეხბურთელი გვჭირდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ დვალის გასვლის შემდეგ 4 ბურთი გავიტანეთ, სათამაშო სქემა მნიშვნელოვნად არც შეცვლილა.

- პატრიკ ვუოზე რას იტყვით?
- ვუო ფიზიკურად ძლიერი თავდამსხმელია, თავითაც კარგად თამაშობს და დარწმუნებული ვარ, "დინამოს" დიდ დახმარებას გაუწევს.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

რატი შელეგია
kvirispalitra.ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
დუშან შენი იმედი მაქვს და აბა შენ იცი , იმედია გაიყვან დინამოს შემდეგ ეტაპზე...:)
Dinamo Fan
11:27 23-07-2013
0

სიახლეები პოპულარული