01:37 06-05-2015
იუვენტუსი-რეალი 2:1 - კარლიტოსმა კარლიტოს მოუგო [VIDEO]
AutoSharing Option
"სანტიაგო ბერნაბეუზე" კი კიდევ უფრო მეტს ველით, რადგან ინტრიგა შენარჩუნდა და მერე როგორი!
"იუვენტუსმა" უკეთ, უფრო აქტიურად დაიწყო და ზედიზედ რამდენჯერმე შეუტია სახიფათოდ, რაც საბოლოოდ "ბებერ ქალბატონს" დაუფასდა კიდეც - კარლოს ტევესის დარტყმულს ექსრეალელმა ალვარო მორატამ დაამატა და "ბებერი ქალბატონი" წინ გავიდა.
მორატა კი ცდილობდა, არ აღენიშნა, მაგრამ მაინც ძალიან ღირსეულად ამაყი გახლდათ და სახეზე ეწერა კმაყოფილება.
ამის მერე "რეალი" ნელ-ნელა შევიდა თამაშში, შეცდომების დაშვებას მოუკლო და ტერიტორიული უპირატესობა მოიპოვა, რაც მერე სათამაშოში გადაზარდა. ძალიან აქტიურობდნენ მარსელო და ისკო, რომლებმაც მარცხენა ფლანგი "დაქოქეს", მაგრამ "სამეფო გუნდის" იერიშებს სიმწვავე აკლდა.
სამაგიეროდ, კარლო ანჩელოტის ბიჭებმა მარჯვნიდან ერთი შეუტიეს და გოლიც გამოაცხვეს - ხამეს როდრიგესმა ბურთი კრიშტიანო რონალდოს ჩაუგდო, რომელმაც ახლო მანძილიდან თავით გაიტანა. ტაიმის მიწურულს კი იმავე ხამესს თავურით შეეძლო გატანა, მაგრამ კოლუმბიელმა ხელსაყრელი პოზიციიდან ხარიხას გაარტყა.
მეორე ნახევარი ისე დაიწყო, რომ ბურთი უფრო "რეალს" ეჭირა, მაგრამ გოლი "იუვემ" გაიტანა. მასპინძლებმა მეტოქე კონტრიერიშზე დაიჭირეს და ტევესმა ყველაფერი იდეალურად გააკეთა. ის საჯარიმოში შევიდა, დანი კარვახალს გასცდა და ამ უკანასკნელმაც ფეხი მიარტყა, ხოლო ინგლისელმა მარტინ ატკინსონმა პენალტი დანიშნა.
დარტყმა თავად კარლიტოსმა ითავა და ბურთი შუაში გაგზავნა, იკერ კასილიასი კი გადახტა და ანგარიშიც 2:1 გახდა.
მალევე მასიმილიანო ალეგრი ადგა და ბევრისთვის მოულოდნელად, ტრავმირებული პოლ პოგბას მაგივრად ძირითადში დაყენებული ახალგაზრდა და გამოუცდელი სტეფანო სტურარო (სასტარტოში მის ნაცვლად რობერტო პერეირას ველოდით) ახლად მომჯობინებული ანდრეა ბარძალით ჩაანაცვლა, რაც იმას ნიშნავდა, რომ "იუვე" 5-მცველიან ტაქტიკაზე, 5-3-2-ზე გადაერთო, რაც შეტევისას 3-5-2-ად გარდაიქმნებოდა.
თუმცა დარჩენილ წუთებში ტურინელები შეტევაზე ნაკლებად ფიქრობდნენ და კონტრიერიშზე თუ ელოდებოდნენ შანსს. ანჩელოტიმ კი მინდორზე ხავიერ ერნანდესი შეუშვა. ჩიჩარიტომ ისკო ცუდად არ შეცვალა და კარლიტოს ახლაც ჰქონდა მექსიკელის იმედი.
"რეალს" ბურთი ეჭირა და გაუთავებლად აწვდიდა მეტოქის საჯარიმოში, მაგრამ სიმწვავე მადრიდელებს ისევ აკლდათ. აი, "იუვემ" კი კინაღამ მესამეც გაიტანა, როდესაც რაფაელ ვარანის მორიგი შეცდომის შემდეგ შეცვლაზე შესული ფერნანდო ლორენტე გაიქცა და კასილიასსაც გასცდა, მაგრამ მახვილი კუთხიდან პასიღა შეძლო, რომელსაც მისიანი ვერავინ გამოეხმაურა.
ბოლო წამებზე ანდრეა პირლოს ჩაწოდების მერე, ბასკმა პეპეს აჯობა და თავით სცადა გატანა, მაგრამ ხეირიანად ვერ დაარტყა და ბურთი იკერს დარჩა.
"სამეფო გუნდი" ფავორიტის სტატუსს ინარჩუნებს, მაგრამ "იუვენტუსის" სოლიდურმა და თავდაჯერებულმა თამაშმა დაგვანახვა, რომ ალბათ, ყველაფერი ისე მარტივად არ იქნება, როგორც ბევრს ეგონა...
მატჩის შემდეგ:
მასიმილიანო ალეგრი: იმ ოთხშაბათს ჩვენ წინაშე დაჭრილი "რეალი" იდგება
კარლო ანჩელოტი: შედეგი არცთუ სახარბიელოა, მაგრამ არც მთლად ცუდია
კარლოს ტევესი: ჩვენი მოგება სიურპრიზი უფრო ჟურნალისტებისთვის გახდა
როი კინი: "რეალს" 10 კაცით მატჩის მოგება გაუჭირდებოდა
ჩემპიონთა ლიგა. 1/2-ფინალი. I მატჩი
იუვენტუსი-რეალი 2:1
გოლები: 1:0 მორატა (9), 1:1 რონალდო (27), 2:1 ტევესი (58-პენ.)
იუვენტუსი (4-3-1-2): ბუფონი - ლიხტშტაინერი, ბონუჩი, კიელინი, ევრა - მარკიზიო, პირლო, სტურარო (64. ბარძალი) - ვიდალი - ტევესი (86. პერეირა), მორატა (78. ლორენტე)
რეალი (4-4-2): კასილიასი - კარვახალი, პეპე, ვარანი, მარსელო - ს. რამოსი, კროოსი, ხ. როდრიგესი, ისკო (63. ხ. ერნანდესი) - ბეილი (86. ხესე), რონალდო
გაფრთხილება: ბონუჩი, ტევესი, ვიდალი, კიელინი – მარსელო, კარვახალი, ხ. როდრიგესი
კუთხური: 1-5 ჯარიმა: 20-13 თამაშგარე: 3-1 კარში დარტყმა: 12(7)-12(3) ბურთის ფლობა: 47%-53%
მაყურებელი: 41 011.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
დორტმუნდს რომ 2-1 მოუგო ყველას ეგონა იუვე გავარდებაო მაგრამ 3-0 აჯახა რეალს უარესი არ მოუვიდეს!!!!!!!
0
0
მეცოდება იუვე მადრიდში რა კოშმარი ელით))) თავიდან ჩაკეტავენ თამაშს პირველი გოლის მერე ვინუჯდენი გახსნიან და აი მანდ კი მაგრად დაერხევათ)))
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული