ბაიერნი VS ატლეტიკო - დღეს ფეხბურთის დედაქალაქი "ალიანც არენაა"

AutoSharing Option
* პირველ შეხვედრაში საულ ნიგესის ერთადერთი გოლის წყალობით "ატლეტიკომ" 1:0 იმარჯვა.
* მადრიდელებმა ბოლო 7 მატჩი მოიგეს და 602 წუთია (!) გოლი არ გაუშვიათ.
* "ბაიერნმა" ესპანელ მეტოქეებთან მხოლოდ 2 დათმო.
* ეს ორი კლუბი აქამდე მხოლოდ ერთხელ შეხვდა ერთმანეთს - 1974 წელს.
* მას მერე, რაც "ბაიერნი" შინ "რეალთან" 0:4 განადგურდა, მიუნხენურმა კლუბმა ჩემპიონთა ლიგაზე ყველა (11) მატჩი მოიგო "ალიანც არენაზე".

დღეს ევროპული ფეხბურთის დედაქალაქი მიუნხენი და კერძოდ, "ალიანც არენა" იქნება - დიეგო სიმეონემ საფეხბურთო სამყაროს დიდი საფიქრალი გაუჩინა
- როგორ უნდა დაინგრეს "ატლეტიკოს" ნიჭიერი და ტექნიკური ფეხბურთელების მიერ აგებული კედელი.

ამაში კი ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლაა. დღეს გამოჩნდება, როგორ იფიქრა ესპანელმა.

პრესკონფერენცია
ხოსეპ გვარდიოლა (ბაიერნი): "არ უნდა ვიფიქროთ, თუ რამდენი გოლი გვაქვს გასატანი. პირველ რიგში, თავის კარგ დაცვასა და მატჩის გაკონტროლებაზე უნდა ვიფიქროთ. ჩვენ აუცილებლად გვჭირდება ბურთი და გოლები. "ატლეტიკო" თავს დიდებულად იცავს, მაგრამ ეს გუნდი შეტევაშიც ძლიერია. ამიტომ არის "ატლეტიკოსთან" თამაში ძალიან ძლიერი. შანსებს შევქმნით, მაგრამ ეს ვერ იქნება ძალიან ბევრი.

ეს მატჩი ჩემთვის უკანასკნელია მიუნხენში ჩემპიონთა ლიგაზე. მიუნხენში კი მე ყოველთვის კარგად მხვდებოდნენ. გერმანიაში ცოტა სხვანაირად თამაშობენ, ამიტომ მე გარკვეულწილად ადაპტაცია მომიხდა გერმანულ ფეხბურთთან. ძალიან ბევრიც ვისწავლე. "ბაიერნთან" ერთად ბევრსაც მივაღწიე, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა ურთულესი ამოცანაა. ძალიან მიხარია, რომ გუნდში ფილიპ ლამი მყავს. მან ყველაფერი იცის ფეხბურთში".

დიეგო სიმეონე (ატლეტიკო): "ფეხბურთი ფანტასტიკური რამ არის და მისი თამაში სხვადასხვანაირი სტილით შეიძლება. ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორი კონტინგენტი გყავს. ჩვენ ბევრს ვშრომობდით ბოლო წლებში და ამას შედეგი მოაქვს. ფეხბურთელები იცვლებიან, მაგრამ ისინი დიდებულად ერგებიან "ატლეტიკოს", ბევრსაც შრომობენ. ყველაფერი შედეგებით მტკიცდება.

ძალიან მწვავედ ვითამაშეთ პირველ მატჩში და ვნახოთ, რამდენად გამოგვივა იმავეს გამეორება მიუნხენშიც. ყოველი თამაში მაინც განსხვავებულია. ჩვენი გეგმა კი ასეთია - გამარჯვება, ლიგის ფინალში გასვლა".

გასულ უქმეებზე
მიუნხენის "ბაიერნს" შეეძლო ჩემპიონობის დაბევება, მაგრამ ვერ შეძლო "გლადბახის" დამარცხება - 1:1. თომას მიულერმა მე-6 წუთზე დააწინაურა მიუნხენური გრანდი, მაგრამ 72-ე წუთზე ჰანმა გაათანაბრა, გვარდიოლას გუნდმა 2 ქულა მოულოდნელად დაკარგა. ამ თამაშში გუნდს გამოჯანმრთელებული ჟერომ ბოატენგი დაუბრუნდა.

"ატლეტიკომ" მცირე მადრიდული დერბი ითამაშა და მეორე ტაიმში გატანილი ერთადერთი ბურთის წყალობით 1:0 იმარჯვა. 3 ქულა "როხიბლანკოს" ანტუან გრიზმანმა მოუტანა.

რობენის გარეშე, რიბერით
"ბაიერნის" საკადრო პრობლემები ფლანგის შემტევებს ეხება - არიენ რობენის თამაში გამორიცხულია, ფრანკ რიბერის კი - საეჭვო. თუმცა, დიდი ალბათობით, ფრანგი ითამაშებს. ჰოლგერ ბადშტუბერის არყოფნა კი აღარავისთვისაა გასაკვირი და არც დიდი დანაკლისი.

"ატლეტიკოს", ამ მხრივ, ყველაფერი წესრიგში აქვს - აკლია პორტუგალიელი ტიაგო მენდეში, მაგრამ მის გარეშე თამაშს "როხიბლანკო", რა ხანია, შეეჩვია.

გვარდიოლა VS სიმეონე
არგენტინელი სიმეონე ახლახან გახდა 46 წლის, პეპი მალე გახდება. მათთვის ეს უკვე მე-13 დაპირისპირებაა. და მხოლოდ ბოლო - მე-12 იყო ამ კლუბებს შორის მატჩში.

მადრიდულ მატჩამდე მათ შორის სრული თანაფარდობა იყო, რომელიც სიმეონეს სასარგებლოდ დაირღვა: არგენტინელმა ესპანელს 5 დუელი მოუგო, 4 დათმო და 3 ფრედ დასრულდა.

თუმცა ჩემპიონთა ლიგის მატჩებში 1:1-ია. "ბაიერნში" პეპის მოგებების პროცენტი 76-ს შეადგენს, სიმეონეს ანალოგიური მაჩვენებელიც კარგია, მაგრამ შესამჩნევად ნაკლები - 63%.

სამშაბათი. 3 მაისი
ბაიერნი-ატლეტიკო 22:45 (0:1)
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: რობენი, ბადშტუბერი, რიბერი (?) - ტიაგო
სავარაუდო შემადგენლობები
ბაიერნი (4-2-2-2): ნოიერი - ლამი, ხ. მარტინესი, ბოატენგი, ალაბა - ჩაბი ალონსო, ვიდალი - დ. კოშტა, რიბერი - მიულერი, ლევანდოვსკი
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ხუანფრანი, ხ. ხიმენესი, გოდინი, ფილიპე ლუიში - ს. ნიგესი, გაბი, ა. ფერნანდესი, კოკე - გრიზმანი, ფ. ტორესი
მსაჯი: ჯუნიეთ ჩაკირი (თურქეთი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ატლეტიკო დიდი ალბათობით ფინალში გავა, იმიტომ რომ სიმეონე არის, არანორმალურად ძლიერი მწვრთნელი.
ნიკა
19:08 03-05-2016
0
ისეთივე არის მაგაში სიმართლე რამდენდადაც :დ:პ რომ ვერ მოიგოს ბაიერნმა და მართლა რო მოკლან გვარდიოლა
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული