მადრიდის "რეალმა" ტიტულების რაოდენობით თავისი უახლოესი მდევრის, "მილანის" მშობლიურ "სან სიროზე" "უნდესიმა" (მე-11 ტიტული) იზეიმა.
ზინედინ ზიდანმა საკმაოდ არეული "რეალი" ჩაიბარა და ყველაფრის გათვალისწინებით, ფინალამდეც შეგვეძლო იმის თქმა, რომ მან კარგად იმუშავა.
ერთი, რაც მისი მისვლის მერე "სამეფო გუნდს" აშკარად დაეტყო, აკადემიური თამაშის სტილია - მშვიდი, თავდაჯერებული... მაშინაც კი, როდესაც
ეს ყველაფერი ძალიან კარგია, მაგრამ ბალანსის პოვნაც საჭიროა და, რა დიდი ფეხბურთელიც არ უნდა იყო, მწვრთნელობის გარკვეული გამოცდილებაც გჭირდება. ამ ფაქტორებსა და ზედმეტ აკადემიურობას უნდა დავაბრალოთ ის, რომ როდესაც "ატელტიკომ" ანგარიში გაათანაბრა, ზიზუს უკვე სამივე ცვლილება გამოყენებული ჰქონდა, ხოლო დიეგო სიმეონეს ორი შეცვლა შემოენახა. ეს "ჩოლოს" უპირატესობას აძლევდა. თანაც, ზინედინმა ბევრისთვის ცოტა უცნაური ცვლილებები გააკეთა.
- ცრემლები წაგებული ფინალის შემდეგ [PHOTO]
გარდამტეხი მომენტები
მატჩში რამდენიმე გარდამტეხი მომენტი იყო - "რეალის" შანსი გოლამდე, მერე გოლი, რომელიც თითქოსდა, თამაშგარედან გავიდა, მაგრამ ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ სერხიო რამოსი ძლიერი ფეხბურთელია. "რეალის" მიერ უკეთ ჩატარებული პირველი ტაიმი და შემდეგ "ატლეტიკოს" - მეორე ნახევარი. მეორე ტაიმის დებიუტში ფერნანდო ტორესის ჭკვიანური თამაში და ანტუან გრიზმანის გაცუდებული პენალტი. "ათლეტების" რამდენიმე მწვავე შეტევა.
შემდგომ "რეალის" პასუხი და ერთი იერიშისას გატანის რამდენიმე შანსი, რონალდოს "პიჟონური" დარტყმა... რის გამოც "სამეფო გუნდი" კინაღამ დაისაჯა, რადგან შეტევაზე წამოსულმა "ატლეტიკომ" გაათანაბრა. საუცხოოდ მოთამაშე გაბის დახვეწილ პასს ხუანფრანის გამჭოლი გადაცემა მოჰყვა, რომელსაც იანიკ ფერეირა-კარასკო დაუხვდა. ფრანგი შეცვლაზე შემოვიდა და "რეალს" სისხლი გაუშრო. ბელგიელი დიდებულად გამოიყურებოდა.
პენალტების სერია
პენალტების სერია განსხვავებული მოვლენაა და ძალიან ძნელია ივარაუდო, ვის ურჩევნია და ვის არა, თუ რა თქმა უნდა, გერმანია არ თამაშობს. ფაქტია, დამატებით დროში "ატლეტიკო" ცოტა უფრო ცოცხალი და აქტიური გახლდათ. თუმცა ერთი-ორი მწვავე მცდელობა არც "რეალმა" დაგვაკლო და ამ მხრივ, მეტოქეს არ ჩამორჩა.
პენალტებში კი "რეალის" თითქმის ყველა ფერხბურთელმა არა უბრალოდ ერთ კუთხეში, არამედ, ფაქტობრივად, ერთ წერტილში დაარტყა.
რას აკეთებდა ობლაკი, ეს ძნელი სათქმელი გახლდათ, იგი, უბრალოდ, გაშეშებული იდგა და, თითქოს, ცოტა დაბნეული გახლდათ. არადა, ობლაკი კარგი მეკარეა და პენალტების მოგერიებაც ეხერხება. თერთმეტმეტრიანების სერიამდეც მან რამდენიმე რთული ბურთი აიღო.
120 წუთის განმავლობაში კარგად მოთამაშე ხუანფრანმა პენალტი უხეიროდ დაარტყა, ბურთი ძელს მოხვდა. რონალდომ კი, რომელსაც თამაში არ გამოუვიდა, საჩემპიონო გოლი მაინც მიიწერა, გადამწყვეტი პენალტი დაარტყა და, რაღა თქმა უნდა, გაიტანა.
დამარცხებულთა ვარამი
ბევრს გული დაეწვებოდა აცრემლებული გაბის, კოკეს, ხუანფრანის, ბავშვივით ატირებული "ელ ნინიოსა" და სხვების დანახვაზე. დიეგო სიმეონეც გაფითრებული იყო, ცდილობდა არ შეემჩნია, მაგრამ შიგნიდან იწვოდა. "ატლეტიკო" ძალიან სიმპათიური გუნდია. მადრიდელებმა ჩემპიონთა ლიგის (თასის) ფინალში მესამედ წააგეს, სამივეჯერ ძალიან დრამატულად და ბოლო წამზე... ეს დასანანია და დიახ, ბევრი იტყვის, რომ "ათლეტებმა" იომეს პსვ-სთან, შემდეგ გააგდეს ორი მთავარი ფავორიტი "ბარსელონა" და "ბაიერნი", თანაც, გააგდეს შთამბეჭდავად, ხოლო "რეალმა" მოუგო არც ისე ძლიერ და სოლიდურ "რომას", რომელიც კრიზისში მყოფ სერია A-ში მესამეზე გავიდა.
მოუგო ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალსა და ნახევარფინალში პირველად გასულ "სიტის", რომელიც პრემიერლიგაში მეოთხეზე ძლივს გავიდა და მოუგო გამოუცდელ და პლეი ოფების დებიუტანტ "ვოლფსბურგს", რომელიც ბუნდესლიგაში სულაც ევროზონის მიღმა დარჩა. თუმცა... იმსახურებს ის, ვინც ფინალს იგებს, ტიტულს იგებს ის, ვინც ამ ერთ გადამწყვეტ თამაშში გამოდის გამარჯვებული.
"რეალი" კი იმიტომაც არის "რეალი", რომ თუნდაც პრობლემურ სეზონში, როდესაც გუნდს შეიძლება თამაში არ მისდიოდეს და არაერთი სხვადასხვა ხასიათის პრობლემა ჰქონდეს, საბოლოოდ ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია. ესეც - უნდესიმა!
მატჩის შემდეგ
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელებული სერხიო რამოსი: "შესანიშნავი შეგრძნებაა - 2 მოგება ბოლო 3 წელიწადში. ეს არის ჩვენი ჯილდო, რთული სეზონის ბოლოს. მე, როგორც უკვე კაპიტანმა, ორმაგად ვისიამოვნე ამ წარმატებით და ამ ფინალს ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება. "ატლეტიკომ" ძალიან კარგად ითამაშა და გუნდს შთამბეჭდავი სეზონი ჰქონდა, მაგრამ ფეხბურთში ასეა, ტიტული ორივეს ვერ შეხვდება და საბედნიეროდ, მოგება ჩვენ შევძელით.ეს ენითაუწერელი სიხარული და ემოციაა.
მოიგო ჩემპიონთა ლიგა ერთხელ, დიდებულია; მოიგო მეორედ... ამას სიტყვებით ვერ გადმოვცემ. ძალიან ძლიერი მეტოქე გვყავდა და რთული თამაში მოვიგეთ. ბოლოს მცირე ტრავმა მივიღე, მაგრამ პენალტის დარტყმის დროს, სიმართლე ითქვას, არანაირ ზეწოლას არ ვგრძნობდი. დარწმუნებული ვიყავი, რომ გავიტანდი. ძალიან მიხარია, რომ ეს ტიტული ისევ დავისაკუთრეთ. ახლა ზეიმის დროა".
ანტუან გრიზმანი: "საბოლოო ჯამში, პენალტები ლატარიაა, რომელშიც ამჯერად "რეალს" გაუმართლა. უაღრესად ძლიერ მეტოქესთან ძალიან კარგად ვითამაშეთ და ცოტა დაგვაკლდა. დასანანია, რომ მეორე ტაიმში ის პენალტი ვერ გავიტანე, მაგრამ ასეთი რაღაცები ხდება და ჩვენ ბრძოლას ვაგრძელებდით.
იანიკ ფერეირა-კარასკოს შემოსვლამ გავლენა მოახდინა. გოლის გარდა, მან კიდევ ბევრი პრობლემა შეუქმნა მეტოქეს და მოგება შეგვეძლო. ახლა კი ამ ყველაფრისგან უნდა ვისწავლოთ, მუშაობა გავაგრძელოთ და უფრო ძლიერები გავხდეთ. რასაკვირველია, მარცხი ძალიან მტკივნეულია".
"ჩვენ უნდა ვიამაყოთ ამ გუნდით. ხვალიდან მუშაობა უნდა გავაგრძელოთ, რადგან ჩვენი საიდუმლო შრომასა და გუნდურობაშია. დარწმუნებული ვარ, რომ "ატლეტიკო" დაბრუნდება და ჩემპიონთა ლიგას მოიგებს, რადგან ეს გუნდი ამას იმსახურებს" - აღნიშნა გაბიმ.
"ვამაყობ "ატლეტიკოთი" და იმით, რომ ამ გუნდის წევრი ვარ. ვამაყობ ფეხბურთელებითა და ფანებით. ჩვენ ბოლომდე დავიხარჯეთ, მაგრამ მეტოქემ მოიგო, რადგან პენალტებში ამ შეხვედრაში "რეალს" უმართლებდა.
"რეალი" პირველი 15 წუთი უკეთესი იყო, მაგრამ მერე მოვუმატეთ და მეორე ტაიმში უპირატესობა გქვონდა. ჩვენ ამ მატჩის მოგება გვსურდა, ფრეზე არ ვფიქრობდით და გქვონდა კიდევ შანსები. არ ვიმსახურებდით, რომ ასეთი რამ მეორედ დაგვმართნოდა, მაგრამ ფეხბურთში ასეც ხდება. მთავარია, თავდაჯერება და რწმენა შევინარჩუნოთ და იგივენაირად გავაგრძელოთ განვითარება" - განმარტა საულ ნიგესმა.
კრიშტიანო რონალდო: "მე უნდა გამეტანა და ვიცოდი, რომ გამარჯვების გოლს გავიტანდი, ვგრძნობდი. ზიდანს ვუთხარი, რომ ბოლოს დავეტოვებინე და ყველაფერი ასეც მოხდა. დიდებული საღამო იყო და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემპიონთა ლიგა მესამედ მოვიგე".
ბუნებრივია, ცრემლებად დაიღვარა ხუანფრანი, რომელიც, სხვათა შორის, მადრიდის "რეალის" აკადემიის აღზრდილია და ძირითად გუნდში 6 მატჩიც აქვს თავის დროზე ჩატარებული. იგი "ატლეტიკოში" "ოსასუნადან" 2011 წელს გადავიდა და მას მერე ერთ-ერთი საუკეთესოა. ხუანფრანმა ფანებს ბოდიში მოუხადა. ბოლოს კი მწვრთნელებსაც მოვუსმინოთ.
ზინედინ ზიდანი: "ფიზიკურად გარკვეული პრობლემები შეგვექმნა, ეს ნორმალურია. ფსიქოლოგიურად კი ზეწოლა ყოველთვის დიდია და უნდა გაუმკლავდე. უბრალოდ, უნდა გვებრძოლა და ეს გავაკეთეთ კიდეც. როდესაც ისეთ დიდ ტურნირს იგებ, როგორიც ჩემპიონთა ლიგაა, ეს ფეხბურთელებისა და სამწვრთნელო, ტექნიკური შტაბისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ამაზე ვოცნებობდი და ძალიან კმაყოფილი ვარ.
როდესაც პრეზიდენტმა ეს შანსი მომცა, ამ კალიბრის მოთამაშეებით დაკომპლექტებული გუნდი ჩამაბარა... ასეთ ნიჭიერ და მაღალი დონის ფეხბურთელებთან ერთად ყველაფრის მოგებაა შესაძლებელი.
ვულოცავ "ატლეტიკოს" ღირსეულ თამაშს. ეს ძალიან ძლიერი გუნდია, ხოლო სიმეონე დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ცხადია, მიხარია, რომ ჩვენ მოვიგეთ. ერთხელ კარლო ანჩელოტიმ მითხრა: "თუ ჩემპიონთა ლიგის მოგების შანსი მწვრთნელის რანგშიც გექნება, ნახავ, რომ ამ შეგრძნებასთან არაფერია ფეხბურთელობისას მოგებული ჩემპიონთა ლიგა".
ეს მართლაც განსაკუთრებულად სასიამოვნოა და ძალიან, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს ტიტული მოვიგე, როგორც მოთამაშემ, როგორც ასისტენტმა და ახლა, როგორც მთავარმა მწვრთნელმა".
დიეგო სიმეონე: "ასეთი მატჩები და ნერვიულობა სიცოცხლის რამდენიმე წელს გაკლებს. პირველ რიგში, ვულოცავ მადრიდის "რეალს" ჩემპიონობას. ამ გუნდმა კიდევ ერთხელ გვაჯობა, ამჯერად პენალტებში. მატჩი ცუდად დავიწყეთ, მაგრამ 20-25 წუთში თამაში გამოვასწორეთ. მეორე ტაიმში კი კარგად გამოვიყურებოდით და დებიუტშივე შეგვეძლო გატანა. შემდეგ შანსები ორივე გუნდს ჰქონდა, საბოლოოდ კი დავმარცხდით. წაგება კი წარუმატებლობაა. ახლა იარები უნდა მოვიშუშოთ და გეგმის მიხედვით უნდა გავაგრძელოთ.
საუკეთესო ყოველთვის ის გუნდია, რომელიც იგებს. შესაბამისად, "რეალი" უკეთესი გახლდათ, რადგან მოიგო. ჩვენ ჩემპიონობის შანსი გვქონდა, მაგრამ ის ვერ გამოვიყენეთ. ყველაფერი უნდა გავაანალიზოთ და ამაზე ფიქრს და ზრუნვას აქედანვე ვიწყებ. იარების მოშუშებაში ის ადამიანები დამეხმარებიან, ვინც ყოველთვის ჩემ გვერდით არის. როდესაც ყველაფერს აკეთებ, რაც შეგიძლია, მაგრამ ორივე ფინალს აგებ, ძალიან მტკივნეულია.
თანაც, ერთხელ დამატებით დროში დავმარცხდით, როდესაც ბოლო წამებზე გავუშვით გამათანაბრებელი გოლი, ხოლო ახლა პენალტებში წავაგეთ. ადვილი არ არის ამასთან გამკლავება, მაგრამ ჩემი ცხოვრება ადვილი არასდროს ყოფილა. 3 წელიწადში ორჯერ ფინალში გასვლა "ატლეტიკოსთვის" მშვენიერი შედეგია. თუმცა მე ბედნიერი ვერ ვიქნები, რადგან ჯერჯერობით, ფინალი ვერ მოვიგე".
სტატისტიკა
* მადრიდის "რეალს" კონკრეტულად ჩემპიონთა ლიგის ყველა ფინალი მოგებული აქვს - 5-დან 5. უფრო მეტჯერ ჩემპიონთა ლიგის ფინალში მხოლოდ "მილანი" იყო, "როსონერიმ" ეს 6-ჯერ მოახერხა, მაგრამ იტალიურ გუნდს "რეალივით" 100%-იანი მაჩვენებელი არ აქვს - მხოლოდ 3 მოგება.* "რეალის" ეს ხუთივე ტრიუმფი ლუწი ციფრით დაბოლოებულ წლებში იყო (1998, 2000, 2002, 2014, 2016). აქედან სამი ფინალი "სამეფო გუნდმა" ესპანურ კლუბს მოუგო (ორჯერ "ატლეტიკოს", ერთხელ "ვალენსიას". აგრეთვე დაამარცხა "ლევერკუზენი" და "იუვენტუსი").
* ახლა "რეალმა" თავის მარადმწვანე მეტოქეს, "ბარსელონას" გადაასწრო თავისი 5 გამარჯვებით. კატალონიელები ჩემპიონთა ლიგის ფინალში ასევე 5-ჯერ იყვნენ, მაგრამ 4 მოიგეს (1994 წელს "მილანთან" დამარცხდნენ).
* ჩემპიონთა ლიგის ერაში, "რეალის" გარდა, 100%-იანი მაჩვენებელი, ფინალში გასვლისა და მოგების მხრივ, მხოლოდ "მარსელს", "პორტუსა" და "ინტერს" აქვთ, მაგრამ მათ მხოლოდ თითოჯერ ითამაშეს ფინალი.
* "ატლეტიკო" შეუერთდა "ვალენსიას" და ჩაეწერა იმ გუნდთა სიაში, რომლებსაც უშუალოდ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთზე მეტჯერ აქვთ ნათამაშები და ეს ტიტული არ მოუგიათ. ორივეს ორი ფინალი აქვს წაგებული. კლუბები, რომლებიც თითოჯერ გავიდნენ ფინალში და არ მოუგიათ, არიან - "მონაკო", "არსენალი" და "ლევერკუზენი".
* დიეგო სიმეონე, თავის მხრივ, მის თანამემამულეს, "ვალენსიის" ექსმწვრთნელს, ექტორ რაულ კუპერს შეუერთდა და ახლა მხოლოდ ისინი არიან ისეთი სპეციალისტები, რომლებმაც ფინალში ერთზე მეტჯერ ითამაშეს და ჯერ არ მოუგიათ.
* ზინედინ ზიდანი გახდა პირველი ფრანგი მწვრთნელი, ვინც ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ამ მხრივ, 6-6 გამარჯვებით იტალიელი და ესპანელი სპეციალისტები დომინირებენ. გერმანელმა ტაქტიკოსებმა 4-ჯერ მიაღწიეს მიზანს. ჰოლანდია, პორტუგალია და შოტლანდია ორ-ორი ტრიუმფით დაიკვეხნიან. ერთი ტიტული ბელგიელ ტაქტიკოსსაც აქვს. ასე რომ, ჩემპიონთა ლიგა არაევროპელ მწვრთნელს ჯერ ისევ არასდროს მოუგია.
* ზინედინ ზიდანი ფრანკ რაიკაარდის მერე მეორეა, ვინც ჩემპიონთა ლიგა მოიგო როგორც ფეხბურთელმაც და როგორც მწვრთნელმაც. ზიზუ პირველია, ვისაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლი აქვს გატანილი და მწვრთნელის რანგში ეს ტიტული მოგებული. არც ის დაგვავიწყდეს, რომ ზიდანმა ტურნირი ასისტენტის რანგშიც მოიგო.
* ჩემპიონთა ლიგის 24 ფინალიდან 8-ში დამატებითი დრო დაინიშნა და აქედან 7-ჯერ საქმე პენალტების სერიამდე მივიდა. ამ შეხვედრებიდან 5 1:1 დასრულდა. მათ შორის, "სან სიროზე" გამართული წინა ფინალიც - 2001 წელს "ვალენსიასა" და "ბაიერნს" შორის.
* 1:1 ახლა 2:1-თან ერთად, ჩემპიონთა ლიგის ფინალებში ყველაზე პოპულარული და ხშირი ანგარიშია.
* ანტუან გრიზმანი გახდა მეოთხე ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში პენალტი გააფუჭა (ცხადია, პენალტების სერია არ ითვლება). ამ ოთხიდან ერთ-ერთი ჩაბი ალონსოა, რომელმაც 2005 წელს დამატებაზე მაინც გაიტანა. ფეხბურთელებს ასევე 4 პენალტი აქვთ ფინალებში გატანილი. ლიგის ფინალში გამოუყენებელი პირველი პენალტი ასევე "სან სიროზე" ვნახეთ, როდესაც "ბაიერნის" მეჰემტ შოლმა "ვალენსიას" ვერ შეუგდო.
* ტონი კროოსი გახდა მე-13 მოთამაშე, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა ერთ გუნდზე მეტთან ერთად მოიგო. წინა ჩემპიონობას მან 2013 წელს მიაღწია "ბაიერნთან" ერთად. კლარენს ზეედორფი კი რჩება ერთადერთად, ვისაც ლიგა სამ კლუბთან ერთად აქვს მოგებული ("აიაქსი", "რეალი", "მილანი").
* სერხიო რამოსი მხოლოდ მეხუთე ფეხბურთელი და ამავდროულად, პირველი მცველია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ორ ფინალში შეძლო გატანა. დანარჩენი ოთხნი არიან - რაული, სამუელ ეტო’ო, ლიონელ მესი და კრიშტიანო რონალდო.
* იანიკ ფერეირა-კარასკო გახდა პირველი ბელგიელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიტანა. ახლა ფინალებში 20 სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელს აქვს გატანილი. საუკეთესო მაჩვენებელი ესპანელებს აქვთ - 10 გოლი. ჩემპიონთა ლიგის ფინალებში ავტოგოლი ჯერჯერობით, არ ყოფილა.
რეალი-ატლეტიკო 1:1 (5:3 პენ)
გოლები: 1:0 ს. რამოსი (15), 1:1 ფერეირა-კარასკო (79)
რეალი (4-3-3): კ. ნავასი - კარვახალი (52. დანილო), ს. რამოსი, პეპე, მარსელო - მოდრიჩი, კაზემირო, კროოსი (72. ისკო) - ბეილი, ბენზემა (77. ლ. ვასკესი), რონალდო
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ხუანფრანი, სავიჩი, გოდინი, ფილიპე ლუიში (109. ლ. ერნანდესი) - ს. ნიგესი, გაბი, ა. ფერნანდესი (46. ფერეირა-კარასკო), კოკე (116. პართეი) - ფ. ტორესი, გრიზმანი
შენიშვნა: გრიზმანმა ვერ გაიტანა პენალტი (48)
პენალტების სერია: 1:0 ვასკესი, 1:1 გრიზმანი, 2:1 მარსელო, 2:2 გაბი, 3:2 ბეილი, 3:3 ნიგესი, 4:3 რამოსი, 4:3 ხუანფრანი (ძელი), 5:3 რონალდო
გაფრთხილება: კარვახალი, ნავასი, კაზემირო, რამოსი, დანილო, პეპე - ტორესი, გაბი
კუთხური: 7-6; ჯარიმა: 18-16; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 25-18 (8-4); ბურთის ფლობა: 46%-54%.
მაყურებელი: 80 074
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"