ქართველი ლეგიონერები ევროპის ლიგაზე: "ინტერს" ბაჩანა ცხადაძის გოლმა უშველა

AutoSharing Option
ევროპის ლიგის 11 ივლისის მატჩებში რამდენიმე ქართველმა ლეგიონერმა მიიღო მონაწილეობა, რომელთა ნაწილმაც პირველი ეტაპის დაძლევა შეძლო.

საშინაო 1:1-ის შემდეგ, კახა ცხადაძის მიერ გაწვრთნილმა ბაქოს "ინტერმა" ფინურ "მარიეჰამნის" სტუმრად 2:0 სძლია.

ანგარიში მატჩის 21-ე წუთზე თერთმეტმეტრიანით ბაჩანა ცხადაძემ გახსნა. "ინტერის" შემადგენლობაში სრულად ითამაშა გიორგი ლომაიამ, ცხადაძე 73-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო მათი თანაგუნდელი ალექსანდრე იაშვილი - 69-ეზე.

მოედანზე 90 წუთი გაატარა ექსდინამოელმა მიკელ ალვარომ.

* * *
მაკედონიური "მეტალურგის" ბარიერი გადალახა აზერბაიჯანულმა "ყარაბახმა", რომელმაც მეტოქეს შინაც 1:0 სძლია. "ყარაბახის" შემადგენლობაში ნიკოლოზ გელაშვილმა
89-ე წუთამდე ითამაშა.

შემდეგ რაუნდში "ინტერი" ნორვეგიულ "ტრომსოს" დაუპირისპირდება.

* * *
გათამაშებას გამოეთიშა "ინტერ ტურკუ", რომელმაც გასვლით შეხვედრაში ნათამაშები 1:1-ის შემდეგ, შინ ფარერულ "ვიკინგურთან" 0:1 წააგო.

ინტერელმა ირაკლი სირბილაძემ მატჩი შეუცვლელად ჩაატარა.

* * *
თამაზ პერტიას მიერ გაწვრთნილმა რიგის "სკონტომ" ერთი კვირის წინ გასვლაზე მოლდოვური "ტირასპოლი" 1:0 დაამარცხა, 11 ივლისს კი საკუთარ მოედანზე 0:1 წააგო და მეორე რაუნდში გამსვლელის გამოსავლენად პენალტების სერია გახდა საჭირო. "სკონტომ" 4:2 გაიმარჯვა და მეორე ეტაპზე გავიდა.

რიგელთა რიგებში სრულად ითამაშა ლაშა დვალმა, ხოლო მისი თანაგუნდელები, ლადო დათუნაშვილი და ირაკლი კლიმიაშვილი თადარიგში იყვნენ.

დვალს თერთმეტმეტრიანების სერიაში მონაწილეობა არ მიუღია.

მეორე რაუნდში "სკონტოს" მეტოქე ჩეხური "ლიბერეცი" იქნება.

* * *
მეორე ლატვიურმა კლუბმა, "ვენტსპილსმა", პირველი ბარიერი არანაკლებ მძიმე ბრძოლაში გადალახა - შინ უელსურ "ეირბასთან" 0:0 ითამაშა, მანამდე კი გასვლითი შეხვედრა 1:1 დაასრულა და მეორე ეტაპზე სტუმრად გატანილი გოლის წყალობით გავიდა.

თორნიკე თარხნიშვილი "ვენტსპილსის" განაცხადში არ გამოჩენილა.

"ვენტსპილსის" შემდეგი მოწინააღმდეგე ლუქსემბურგული "ჟენეს ეში" იქნება.

* * *
სომხურმა "განძასარმა", რომლის ღირსებასაც შოთა ჯიქია იცავს, ყაზახურ "აქტობესთან" 11 ივლისსაც 1:2 წააგო. ჯიქია სასტარტო შემადგენლობაში გაამწესეს და 63-ე წუთზე შეცვალეს.

აღსანიშნავია, რომ "აქტობეს" ორივე გოლი ქართული წარმოშობის თემურ კაპაძის ანგარიშზეა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული