როგორც "ლელოს" სპეციალური კორესპონდენტი, ამ თამაშს მეც დავესწარი. ვფიქრობ, ჩვენი გაზეთის მკითხველისთვის საინტერესო უნდა იყოს იქ განვითარებული მოვლენების ანალიზი და თამაშის საერთო გარჩევა, რადგან გაბალის მთავარ სპორტულ არენაზე ჩვენ მართლაც ექსტრემალურ პირობებში ვიმუშავეთ და აქედან გამომდინარე, არ გვქონდა საშუალება, ოპერატიულად გაგვეკეთებინა დეტალური მიმოხილვა და მხოლოდ ფაქტების ქრონოლოგიურ აღნუსხვას დავჯერდით...
გაბალამდე არც ისე შორია
ჩვენს ავტობუსში "დინამოს" საფეხბურთო აკადემიის პერსონალი სჭარბობდა. აფერუმ, რომან ფიფიას! მართლაც კარგი კონტინგენტი შეუკრებია - მცოდნე, ქართულ ფეხბურთსა და მის პრობლემებზე მოფიქრალი...
ქალაქ ევლახს რომ გავცდით, აზერბაიჯანული პოლიციის მანქანა დაგვხვდა და გაბალის სტადიონამდე მიგვაცილა. მასპინძლებმა თადარიგი მაშინვე დაიჭირეს. გაბალა მთიანი, საკურორტო ქალაქია. თავად ქალაქი დიდი ვერაფერი - მხოლოდ მშვენიერი პარკით თუ მოიწონებს თავს...
სტადიონს მივუახლოვდით თუ არა, სიტუაცია მთლიანად შეიცვალა. ოთხი დიდებული სავარჯიშო მინდორი, ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც ავთვალს არ ენახვება (სწორედ აქ ცხოვრობს "გაბალა") და თავად სტადიონი, 8-ათასიანი კოხტა ნაგებობა, რომელიც იდეალურია ფეხბურთის სათამაშოდაც და საყურებლადაც.
სიტყვა სტადიონზე ჩამოვარდა და უნდა ვთქვათ, რომ სულ მალე ეს სტადიონი "გაბალას" საფეხბურთო აკადემიას გადაეცემა და იქვე შენდება ახალი არენა, რომელიც გაცილებით მეტ მაყურებელს დაიტევს.
სტადიონზე ხუთიოდე წუთის დაგვიანებით შევედით. "გაბალას" სპორტულ დირექტორს, ინგლისური ფეხბურთის კაშკაშა ვარსკვლავ ტონი ადამსს იმ წამის დასრულებული ჰქონდა "გაბალას" სტადიონის პერსონალისთვის ქების სიგელების გადაცემა. არადა, ადამსთან გასაუბრება ურიგო ნამდვილად არ იქნებოდა...
რას გვერჩოდნენ მეზობლები?
თამაში დაიწყო თუ არა, წამსვე ვიგრძენით აზერბაიჯანელი ქომაგების აგრესია. ცხადია, ეს თბილისში ერთი კვირის წინ მომხდარი მოვლენების გამოძახილი იყო. ეს გასაგებია და დასაგმობია, რაც საქართველოს დედაქალაქში მოხდა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ თბილისში აზერბაიჯანელ ჟურნალისტებს მუშაობისთვის ყველა პირობა ჰქონდათ შექმნილი, მათთვის ხელი არავის შეუშლია...პირველივე წუთიდან ადგილობრივი გულშემატკივრები მუქარის ნიშნად გვიქნევდნენ ხელებს და აგრესიას გამოხატავდნენ ჩვენ მიმართ. მერე, როცა მასპინძელმა მხარემ ბანერები გამოფინა (ეს არ იყო ტილოზე ან ქაღალდზე სპონტანურად მიჯღაბნილი რაღაც სიტყვები, საგანგებოდ იყვნენ მომზადებულები), რომლებზეც რუსთავი, მარნეული და ბოლნისი აზერბაიჯანულ ტერიტორიებად იყო მოხსენიებული, სიტუაცია დაიძაბა.
რა თქმა უნდა, ქართველმა ჟურნალისტებმა ამაზე პროტესტი გამოვთქვით. უნდა ითქვას, რომ პრესლოჟასა და ქომაგებს სტადიონზე თითქმის არაფერი აცალკევებს. ამან სიტუაცია კიდევ უფრო გაამძაფრა. თუ თამაშის მიმდინარეობისას აზერბაიჯანულმა პოლიციამ იდეალურად დაიცვა "დინამოს" ქომაგები (ოღონდ იმავეს ვერ ვიტყვით თამაშის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე), ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე არავის უზრუნია.
არავინ იცის, რა მოხდებოდა, მატჩის მიმდინარეობისას "დინამოს" წარმომადგენლებს რომ არ ემარჯვათ. როგორც იცით, დაწვეს ქართული დროშა...
სიტუაცია თითქმის უმართავი გახდა პირველი ტაიმის ბოლოს. აზერბაიჯანელი ქომაგები უკვე ღიად მიგვითითებდნენ, რომ დაგვეტოვებინა ჩვენი ადგილი. რამდენიმემ ჩვენს ლეპტოპს მუჯლუგუნიც უთავაზა...
სხვა გზა აღარ იყო და ადგილი შევიცვალეთ. დავსხედით "დინამოს" ტრავმირებულ ფეხბურთელებთან (ნიკა ჭანტურია, ოთარ კაკაბაძე). იქვე იყვნენ თბილისური კლუბის ხელმძღვანელები და უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები.
აზერბაიჯანელთა აგრესიამ აპოგეას მაშინ მიაღწია, როცა "გაბალამ" პირველი გოლი გაიტანა - ქართველ ჟურნალისტებს წყალი გადმოგვასხეს. იქვე იყო "გაბალას" მზარეული, რომელმაც წყალი ბოთლებით მოიტანა - კიდევ დაასხით მაგათო...
კონფლიქტს, ხელით შეხებას უკვე აღარაფერი აკლდა, როცა დინამოელები ჩვენ შორის ჩადგნენ და საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ფასად განმუხტეს მდგომარეობა...
მატჩის დასრულების შემდეგ ისე გაგვარიდეს სტადიონს, ტერორისტებისგან თავდახსნილი მძევლები რომ გაჰყავთ. "დინამოს" ქომაგების ავტობუსი კი დაზიანდა.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, "გაბალას", დიდი ალბათობით, ბაქოში ათამაშებენ ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს, მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარი ისაა, გამოძიებულ იქნას ამ ორი თამაშისას მომხდარი ინციდენტები (შარშანდელი "ნეფთჩი"-"ჩიხურაც" არ დაგვავიწყდეს) და გაირკვეს, ვის აწყობს ორ მეზობელ და მეგობარ ქვეყანას შორის ურთიერთობის დაძაბვა.
რა თქმა უნდა, ეს შესაბამისი სამსახურების კომპეტენციაა, ჩვენი მხრივ კი, არ გამოვრიცხავთ, ეს ყველაფერი მესამე ძალის მიერ იყოს ინსპირირებულ-წახალისებული...
თამაში
რა თქმა უნდა, "დინამომ" ვერ აჩვენა ის ფეხბურთი, რომელსაც მისგან ველოდით. გია გეგუჩაძის გუნდი შებოჭილი ჩანდა. სასტარტო შემადგენლობაში ორი გამოკვეთილი ფორვარდის ყოფნის მიუხედავად, მატჩის მეტი წილი ქართულმა გუნდმა "მეორე ნომრად" ითამაშა."გაბალას" ჰქონდა ბურთიც და მომენტებიც, მაგრამ ამ ბარიერის გადალახვა მაინც შეიძლებოდა. მეორე ტაიმის მეორე ნახევარში თბილისელებმა თამაში გაათანაბრეს და იმ დღეს კარგად გამრჯე ლიბორ ჰრდლიჩკას კართან დაძაბულობამაც იკლო.
სწორედ ამ დროს ჩაერია თამაშის მსვლელობაში ფრანგი არბიტრი. თავი დავანებოთ გიორგი ქვილითაიას მიერ გატანილ გოლს, რომელიც არ ჩაითვალა. აქ ვგულისხმობთ ლაშა თოთაძის გაძევებას. ჩემი აზრია - იმ ეპიზოდში "დინამოს" მცველი ყვითელ ბარათს იმსახურებდა და არა - წითელს.
ასეა თუ ისე, ამ "დინამოს" მომავალი აქვს. მთავარია, შენარჩუნდეს ძირითადი ბირთვი და გაძლიერდეს რამდენიმე პოზიცია.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"