პირველი მატჩის დასრულების შემდეგ, რომელშიც ვასილ მაისურაძის გაწვრთნილებმა 3:0 მოიგეს, ახალგაზრდა ფეხბურთელებმა ერთმანეთზე გაიწიეს.
14 აგვისტოს მსგავსი არაფერი მომხდარა, მაგრამ იმ გაწევ-გამოწევის ექო მაინც იგრძნობოდა და შეხვედრაც დაძაბულად წარიმართა. ჯერ კიდევ მისალმების დროს პოლონელთა მეკარემ ქართველ კოლეგას ხელი არ ჩამოართვა.
ასეთი "სპორტული სულისკვეთებით" გააგრძელეს სტუმრებმა და საკმაოდაც უხეშობდნენ, განსაკუთრებით - მეორე ტაიმში. შეხვედრის არბიტრ გიორგი ყრუაშვილს იმ ჯიბიდან,
ამჯერად მაისურაძემ შემადგენლობა შეცვალა, სასტარტოში წინა მატჩის სათადარიგოები ათამაშა, ძირითადები კი შეცვლაზე შეიყვანა.
შეხვედრა ქართველების უპირატესობით დაიწყო და რამდენიმე საგოლე მომენტიც შეიქმნა: მე-20 წუთზე ნიკა ახვლედიანი საჯარიმოში მარჯვენა ფლანგიდან შეიჭრა, მცველი ცრუ მოძრაობით ჩამოიშორა და დაარტყა - პოლონელები ძელმა იხსნა.
მალე ახვლედიანმა საჯარიმოსთან გიორგი თევზაძე მოძებნა, ამან ძლიერად და ზუსტად დაარტყა, მაგრამ მეკარე ოსკარ პოგორელჩეკმა საიმედოდ ითამაშა.
ახვლედიანმა 38-ე წუთზეც სცადა მეტოქის კარის აღება, კვლავ ეფექტური მოძრაობებით დააბნია მცველები, თუმცა მიზანს ამჯერადაც ააცილა.
მეორე ტაიმის დასაწყისში პოლონელებმა უხეშობას უმატეს. 51-ე წუთზე "ჯვაროსანთა" ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშეს, ტექნიკურ და მწვავე შემტევ გიორგი ბერიძეს ისე ეუხეშნენ, ამ უკანასკნელს მოედნის დატოვება მოუწია. შემდეგ შევიტყვეთ, რომ ბერიძეს ტრავმა ორი კვირით დაასვენებს - მას კოჭი დაუზიანდა.
ამ ეპიზოდის შემდეგ უკვე ახვლედიანს მოსცხეს და კიდევ კარგი, ტრავმას ის მაინც გადაურჩა...
ამასობაში მაისურაძემ მოედანზე რამდენიმე შემტევი შეუშვა. დავით ჯიქიამ და ლუკა ზარანდიამ თამაში გაამწვავეს. ფლანგიდან იერიშებში კარგად ერთვებოდა მარჯვენა მცველი ოთარ კაკაბაძეც. ჯიქიასა და ზარანდიას პოლონელთა კარის აღებაც შეეძლოთ, მაგრამ მასპინძლები საჯარიმოში ეფექტურად და სწრაფად ვერ თამაშობდნენ, ან დარტყმის დროს სიზუსტე აკლდათ.
პოლონელებმა კი უხეშობა ვერ მოიშალეს. თუმცა მატჩის მიწურულს ორი საკმაოდ მწვავე შეტევაც განახორციელეს - ორივეჯერ გოლის გატანას მარეკ პრჟებურდსკი ცდილობდა და მეკარე ნიკა შერმადინიც გვარიანად შეაწუხა.
მატჩის მიწურულს, პოლონელთა აფრიკული წარმოშობის მოთამაშე პაველ დავიდოვიჩს არბიტრმა მეორე ყვითელი ბარათი აჩვენა და მოედანი დაატოვებინა, რაზეც სტუმართა მთავარი მწვრთნელი მარტინ შაშალი ისე ანერვიულდა, გასახდელისკენ გავარდა. თუმცა მერე შეჩერდა და გამოსასვლელიდან მიადევნა თვალი დარჩენილ წუთებს, რომლის დროსაც ასევე არაფერი შეცვლილა - 0:0.
ის ფაქტი, რომ პოლონეთი საქართველოსთან საკმაოდ უსუსურად გამოიყურებოდა, დამაიმედებლად ჩანს. ჰოდა, სწორედ იმის იმედი გვაქვს, რომ ვასილ მაისურაძის შეგირდები ამ ციკლშიც ისევე გაგვახარებენ, როგორც 17-წლამდელთა ნაკრებში თამაშით.
თუმცა საამისოდ ახლა გაცილებით მეტი მონდომება დასჭირდებათ, რადგან ორი წლით უფროსებში საქმე გაცილებით რთულდება.
U19. ამხანაგური მატჩი
14.08. მიხეილ მესხი
საქართველო-პოლონეთი 0:0
საქართველო: შერმადინი - ქებურია, გაბაძე, გურეშიძე, კუსიანი - გოროზია, აბურჯანია - ახვლედიანი, შენგელია, ბერიძე - მზევაშვილი. შეცვლაზე: კაკაბაძე, ჭანტურია, ტაბიძე, თევზაძე, ცინცაძე, ზარანდია, კიკაბიძე, პაპუნაშვილი, ჯიქია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ქართველმა და პოლონელმა 19-წლამდელებმა ჯერ ითამაშეს, შემდეგ იჩხუბეს [VIDEO]