ჩვენი 21-წლამდელები ახალ შესარჩევ ციკლს სექტემბერში იწყებენ. პირველი ორი მატჩი სტუმრად გვაქვს - 5 სექტემბერს ლუქსემბურგთან, 9-ში სლოვაკეთთან. მათ გარდა, ჯგუფში მეტოქეებად ჰოლანდია და შოტლანდიაც გვყავს.
მომდევნო ეტაპზე ჯგუფის პირველადგილოსნების გარდა, ოთხი საუკეთესო მეორეადგილოსანიც გადის. პლეი ოფი 14-დან შვიდ გუნდს გაცხრილავს, ამას დაემატება ფინალური ეტაპის მასპინძელი ჩეხეთი. ფინალური ეტაპის ოთხი საუკეთესო გუნდი კი ოლიმპიურ თამაშებზე მოხვდება.
ახლა კი პრესკონფერენცია:
- ამ ეტაპზე ეს ფეხბურთელები
- მიგაჩნიათ, რომ ისეთ ჯგუფში მოხვდით, სადაც ყველასთან შეიძლება თამაში და წარმატების მიღწევა?
- ნუ ვიტყვით იმას, რომ რთულ ჯგუფში არ მოვხვდით, ფეხბურთის თამაში ყველამ ისწავლა. საქართველოს 21-წლამდელთა ეს ნაკრები ახალშექმნილი გუნდია და გრძელვადიანი მომზადების საშუალება არ გვაქვს. ფიფას კალენდრის მიხედვით გვიწევს ფეხბურთელების გამოძახება.
როცა ჯგუფის სიძლიერეზე ვლაპარაკობთ, მთავარი ის არის, ჩვენ რას წარმოვადგენთ. ევროპული ნაკრებების 3/4 კარგად განსწავლული გუნდია და ყველა მათგანს აქვს წინსვლა.
- საბოლოოდ დადასტურდა, რომ გიორგი ჭანტურიას დისკვალიფიკაცია სანაკრებო მატჩებზე არ გავრცელდება?
- ამაზე ოფიციალური წერილი მივიღეთ. ჭანტურიას ნაკრებში თამაშის უფლება აქვს.
- ლუქსემბურგსა და სლოვაკეთზე რა ინფორმაციას ფლობთ?
- ავსტრია-სლოვაკეთის მატჩს დავესწარი, სხვა მეტოქეების მატჩების ჩანაწერებიც გვაქვს...
- რა მიზანია დასახული ამ შესარჩევ ეტაპზე?
- ნაკრები შარშან ჩავიბარე, გუნდის ბირთვს 1990-91 წლებში დაბადებული ფეხბურთელები შეადგენდნენ, თუმცა მერე აქცენტი მომავალზე გადავიტანეთ და მეტწილად 1992-93 წლებში დაბადებულ ფეხბურთელებს ვიწვევდი, იმათ, ვისაც მომდევნო შესარჩევშიც ექნებოდა თამაშის უფლება ასაკიდან გამომდინარე.
ვერ ვიტყვით, რომ დიდი ხნის შეთამაშებული გუნდი გვყავს, თუმცა ამ ნაკრებში არიან ისეთი ფეხბურთელებიც, წლობით ერთად რომ თამაშობენ. სელექცია ამით არ დასრულებულა, ის გრძელდება და თვალთახედვის არეში სხვა ფეხბურთელებიც არიან.
ლაშა დვალი ოპერაციას იკეთებს ისრაელში, ნიკა ძალამიძე ტრავმირებულია, თორნიკე ოქრიაშვილი და გიორგი ილურიძე ეროვნულ ნაკრებში არიან გამოძახებულები. რაც მეტი ახალგაზრდა ფეხბურთელი მოხვდება ეროვნულ გუნდში, მით უკეთესი.
- წლევანდელ ევროტურნირებზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელების გამოსვლაზე რას გვეტყოდით?
- გორის "დილას" ფეხბურთელებმა, ილურიძემ და კობახიძემ კარგი საერთაშორისო გამოცდილება შეიძინეს. სამწუხაროა, რომ დინამოელმა გიორგი პაპავამ არ ითამაშა "ტოტენჰემთან" საპასუხო შეხვედრაში. ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელებს ახლა სათამაშო პრაქტიკა რომ აქვთ, ეს აუცილებელია.
პარუნაშვილი, ტვილდიანი, კვეკვესკირი, ჯიღაური, გიგაური, ფანცულაია - ისინი თავიანთ კლუბებში ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელები არიან და, რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის ხელშემწყობი ფაქტორია.
ჩივაძის რჩეულნი
მეკარეები: გიორგი ნადირაძე (სპარტაკი ცხინვალი), კახა მეშველიანი (ზესტაფონი), გაბრიელ თებიძე (უგუნდოდ);
მცველები: არჩილ ტვილდიანი (სიონი ბოლნისი), მამუკა კობახიძე, გიორგი გაგნიძე (ორივე - დილა), სოლომონ კვირკველია (რუბინი, რუსეთი), თედორე გრიგალაშვილი (ზესტაფონი), დავით უბილავა (ტორპედო ქუთაისი);
ნახევარმცველები: ლაშა ჩაფიძე, ნიკა კვეკვესკირი (ორივე - სპარტაკი ცხინვალი), ლაშა პარუნაშვილი (სიონი ბოლნისი), ვალერი ყაზაიშვილი (ვიტესი, ჰოლანდია), მერაბ გიგაური (ტორპედო ქუთაისი), დავით კირკიტაძე (მეტალურგი რუსთავი), ჯამბულ ჯიღაური, ბესიკ დეკანოიძე (ორივე - ჩიხურა);
თავდამსხმელები: დავით სხირტლაძე (ორჰუსი, დანია), გიორგი ჭანტურია (ვიტესი, ჰოლანდია), ნიკა კაჭარავა (რუბინი, რუსეთი), გიორგი ფანცულაია (ტორპედო ქუთაისი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"