ალექსანდრე ჩივაძე: ჰოლანდიასთან მხოლოდ მოგება დაგვაკმაყოფილებს

AutoSharing Option
7 ოქტომბერს სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" საწვრთნელი შეკრება დაიწყო საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა.

შეგახსენებთ, რომ ჩვენი გუნდი 10 და 14 ოქტომბერს, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩებში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჰოლანდიასა და შოტლანდიას უმასპინძლებს.

ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრე ჩივაძემ კი დაანონსებული პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

"ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო მატჩები გველის ახლაც და ნოემბერშიც, როცა ჯერ 14-ში შოტლანდიას ვესტუმრებით და მერე 18-ში სახლში მივიღებთ სლოვაკებს.

შემადგენლობაში კიდევ ერთი ცვლილება მოხდა - ირაკლი ქობალიას ავადმყოფობის გამო გიორგი ქვილითაია გამოვიძახეთ. რაც
შეეხება გიორგი ილურიძეს, ორი დღის წინ მან თავისი გუნდის შემადგენლობაში ითამაშა. დღეს დავუკავშირდებით და თუ არანაირი პრობლემა არ ექნება, მასაც გამოვიძახებთ.

მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ კარგ შემადგენლობას მოვუყარეთ თავი, სათამაშო პრაქტიკის უქონლობის მხრივ, რამდენიმე ფეხბურთელს აქვს პრობლემა. თუმცა ჩვენ გვაქვს მონახაზი და გეგმა, რის მიხედვითაც ვითამაშებთ. მანამდე კი ყველაფერი ვარჯიშზე გამოჩნდება და ამაზე ბევრს ვიმუშავებთ.

ახლა მთლიანად ჰოლანდიაზე ვართ კონცენტრირებულნი. როცა შინ თამაშობ, დამაკმაყოფილებელი შედეგი მხოლოდ მოგებაა. წინასწარ ვერაფერს ვიტყვი, რადგან ბევრ რამეს თამაშის მიმდინარეობა გვაჩვენებს.

რაც შეეხებათ ოქრიაშვილსა და ანანიძეს, როგორც იცით, შეთანხმება გვაქვს ეროვნული ნაკრების მწვრთნელთან, რომ ჰოლანდიასთან თამაშის შემდეგ ისინი ესპანეთში უნდა წავიდნენ, თუმცა, ვნახოთ... მათი წასვლის შემთხვევაში, გაფართოებული სიიდან ფეხბურთელებს აუცილებლად დავიმატებთ.

მოკლედ, დღეს, საღამოს, გუნდი უკვე სრული შემადგენლობით მეყოლება".

აქვე, მეტი სიზუსტისთვის, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ახალგაზრდულ ნაკრებში გამოძახებულ ფეხბურთელთა სიას:

მეკარეები: გიორგი ნადირაძე ("სპარტაკი", ცხინვალი), კახა მეშველიანი ("ზესტაფონი"), ნიკოლოზ შერმადინი ("მეტალურგი", რუსთავი)
მცველები: არჩილ ტვილდიანი ("სიონი", ბოლნისი), მამუკა კობახიძე ("დილა", გორი), სოლომონ კვირკველია ("რუბინი" ყაზანი, რუსეთი), თედო გრიგალაშვილი ("ზესტაფონი"), დავით უბილავა ("ტორპედო", ქუთაისი)
ნახევარმცველები: ჯანო ანანიძე ("როსტოვი", რუსეთი), თორნიკე ოქრიაშვილი ("ილიჩევეცი", უკრაინა), აკაკი შულაია ("მერანი", მარტვილი), ნიკა კვეკვესკირი ("სპარტაკი", ცხინვალი), გიორგი პაპავა ("დინამო", თბილისი), ლაშა პარუნაშვილი ("სიონი", ბოლნისი), ვალერი ყაზაიშვილი ("ვიტესი", ჰოლანდია), მერაბ გიგაური ("ტორპედო", ქუთაისი), ჯამბულ ჯიღაური ("ჩიხურა", საჩხერე)
თავდამსხმელები: დავით სხირტლაძე ("ორჰუსი", დანია), გიორგი ჭანტურია ("ვიტესი", ჰოლანდია), გიორგი ფანცულაია ("ტორპედო", ქუთაისი), გიორგი ქვილითაია ("დილა", გორი).

რაც შეეხება ჩვენს პირველ მეტოქეს, ჰოლანდიის ახალგაზრდული ნაკრები თბილისში 8 ოქტომბერს ჩამოვა და პირველ ვარჯიშს საღამოს, "დინამოს" ბაზაზე გამართავს. ვარჯიში დახურული იქნება. 9 ოქტომბერს კი ჰოლანდიელები მატჩისწინა ოფიციალურ ვარჯიშს დღის 3 საათზე, "მიხეილ მესხზე" გამართავენ, რომელიც მხოლოდ მედიის წარმომადგენლებისთვის გაიღება საწყისი 15 წუთით.

ჩვენი სტუმრები მატჩისწინა პრესკონფერენციას არ გეგმავენ.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები კი "მიხეილ მესხზე" 5 საათიდან ივარჯიშებს. ჩვენი ვარჯიშიც მედიისთვის საწყისი 15 წუთით გაიღება.

სფფ-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 1 /
რეპორტაჟი იქნება?
PARFIUMER
15:34 07-10-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული