საქართველო-სერბეთი 4:4 - უფრო თვალსასეირო...

AutoSharing Option
სერბეთისა და საქართველოს 19-წლამდელთა გუნდების მეორე დაპირისპირება, პირველისგან განსხვავებით, უხვგოლიანი და თვალსასეირო გამოდგა.

ქართველი ფეხბურთელები ევროპის მოქმედ ჩემპიონს გაცილებით უკეთ ეთამაშნენ, ვიდრე ორი დღის წინათ, განსაკუთრებით პირველ ტაიმში.

მატჩის დასაწყისი ამჯერადაც ვასილ მაისურაძის შეგირდების უპირატესობითა და გოლით აღინიშნა, თუმცა პირველი სახიფათო მომენტი სერბებმა შექმნეს - კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი ზუკანოვიჩმა თავურით კინაღამ შერმადინის კარში გადაგზავნა.

"სტანდარტულების" მხრივ, სერბები კიდევ უფრო სახიფათონი იყვნენ და სასიამოვნოა, რომ მათ არც ქართველი თანატოლები ჩამორჩებოდნენ.

ანგარიში 21-ე წუთზე ცინცაძემ, ჩეჩელაშვილის კუთხურის შემდეგ თავური დარტყმით გახსნა -
1:0. აღსანიშნავია ისიც, რომ წინა მატჩში "მეორე სართულზე" პირწმინდად დაჩაგრული ქართველები ამ კომპონენტშიც უტოლდებოდნენ მეტოქეს.

ჩვენების გოლს ერთ წუთშივე ლამის გოლითვე უპასუხა პანტიჩმა, რომელიც 35 მეტრიდან ძლიერად ურტყამდა და გაიტანდა კიდეც, რომ არა შერმადინის რეაქცია. ხუთ წუთში ზარანდიას მიერ ასევე ბრწყინვალედ შესრულებული საჯარიმო რაიკოვიჩმა "ცხრიანიდან" მოხსნა.

სერბებმა საპასუხო გოლი 31-ე წუთზე გაიტანეს - რისტიჩმა შორი მანძილიდან შესრულებული საჯარიმო ხარიხას გაარტყა, უკუგდებული ბურთი კი პირდაპირ ზუკანოვიჩს მიუვიდა და - 1:1.

ქართველებმა შესვენებამდე კიდევ ორჯერ იხეირეს. 39-ე წუთზე, ისევ კუთხურიდან, ჩეჩელაშვილის ჩაწოდებულზე ყველას კერძევაძემ დაასწრო და ფეხის წვერით შეაგდო - 2:1. ამას სერბებმა კიდევ ერთი მძლავრი საჯარიმო დარტყმით (პანტიჩი) უპასუხეს, რაც შერმადინმა ძლივს მოიგერია.

44-ე წუთზე ქართველებს სწრაფი კონტრშეტევისას კერძევაძე გაჰყავდათ მეკარესთან პირისპირ და ერთადერთი, ვისაც ამაში ხელის შეშლა შეეძლო, მცველი მილოშევიჩი გახლდათ. სერბმა ეს მოახერხა კიდეც, მაგრამ კერძევაძის ფეხიდან აცლილი ბურთი მოეჭრა და საკუთარ კარში შეუგორდა - 3:1.

შესვენებისას სერბების მწვრთნელმა ხუთი ფეხბურთელი შეცვალა. სტუმრებმა ნელ-ნელა სათავისოდ შემოატრიალეს თამაში, რაშიც მასპინძლებიც "დაეხმარნენ". მაისურაძის გუნდში შეცდომებმა იმატა, დაირღვა ზონებს შორის შეთანხმებული მოქმედება და დაცვაც ზედიზედ რამდენჯერმე ჩავარდა, პლუს ამას, მეკარეც ხშირად არადამაჯერებელად გამოიყურებოდა...

ამას კი შედეგად მოჰყვა ის, რომ 12-წუთიან მონაკვეთში 3 გოლი გავუშვით, თანაც სხვადასხვა ვითარებაში - საშუალო დისტანციიდან უძლიერესი დარტყმით (მილინკოვიჩ-სავიჩი, 3:2), ინდივიდუალური რეიდის საშუალებით (გაჩინოვიჩი, 3:3) და გრძელი პასის შედეგად მეკარესთან პირისპირ გასვლით (სიმიჩი, 3:4).

დარჩენილ დროში ერთობ ფიცხი პაექრობა გაჩაღდა. ორივე კართან იქმნებოდა სახიფათო მომენტები, მაგრამ იერიშები ქაოსური იყო, დაიკარგა სათამაშო დისციპლინა, თან ფეხბურთელებმა სიხისტესაც უმატეს.

მატჩის ფინიში საკმაოდ დაძაბული იყო - არბიტრი ხშირად აფრიალებდა ყვითელ ბარათს, უკანასკნელ წუთზე კი ოთარ ხეცაძემ პენალტის ნიშნულისკენ გაიშვირა ხელი - სერბთა საჯარიმოში აბურჯანიას წინააღმდეგ უხეშობისთვის დანიშნული 11-მეტრიანი ახვლედიანმა გოლად აქცია - 4:4.

11.10. გორი. თენგიზ ბურჯანაძე. 1000 მაყურებელი
საქართველო-სერბეთი 4:4
1:0 ცინცაძე (21. ჩეჩელაშვილის პასით), 1:1 ზუკანოვიჩი (31), 2:1 კერძევაძე (39. ჩეჩელაშვილის პასით), 3:1 მილოშევიჩი (44-საკ. კარში), 3:2 მილინკოვიჩ-სავიჩი (68), 3:3 გაჩინოვიჩი (75), 3:4 სიმიჩი (79), 4:4 ახვლედიანი (90+3)
საქართველო (4-2-3-1): შერმადინი, კაკაბაძე, გურეშიძე, თებიძე (74. ჭანტურია), კუსიანი (86. თევზაძე), ჩეჩელაშვილი (46. აბურჯანია), ცინცაძე, ზარანდია (69. მზევაშვილი), შენგელია (69. ახვლედიანი), ბერიძე, კერძევაძე (76. კიკაბიძე).
სათადარიგოები: ქურდაძე, გაბაძე, ჯიქია, გელაშვილი
მწვრთნელი: ვ. მაისურაძე
სერბეთი (4-4-1-1): რაიკოვიჩი (46. დრობნიაკი), ვიკო, ცვეტკოვიჩი (46. მარასი), ბაბიჩი, მილოშევიჩი (46. ანტონოვი), რისტიჩი (63. სიმიჩი), ზდჟელარი (46. მილინკოვიჩ-სავიჩი), მაქსიმოვიჩი, მანდიჩი (46. გაჩინოვიჩი), პანტიჩი (63. მიხაილოვიჩი), ზუკანოვიჩი (63. ილიჩი).
სათადარიგო: იოვანოვიჩი
მწვრთნელი: ვ. პაუნოვიჩი
გაფრთხილება: მილოშევიჩი (17), ცინცაძე (22), მიხაილოვიჩი (76), ილიჩი (81), ჭანტურია (83), მაქსიმოვიჩი (85)
არბიტრი: ო. ხეცაძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული