U21. საქართველო-შოტლანდია 2:1 - ჩივაძემ მიზანში მოარტყა [VIDEO]

AutoSharing Option
შოტლანდიასთან გამარჯვებით ქართველმა ახალგაზრდებმა ჯგუფიდან გასვლის შანსი შეირჩინეს, 10 ოქტომბერს ჰოლანდიასთან 0:6-ის მერე ნაწილობრივი რეაბილიტაცია მოახდინეს და საინტერესო გუნდის იმიჯიც შეინარჩუნეს.

ეს გამარჯვება, სატურნირო მდგომარეობის გარდა, იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების დამრიგებელმა და ფეხბურთელებმა თვითდაჯერებულობა განიმტკიცონ.

ალექსანდრე ჩივაძეს შემადგენლობის შეცვლა მოუხდა - ზოგი მოთამაშე დისკვალიფიკაციის გამო მოისაკლისა, ზოგიც ოჯახური პრობლემების გამო, ზოგიც შეკრებაზე ვერ ჩამოვიდა გაუგებარი მიზეზით, ზოგიც ტრავმის გამო გამოაკლდა.

დაცვის მარჯვენა ფლანგზე ჩივაძემ "ზესტაფონის" მცველი თედორე გრიგალაშვილი გაამწესა. გრიგალაშვილი საქართველოს ჩემპიონატში უ
დავოდ ერთ-ერთი გამორჩეული ახალგაზრდა მცველია და 14 ოქტომბერს ისიც დაამტკიცა, რომ საერთაშორისო დონეზეც შეუძლია ღირსეულად თამაში.

დისკვალიფიცირებული ნიკა კვეკვესკირის ნაცვლად, ჩივაძემ დაცვის ცენტრში მამუკა კობახიძეს სოლომონ კვირკველია შეუწყვილა.

Sportall.Geცვლილებები იყო ნახევარდაცვასა და შეტევაშიც. თუ ჰოლანდიასთან შეხვედრაში ვალერი ყაზაიშვილი გამთამაშებელი იყო, შოტლანდიასთან მარცხენა გარემარბად მოგვევლინა, საყრდენი ნახევარმცველების წინ კი ჩივაძემ ადგილი ჯაბა ჯიღაურს არგუნა, ვინც ახლა "დინამოდან" "ჩიხურაშია" განათხოვრებული.

საინტერესო ცვლილება იყო ცენტრფორვარდის პოზიციაზე - დავით სხირტლაძის ნაცვლად, ჩივაძემ ეს პოზიცია გიორგი ქვილითაიას ანდო. ეს რისკიანი გადაწყვეტილება იყო, რადგან ქვილითაიას კლუბში მწირი სათამაშო პრაქტიკა აქვს - გორის "დილაში" შეცვლებზე თუ უწევს თამაში.

ქვილითაია "სასკოს" აღზრდილია, სადაც რამდენიმე პოზიციაზე უწევდა თამაში, ბოლოს კი თავდასხმაში ირჯებოდა; შემდეგ უნგრულ "დიორში" წავიდა, მაგრამ იქიდან ისევ სამშობლოში დაბრუნება მოუწია...

14 ოქტომბერს ქვილითაიამ სასარგებლოდ ითამაშა, თითქმის ყველა ბურთი მიიღო და დაამუშავა. ისეთი თავდამსხმელია, გუნდის ამოყვანა რომ შეუძლია - რბილი, ტექნიკური და გონიერი. ანუ ჩივაძემ ქვილითაიას მოედანზე გაყვანით მიზანში ზუსტად მოარტყა.

ქართველი ახალგაზრდები შეტევაში თავქუდმოგლეჯილები არ წასულან, ბურთის გაგორებასა და სქოთთა დაცვაში ღრიჭოების მოძებნას ცდილობდნენ. ბურთის გორების მერე შეტევა გიორგი ჭანტურიას უნდა გაემწვავებინა მარჯვენა ფლანგიდან - ასეთი იყო სტრატეგია.

პირველი საგოლე მომენტები კი შოტლანდიელებმა შექმნეს: სტივენ მეიმ კვირკველიას მოუგო ორთაბრძოლა, საჯარიმოში შეიჭრა, მერე სტიუარტ არმსტრონგმა დაარტყა - ჩვენი გუნდი ჯერ გიორგი ნადირაძემ იხსნა, მერე - ძელმა.

...ჭანტურიამ ერთი-ორჯერ თავბრუ დაახვია მცველებს. იყო ეპიზოდი, როცა ერთი მეტოქე ჩამოიცილა, კარისკენ დაარტყა და ბურთს მეორე მცველი გადაეღობა, უკუგდებულს კი გიორგი პაპავამ დაამატა - დარტყმა არაზუსტი გამოდგა, თუმცა ამით ქართველებმა სტუმრებს ის ძალა დაანახვეს, რაც შოტლანდიას უნდა ეგრძნო - ფსიქოლოგიური ფაქტორი ხომ ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

...ჭანტურიას კუთხურს ყაზაიშვილი დაუხვდა, მაგრამ შორეული "ცხრიანისკენ" არაზუსტად გაგზავნა ბურთი. მომდევნო კუთხურის შემდეგ კი სტუმართა საჯარიმოში არეულობა შეიქმნა, ქვილითაიამ არაზუსტი დარტყმით კარგი შანსი გაფლანგა.

გოლი კი ასე გავიდა - ქვილითაიამ მკერდით კარგად მიიღო ბურთი, გამოთავისუფლებულ ზონაში ყაზაიშვილი შეიჭრა, ქვილითაიას პასი შეირგო და ოციოდე მეტრიდან ბურთი შორეულ დაბალ კუთხეში გაახვია.

მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, ჭანტურიამ მარჯვენა ფლანგზე რომ იჩაუქა, დაბალი ბურთი მოსხიპა და შოტლანდიელთა მეკარე ჯორდან არჩერმა კუთხურზე მოიგერია.

ქვილითაიამ და ყაზაიშვილმა ერთმანეთს კარგად გაუგეს და რამდენიმე კარგი კომბინაცია მეორე ტაიმშიც გაითამაშეს. ყაზაიშვილი-ქვილითაია-ყაზაიშვილი და ჯიღაურის შორეული დარტყმა - ასე გავიდა მეორე გოლი სქოთების კარში, ისევ მეკარისგან მარჯვენა დაბალ კუთხეში.

ყველანაირი უპირატესობა უკვე ჩვენს მხარეს იყო და გაჩნდა ანგარიშის გაზრდის ჩინებული შესაძლებლობაც: ყაზაიშვილის დარტყმული ხელზე მოხვდა ერთ-ერთ მცველს. პენალტი ჭანტურიამ დაარტყა და გაიტანა კიდეც (მეკარემ საპირისპირო მხარეს ისკუპა), თუმცა... მსაჯმა გოლი არ ჩათვალა, რაკი შოტლანდიელი მცველი დარტყმამდე შევიდა საჯარიმოში.

ჭანტურიას განმეორებითი დარტყმის დროს კი მეკარემ კუთხე გამოიცნო და ბურთი კარში არ შეუშვა. დავკარგეთ შანსი, რომ თამაში მშვიდად მიგვეყვანა გამარჯვებამდე...

ჩვენი ნაკრები თითქოს დაცხრა, მეტოქეს კი ნიათი მოემატა. გადმოვარდნილ ბურთს შეცვლაზე შესულმა ლიუის მაკლეოდმა დაახვედრა ძლიერი, შორეული დარტყმა და ანგარიშში სხვაობა შეამცირა.

ამის მერე, ცოტა არ იყოს, დაიძაბა სიტუაცია, მწვავე ეპიზოდები ორივე კართან შეიქმნა, ოღონდ, რასაც რეალური საგოლე მომენტი ჰქვია, აღარ გვინახავს - 2:1.
იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge

იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge
კომენტარები მატჩის შემდეგ
ალექსანდრე ჩივაძე: ბრიტანელებთან უპირატესობა ასე უნდა შეიქმნა
გიორგი ჭანტურია: მაყურებელს ბოდიში უნდა მოვუხადო
გიორგი ქვილითაია: თამაშის წინ ბატონი საშა ადამიანურად დაგველაპარაკა
ლაშა პარუნაშვილი: შოტლანდია ისეთი ძლიერი არ აღმოჩნდა, როგორსაც ველოდით
გიორგი ნადირაძე: 0:6-ის შემდეგ მეკარისთვის მოედანზე გასვლა ძალიან მძიმეა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული