ჩვენი ნაკრები სასტუმრო "ბომონდ გარდენში" ცხოვრობს და ყოველდღე სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" გადის წვრთნას. 7 ნოემბერს იქ მედიისთვის ღია ვარჯიში ჩატარდა, რის შემდეგაც მაისურაძემ "ლელოს" ინტერვიუ მისცა:
- როგორ მიდის მზადების პროცესი?
- სრულფასოვანი ვარჯიშები გვაქვს. პრობლემები არ არის, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ სრული შემადგენლობით ჯერ არ შევკრებილვართ. 9
- იმედი გქონდათ, რომ გუნდები პრობლემებს არ შეგიქმნიდნენ...
- გუნდებისაც მესმის. ეს ფეხბურთელები მათაც სჭირდებათ და ამიტომ ვერ გამოუშვეს. დროულად მხოლოდ თბილისის "დინამოს" მოთამაშეები შემოგვიერთდნენ.
- საბოლოო განაცხადს როდის გამოაქვეყნებთ?
- ჯერ უნდა ვნახოთ, ვინ როგორ კონდიციებშია. პირველი თამაში 13 ნოემბერს გვაქვს. 9-ში რომ მოვლენ ბაზაზე, ერთი დღე აღდგენისთვის დასჭირდებათ. მე ის მადარდებს, იქნებიან კი ამ მატჩისთვის მზად? ამიტომაც ვერ ვამბობ ჯერ, ვინ დარჩება და ვინ - არა. ჯერ მაინც სელექციის პროცესია და ახალი ფეხბურთელებიც მრავლად გვყავს.
- მეტოქეებზე რა ინფორმაციები გაქვთ?
- სამწუხაროდ, უელსზე არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს, მათი მატჩების ფირიც ვერ მოვიძიეთ. არ ვიცი, დაგვიმალეს თუ რა მოხდა, მაგრამ ასეა. ჰოლანდიასა და მოლდოვას კი მეტ-ნაკლებად ვიცნობთ.
- ჰოლანდიას ამჯერადაც ვერ ავცდით...
- 13 ნოემბერს, "მიხეილ მესხზე" უელსს ვხვდებით. გამომდინარე იქიდან, რომ მათზე ინფორმაცია არ გვაქვს, მთავარი აქცენტიც სწორედ ამ თამაშზე გავაკეთეთ. მერე მოლდოვას ვხვდებით, ბოლოს კი - ჰოლანდიას. ამიტომ ჰოლანდიაზე მხოლოდ მატჩამდე ვიფიქრებთ.
საერთოდ, გაუმართლებელი მგონია ამ შეხვედრით ბიჭების გონების გადატვირთვა. ჩვენი შესაძლებლობები სამივე მეტოქესთან სრულად უნდა გამოვავლინოთ და იმედია, ქომაგების გახარებას შევძლებთ.
- 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლებით დაგვიბრუნდით. ეს არის თქვენივე დაწესებული თამასა. ახლა გულშემატკივარი, მინიმუმ, ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ელის...
- ტურნირის მოახლოებასთან ერთად, ვგრძნობ, რომ ჩვენი გუნდის თამაშის ხარისხი უმჯობესდება. ცხადია, თავადაც გვსურს, რომ შარშანდელი წარმატება გავიმეოროთ, მაგრამ ისიც არ მინდა, რომ მხოლოდ ამაზე ვილაპარაკოთ. ამიტომ მედიასთან თხოვნა მექნება - მაინცდამაინც ნუ დავაყენებთ საკითხს ისე, რომ ჰოლანდიასთან აუცილებლად უნდა მოვიგოთ. ესენი ჯერ ბავშვები არიან, კარიერას ახლა იწყებენ და თითოეულ სიტყვას განსაკუთრებით განიცდიან. უელსსა და მოლდოვასთან კი აუცილებლად "პირველ ნომრად" ვითამაშებთ. ამის გარანტიას გაძლევთ.
- რატომ არ არის გუნდში აკაკი შულაია, რომელიც წლეულს მარტვილის "მერანში" ძალიან კარგად თამაშობს?
- სამწუხაროდ, ტრავმა აქვს, თორემ მისი გამოძახება ნამდვილად მსურდა.
- საკმაოდ ბევრი მოთამაშე დადგენილზე ერთი წლით უმცროსია...
- მიმაჩნია, რომ მათ გუნდში კონკურენციის გაზრდა შეუძლიათ, მაგალითად, კერძევაძეს, ზარანდიას, ტაბიძეს, თევზაძეს... სამიდან ორი მეკარე კი სულაც ორი წლით პატარაა - გოშაძე და ქურდაძე 1997 წელს არიან დაბადებულები. ვწუხვარ, რომ ამ ასაკის მეკარეებიდან მხოლოდ ერთი, ნიკა შერმადინი შევარჩიე.
- ევროპის ჩემპიონატზე ნათამაშები ალეკო ადამია ამჟამად სად არის?
- სამწუხაროდ, უგუნდოდაა.
* * *
შეგახსენებთ, რომ მაისურაძემ შეკრებაზე 24 ფეხბურთელი გამოიძახა, რომელთაგან შესარჩევისთვის 18 საუკეთესოს აარჩევს.
მეკარეები: ოთარ გოშაძე, ბექა ქურდაძე (ორივე - საბურთალო), ნიკა შერმადინი (მეტალურგი);
მცველები: ალექსანდრე გურეშიძე, გიგა სამხარაძე, ოთარ კაკაბაძე (ყველა - დინამო), ნიკა ჭანტურია, გიორგი გაბაძე (ორივე - ტორპედო), ჯემალ ტაბიძე (საბურთალო), გიორგი გაფრინდაშვილი (დილა 2);
ნახევარმცველები: გიორგი გოროზია, მათე ცინცაძე, ნიკოლოზ ახვლედიანი, ლუკა კიკაბიძე (ყველა - ტორპედო), ჭიაბერ ჭეჭელაშვილი, გიორგი პაპუნაშვილი (ორივე - დინამო 2), გიორგი აბურჯანია (დილა), გიორგი თევზაძე (საბურთალო), ლევან შენგელია (დილა 2);
თავდამსხმელები: დავით ჯიქია, ალეკო მზევაშვილი (ორივე - ტორპედო), ლუკა ზარანდია (ლოკომოტივი), ილია კერძევაძე (დილა 2), დავით დარციმელია (ალგეთი, მარნეული).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"