U21. საქართველო-სლოვაკეთი 1:3 - გაფლანგული შანსი [VIDEO]

AutoSharing Option
სამწუხაროა, რომ ამ მატჩის ირგვლივ შექმნილი მაღალი ემოციური ფონი და ქართველ გულშემატკივარში არსებული იმედიანი განწყობა ამაო გამოდგა.

რამდენიმე დღის წინათ შოტლანდიასთან ნათამაშები საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა ალექსანდრე ჩივაძემ სასლოვაკეთოდ მხოლოდ ერთი ფეხბურთელით შეცვალა - პაპავას ნაცვლად ძირითადში ქვილითაიამ ითამაშა, რომელიც მწვრთნელს ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე ჰყავდა გამწესებული.

პირველი ხიფათი და მისგან გამოწვეული შეშფოთება უკვე მე-5 წუთზე იგრძნო გორის სტადიონზე შეკრებილმა მაყურებელმა. სტუმრებმა შრანცი მახვილგონივრული პასით გაიყვანეს მეკარესთან პირისპირ. სლოვაკმა გოლკიპერსაც აუარა გვერდი, მაგრამ მის მიერ დარტყმული ბურთი მარცხენა მცველმა უბილავამ ცარიელი
კარიდან გამოიტანა.

საწყის ათწუთეულში სათამაშო რიტმს სლოვაკები კარნახობდნენ. ქართველებმა ცოტა ხანში შეძლეს მდგომარეობის დალაგება და ზედიზედ რამდენჯერმე შექმნეს კიდეც საგოლე სიტუაცია ლე გიანგის კართან. ამ უკანასკნელმა ჯერ ქვილითაია-ყაზაიშვილი-ჭანტურიას კომბინაცია განმუხტა, ხოლო შემდეგ ანანიძის კარგი დარტყმა კუთხურზე მოიგერია.

Sportall.Geმასპინძლები გოლთან ყველაზე ახლოს მე-14 წუთზე იყვნენ, თუმცა ჭანტურიას ზუსტი პასი კარის სიახლოვეს მეტად სახეირო პოზიციაში მყოფმა ქვილითაიამ ვერ გამოიყენა.

საქართველოს ნაკრების უპირატესობა 22-ე წუთზე გოლად ყაზაიშვილმა აქცია. "ვიტესის" შემტევმა ბურთი მოედნის ცენტრთან მიიღო, საჯარიმოს მისადგომებამდე მიიტანა და ლე გიანგს მარცხენა დაბალ კუთხეში გაუტანა - 1:0.

ქართველთა შეტევის ხაზი ტაიმის შუაწელამდე რიგიანად ირჯებოდა. განსაკუთრებით, ყაზაიშვილი და ჭანტურია აწუხებდნენ სლოვაკებს. მართალია, ქვილითაია სტუმართა მცველებს დიდი ყურადღების ქვეშ ჰყავდათ, მაგრამ ისიც ახერხებდა ხოლმე ხიფათის შექმნას. ასეთი ვითარება ანგარიშში წონასწორობის აღდგენამდე თვალშისაცემი იყო.

25-ე წუთზე ქართველთაგან უყურადღებოდ დატოვებული მესაროშის მიერ გატანილი გოლისა და ანგარიშში წონასწორობის აღდგენის შემდგომ მასპინძლებმა შეცდომებს მოუხშირეს. ამ მხრივ განსაკუთრებით დაცვის ხაზი "გამოირჩეოდა".

სლოვაკები მიმართავდნენ შეფარულად ხისტ თამაშს, რისი საშუალებითაც კარგად ხერხდებოდა ჩივაძის გუნდის მიერ წამოწყებული იერიშების ჩაშლა და თამაშის ტემპის კონტროლი. რატომღაც, ამას ნაკლებად აქცევდა ყურადღებას ბულგარელი არბიტრი, რომელიც ყვითელი ბარათის გამოყენებისგან თითქოს თავს იკავებდა...

მეორე ნახევარში ჩივაძემ ანანიძის ნაცვლად პაპავა შეუშვა მოედნის ცენტრში, იქამდე საკმაოდ აქტიურმა ყაზაიშვილმა კი ანანიძის პოზიციაზე (მარცხენა ფლანგი) გადაიწია, მაგრამ იქ ეს ფეხბურთელი, შეიძლება ითქვას, ჩაიკარგა. ვერც ქვილითაიას ნაცვლად გამოსულმა სხირტლაძემ დაგვამახსოვრა თავი.

ამასობაში კი სლოვაკმა დუდამ ერთი გოლის ასისტენტობას, 62-ე წუთზე მეორე გოლი თავადვე მიაყოლა - საჯარიმოს სიახლოვიდან მის მიერ დარტყმული ერთ-ერთ ფეხბურთელს ოდნავ შეეხო და ბურთი ბადეში გაეხვია.

შეგირდების თამაშით უკმაყოფილო ჩივაძემ მოედნის კიდიდან ხმამაღალი მითითებებით სცადა მობურთალთათვის მინიშნებების გაკეთება, მაგრამ ამან თამაშის ხასიათი ვერ შეცვალა - ქართველები, ძირითადად, უხიფათოდ უტევდნენ, სლოვაკები კი სწორად ანეიტრალებდნენ მოწინააღმდეგის იერიშებს, დროულად აზღვევდნენ ერთმანეთს და საიმედოდ აკონტროლებდნენ საკუთარი კარის მისადგომებს...

ოღონდ, 74-ე წუთზე იყო ეპიზოდი, როცა საქართველოს ნაკრებს მატჩის შემოტრიალების შანსი უნდა მისცემოდა და რამაც სამართლიანი პროტესტი გამოიწვია - ინდივიდუალური რეიდით საჯარიმოში შეჭრილი ჭანტურია ზუსტად პენალტის ნიშნულთან ბურთის ართმევისას მცველმა წააქცია, არადა, ლე გიანგთან პირისპირ რჩებოდა. მსაჯმა ამ ეპიზოდში წესების დარღვევა ვერ შენიშნა.

ხალხი ძლიერ აღელდა, ჭანტურიამაც მძაფრად გააპროტესტა მსაჯის ამგვარი გადაწყვეტილება, თუმცა ამით ვერაფერს ეშველა...

დარჩენილ დროში ერთხელ ყაზაიშვილმა და ერთხელაც ჭანტურიამ კიდევ შეძლეს მეტოქის კარზე საგოლედ დამუქრება, მაგრამ უშედეგოდ. იერიშებზე გადართულ ქართველებს დამატებულ მესამე წუთზე მარიჩის სწრაფი კონტრშეტევა გამოეპარათ - სლოვაკი ფლანგზე გაიჭრა, იქ კვირკველიას გასცდა და საჯარიმოში ეულად მყოფი შრანცი მოძებნა. ყველაფერი მარტივად მოხდა - 1:3.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
ამ მოგებით სლოვაკებმა პლეი ოფისკენ გაივაკეს, რაც მათი ქართველი თანატოლებისთვის ამ ეტაპზე დაუძლეველ აღმართად რჩება.

Sportall.Ge

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული