რატომ წამოვიდა ირაკლი კომახიძე ყაზანის "რუბინიდან"?

AutoSharing Option
ქობულეთის "შუქურაში" მიმდინარე სიახლეებზე ლაპარაკისას, კლუბის დირექტორმა რევაზ ჩელებაძემ გაგვიმხილა, რომ შესაძლებელი იყო, ირაკლი კომახიძეს კარიერა უცხოეთში გაეგრძელებინა.

მისი თქმით, ირაკლი ყაზანის "რუბინის" მთავარ გუნდთან ერთად პორტუგალიურ შეკრებაზე გაემგზავრა. ჩელებაძე იმედოვნებდა, რომ 18 წლის ფლანგის შემტევი თავს გამოიჩენდა და ყაზანელებთან კონტრაქტს გააფორმებდა. ამის გამო კომახიძე საქართველოს 19-წლმდელთა ნაკრების შეკრებაზე ვერ გამოცხადდა, თუმცა...

მოულოდნელად, ბულგარეთის ნაკრებთან 24 იანვრის ამხანაგურ შეხვედრაში გიორგი ყიფიანის შერჩეულ სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა.

"რუბინში" ჩარიცხვის დიდი იმედი მქონდა, მაგრამ მერე მითხრეს, რომ იურიდიული საკითხების გამო ეს საკითხი იწელებოდა.
ბოლოს გაირკვა, რომ ამ ეტაპზე ყაზანის კლუბში ჩემი ჩარიცხვა ვერ ხერხდებოდა და წამოსვლა მომიწია.

სამი დღის წინ ჩამოვედი და მაშინვე ნაკრებს შევუერთდი", - ამბობს კომახიძე.

ამის მიუხედავად, ახალგაზრდა ფეხბურთელი იმედიანადაა განწყობილი:

"არ იყო სასიამოვნო, რაც მოხდა, მაგრამ არაფერია, ცხოვრება ამით არ მთავრდება. 19-წლამდელთა ნაკრებს ძალიან საპასუხისმგებლო თამაშები ელის. ისიც ვიცი, რომ "რუბინი" კიდევ დამაკვირდება. ვიშრომებ, გავიზრდები...

იმედია, ნაკრებსაც გამოვადგები და მჯერა, უცხოეთში წასვლას მოვახერხებ".

კომახიძეს კომენტარი ბულგარელ თანატოლებთან სპარინგზეც ვკითხეთ:

"გუნდს ახალი მწვრთნელი ჰყავს, მოსამზადებელი ეტაპიც მიმდინარეობს და ცხადია, საუკეთესო ფორმაში არ ვართ. ეს ჩვენს თამაშსაც დაეტყო. ელიტრაუნდის შეხვედრები მარტში გველის, სადაც ძალიან სერიოზული მეტოქეები გვეყოლება.

მაგრამ კარგად თუ მოვემზადებით, მჯერა, ღირსეულად ვითამაშებთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული